The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვერა ბურჯანაძე

ვერა ბურჯანაძე
სხვა სახელი:ფაცო ბურჯანაძე
ფაცურა ბურჯანაძე
დაბადების თარიღი:1907
გარდაცვ. თარიღი:1990  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ობჩა, ბაღდათის რაიონი.

მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს დასავლეთ საქართველოში, ერთიანი ანტისაბჭოთა აჯანყების  "სვირის" ამბოხში.  იმერეთში აჯანყების ჩახშობას და მასობრივ დახვრეტებს, სხვა ასობით მებრძოლსა და მოქალაქესთან ერთად, ვერას ძმა – ლადიკო ბურჯანაძეც ემსხვერპლა. ვერა დააპატიმრეს, თუმცა ნოემბრის ამნისტიამ მოუსწრო და გაათავისუფლეს. ვერას ძმები - ვლადიმერი (ლადიკო) და შალვა აქტიურად იყვნენ ჩაბმული წინააღმდეგობის იატაკქვეშა ქსელში; ისინი საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები იყვნენ და ბაღდათის, სვირისა და ქუთაისის ზონებში მოქმედებდნენ; ერთმანეთთან აკავშირებდნენ ორგანიზაციებს, ტყეში გასულ მებრძოლთა ჯგუფებს სურსათითა და ინფორმაციით ამარაგებდნენ და მომავალი შეიარაღებული გამოსვლისთვის ემზადებოდნენ. აჯანყების დამარცხების შემდეგ, ქუთაისის ჩეკას საკანში ორთვიანი პატიმრობისას, ვერა ბურჯანაძემ სარდაფშივე დაიწყო დაპატიმრებულთა შორის "ციხის ტელეგრაფით" (ციხის კამერებს შორის კედლებზე კაკუნის სპეციალური კოდით შეტყობინებების სისტემა, რომელიც რუსეთის ყოფილი იმპერიის პოლიტპატიმრების თაობებისთვის ცნობილი ინსტრუმენტი იყო) კავშირის აღდგენა და მათი ორგანიზება. ამნისტიით გათავისუფლების შემდეგ ვერა, ისევე, როგორც გადარჩენილთა უმრავლესობა, კვლავ იატაკქვეშა ორგანიზაციების აღდგენას შეუდგა და 1924 წლის აგვისტოს მძიმე მსხვერპლის მიუხედავად, ჯიუტად აგრძელებდა მოსახლეობაში საბრძოლო სულისკვეთების გაღვივებას, დაზარალებულთა დასახმარებლად შემოწირულობების შეგროვებასა და მოქალაქეების ანტისაბჭოთა ლიტერატურით მომარაგებას. 1926 წლის 22 დეკემბერს, იატაკქვეშელთა ჯგუფთან ერთად ვერა ისევ დააპატიმრეს. თბილისში, 1927 წლის 16 მაისს საქართველოს სსრ და ამიერკავკასიის სფსრ "გეპეუს" ადმინისტრაციული გადასახლების კოლეგიამ ვერას, როგორც გამოუსწორებელ მოწინააღმდეგეს და იატაკქვეშეთის ავტორიტეტულ ორგანიზატორს, 3 წლით გადასახლება მიუსაჯა რსფსრ-ის საკონცენტრაციო ბანაკებში. დანიშნულების ადგილამდე ხანგრძლივი ეტაპირებისას, ვერა, გარკვეული პერიოდით, მოსკოვში, "ბუტირკაში" (Бутырка (Бутырская тюрьма) გააჩერეს. შემდეგ იყო ხანგრძლივი გადასახლება ციმბირში – მინუსინსკში (ქალაქი რუსეთის ფედერაციაში, კრასნოიარსკის მხარეში, აღმოსავლეთ ციმბირში), სადაც უკვე ქართველ პოლიტპატიმართა "კოლონია" - სათვისტომო იყო ჩამოყალიბებული. გადასახლებაში მოხვდა ასევე ვერას უმცროსი ძმა – შალვა ბურჯანაძეც. მინუსინსკში ვერა პოლონელ პოლიტპატიმარ ქირურგზე დაქორწინდა, რომელიც მალე დახვრიტეს. შემდეგ დაქორწინდა პოლიტპატიმარ ბესარიონ (ბესო) კვანტალიანზე, რომელიც ასევე 1927 წლიდან იყო გადასახლებული შორეულ ბანაკებში. 1936 წელს ისინი საქართველოში – სამტრედიაში დაბრუნდნენ. "დიდი საბჭოთა ტერორის" დასაწყისშივე, 1937 წლის 27 ივლისს ვერას და ბესოს ოჯახსაც მოაკითხეს - შინსახკომის განსაკუთრებულმა სამეულმა, "ტროიკამ", 1937 წლის 8 სექტემბერს ბესო კვანტალიანს დახვრეტა მიუსაჯა, ხოლო ვერა კვლავ 10 წლით გადაასახლეს "შრომა-გასწორების კოლონიაში","გულაგის" უზარმაზარი ქსელის ერთ-ერთ კუნძულზე – არხანგელსკის ოლქში, კარგოპოლის "ლაგერში" ვერამ გადასახლებაში 1937 წელს მისჯილ 10-წლიან ვადაზე დამატებით კიდევ 4 წელი მოიხადა და 1951 წელს დაბრუნდა საქართველოში. სტაჟიან პოლიტპატიმარს თავისი მრწამსი, პრინციპები და ახალგაზრდული შემართება ვერც 25 წლის ტყვეობამ, ვერც ოჯახის მოსპობამ და ვერც "თავისუფლებაზე" "კაგებეს" გამუდმებულმა ზედამხედველობამ დაათმობინა. ვერა ბურჯანაძე 1990 წელს გარდაიცვალა. მიღებული ჰქონდა სამედიცინო განათლება და გადასახლებაში ციხის საავადმყოფოებში მუშაობდა ექთნად. 

წყარო: gfsis.org


გააზიარე: