The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ შარვაშიძე

მიხეილ შარვაშიძე
Other name:მიქაელ შარვაშიძე
მიხეილ ჩაჩბა
ხამუთ-ბეი
Date of birth:1806
Date of death:1866  (at 60 years)
Burial location:მოქვის ტაძარი, ოჩამჩირეს რაიონი, აფხაზეთი
Category:Nobleman, Historical Person, Military Person

Biography

აფხაზეთის მთავრის, გიორგი II შარვაშიძის (1810–1821) და სამეგრელოს მთავრის, კაცია II დადიანის (1757—1788) ასულ, თამარ დადიანის მეორე ვაჟი. იზრდებოდა უბიხების წინამძღოლ ჰაჯი ბარზეგ დაგუმოყვასთან. მამის ნებით მიიღო ქრისტიანობა და გაგზავნილ იქნა თბილისში კავკასიის ცალკეული კორპუსის (Отдельный Кавказский корпус) მთავარსარდლის შტაბში. განათლება მიიღო რუსეთში. 1821 წელს, აფხაზეთის მთავრის გიორგი II შარვაშიძის - საფარ-ბეის გარდაცვალების შემდეგ, აფხაზეთის მთავარი გახდა მისი უფროსი ვაჟი დიმიტრი. 1823 წელს, უფროსი ძმის, დიმიტრის გარდაცვალების შემდეგ 15 წლის მიხეილი აფხაზეთში ორი რუსული ეგერთა პოლკის (დაახლოებით 400 ჯარისკაცი, კაპიტან მორაჩევსკის მეთაურობით) თანხლებით დაბრუნდა. თითქმის 1824 წლამდე, იგი თავის რეზიდენციაში, სოფელ სოუკსუში აფხაზების მიერ ალყაში იყო მოქცეული. 1824 წელს 800-კაციანი რუსული რაზმის მხარდაჭერით, გენერალ-მაიორ პ. გორჩაკოვის მეთაურობით, შეძლო ალყის გარღვევა და აფხაზეთის მთავრის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. 1830 წელს აფხაზეთში დაიწყო მოძრაობა თურქეთის ქვეშევრდომობაში გადასასვლელად. მიხეილ შარვაშიძემ შეძლო თავიდან აეცილებინა მოვლენათა ამგვარი განვითარება და რუსული ჯარის დახმარებით საბოლოოდ ჩაახშო ეს მოძრაობა. 1836 წელს იგი მესამედ დაქორწინდა, ცოლად მოიყვანა ალექსანდრა გიორგის ასული დადიანი. მიხეილ შარვაშიძე, როგორც შუამავალი, მონაწილეობდა რუსეთსა და უბიხებს შორის მოლაპარაკებებში და წარმოადგენდა რუსეთის დასაყრდენ ძალას შავიზღვისპირა რეგიონში. რუსებთან ერთად იბრძოდა უბიხების დასამორჩილებლად, რისთვისაც ის არაერთხელ იქნა დაწინაურებული; მაიორი (1826), პოლკოვნიკი (1838), გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენენტი, გენერალ-ადიუტანტი. სამურზაყანოს გამო მუდმივად ექიშპებოდა ოდიშის სამთავროს, სადაც 1840 წელს რუსეთის მმართველობა დამყარდა. 1853-1855 წლებში, ყირიმის ომის დროს დაეხმარა რუსებს აფხაზეთიდან სამეგრელოში ჯარების გადაყვანაში, თავად კი ცოლის ნათესავებს შეაფარა თავი, მაგრამ შემდეგ კვლავ დაუბრუნდა თავის სამფლობელოს. აფხაზეთში ჩასულს შეხვედრა ჰქონდა შამილის ნაიბ მაგომეტ ამინისა და ჩერქეზ თავად საფარ-ბეისთან. მათი მიზანი იყო გადაებირებინათ მიხეილ შარვაშიძე, რაზეც უარი მიიღეს. ასევე უარით გაისტუმრა სტამბოლის მთავრობაში კავკასიის საქმეთა მმართველი ომარ-ფაშა. მას სტუმრობდა არაერთი ავანტიურისტი, მათ შორის ვინმე მეჰმედ-ბეი, რომელიც თავს "კავკასიაში ევროპული არმიის მათავარსარდლად" მოიხსენიებდა. ყირიმის ომის დროს, მიხეილ შარვაშიძემ საბოლოოდ მაინც გამოუცხადა ლოიალობა ოსმალეთს, ომარ ფაშამ 1855 წელს მას აფხაზეთის სანაპიროს ფაშობა უბოძა. ეს ფაქტი მიხეილ შარვაშიძეს გაუხსენეს 1864 წელს, როდესაც ომის დროს თურქეთთან თანამშრომლობაში დასდეს ბრალი. იმავე წლის 24 ივლისს,  მეფისნაცვალმა ოფიციალურად აუწყა მიხეილ შარვაშიძეს იმპერატორის ბრძანება აფხაზეთის მთავრის მოვალეობისაგან მისი განთავისუფლებისა და აფხაზეთში რუსული მმართველობის შემოღების შესახებ. აფხაზეთის მთავარი, რომელიც მაშინ ავადმყოფობდა, ითხოვდა საცხოვრებლად საქართველოში, კერძოდ, ქუთაისში დატოვებას, მაგრამ იგი მაინც გადაასახლეს რუსეთში ქ. ვორონეჟში, რაც ძალიან უარყოფითად იქნა აღქმული აფხაზი ხალხის მიერ. მიხეილ შარვაშიძე 1866 წლის 16 აპრილს გარდაიცვალა. მაისის თვეში მისი ნეშტი ჩამოასვენეს და მოქვის ტაძარში დაკრძალეს. მიხეილ შარვაშიძის დეპორტაციის და მალევე მისი გარდაცვალების შედეგი იყო ის, რომ 1864 წლის 24 ივნისს საბოლოოდ გაუქმდა აფხაზეთის სამთავრო და შეიქმნა "სოხუმის სამხედრო განყოფილება". 1866 წლის ივლისში აფხაზთა სახალხო აჯანყების მონაწილეებმა მიხეილის ვაჟი გიორგი აფხაზეთის მთავრად გამოაცხადეს, მაგრამ იმავე წლის აგვისტოში რუსეთის არმიამ აჯანყება ძალის გამოყენებით ჩაახშო. მიხეილ შარვაშიძის, ისევე, როგორც სხვა შარვაშიძთა ოფი­ციალური და არა­ოფი­ციალური მიმოწერა, ეპი­ს­ტო­ლა­რული მემ­კვიდრეობა და მისი კანცელარიიდან გამოსული სხვა ოფიცია­ლუ­რი დოკუ­მე­ნ­ტები მხო­ლოდ ქარ­თულ ენაზე იწარმოებ­და. აღსანიშნავია, რომ ამას ადასტურებენ თვით კა­ვ­კა­სი­ის რუ­სული ად­მინისტ­რა­ცი­ის მაღალ­ჩინო­ს­ნე­ბი. კერ­ძოდ, მიხეილ შარვაშიძის კა­რზე მყო­ფი რუ­სი გენერლის, კოცებუს განც­ხა­დებით: "მთავარ შარვაშიძეთა ოჯახში დამწერლობისთვის ქართული ენა გამოიყენება" (в фа­ми­лии князей Шарвашидзе упо­т­ре­­­би­­тель­ний пи­­сьмен­ный язык грузинский). მოქვის ტაძარში დაკრძალული მიხეილ შარვაშიძის საფლავზე, (ისევე როგორც მისი ვაჟის, გიორგი შარვაშიძის) ეპიტაფია ამოკვეთილია ქართული ასომთავრულით.

წყარო: geni.com; აფხაზეთის სამთავროს ისტორიისათვის (1853-1855 წ.წ.): საარქივო დოკუმენტების პუბლიკაცია /შ. ჩხეტია // საისტორიო მოამბე.-თბ.,1963.-ტ.1 №15-16.-გვ.123-263


Share: