შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე კვაჭაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ორაგვე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1918 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სწავლა შეწყვიტა და სახალხო გვარდიის საგანგებო ბატალიონში ჩაირიცხა. მონაწილეობდა იმ დროის ყველა მნიშვნელოვან ბრძოლაში. შავიზღვისპირეთის ფრონტზე ბოლშევიკებს ტყვედ ჩაუვარდა და დახვრეტა მიუსაჯეს, მან გაქცევა მოახერხა და კვლავ სამხედრო სამსახურს დაუბრუნდა. 1921 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, მუშაობდა მასწავლებლად ლანჩხუთის საშუალო სკოლაში; 1924 წლიდან ბათუმში ხელმძღვანელობდა მთავარი პოლიტგანათლების სასკოლო განყოფილებას. 1925 წელს, სწავლის გასაგრძელებლად, სტამბოლის გავლით არალეგალურად გაემგზავრა საფრანგეთში. სწავლობდა ჯერ სორბონის უნივერსიტეტში, შემდეგ პარიზის კათოლიკურ უნივერსიტეტში. იქვე, 1933 წელს, მიენიჭა დოქტორის ხარისხი ფილოსოფიურ თეოლოგიაში. 1935 წელს საქართველოში დაბრუნდა და ფრანგული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად დაიწყო მუშაობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გარკვეული პერიოდი განიცდიდა დევნას. 1950-იანი წლებიდან გარდაცვალებამდე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკის ინსტიტუტში, ა. ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. დაამუშავა ფრანგული ენის სწავლების მეთოდიკის საფუძვლები. არის სამეცნიერო ნაშრომების და სახელმძღვანელოების ავტორი. ქართულად თარგმნა ჟან-ჟაკ რუსოს "ემილი ანუ აღზრდის შესახებ", იან კომენსკის "დიდი დიდაქტიკა" (დ. ლორთქიფანიძესთან ერთად), კონსტანტინე უშინსკის რჩეული პედაგოგიური თხზულებები. პროფესორი, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი (1962). წყარო: kvirispalitra.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |