The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გეურქ ელიარაშვილი

სხვა სახელი:გეურქა, იაგორი, გიორგი, გეურქი
დაბადების თარიღი:1769
გარდაცვ. თარიღი:1824  (55 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი
კატეგორია:ისტორიული პირი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

წყაროებში მოიხსენიება სხვადასხვა სახელით: გეურქა, გეურქი, იაგორი, გიორგი, ასევე სხვადასხვა გვარებით: ელიაროვი, ელიზარაშვილი, ელიაზარიშვილი, ელიაზაროვი, ეგიაზაროვი და ა.შ. ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევის თანახმად სინამდვილეში იყო ელიარაშვილი და მიეკუთვნებოდა ქართლელ სადედოფლო აზნაურთა საგვარეულოს.   ელიარაშვილები საკმაოდ აქტიურად ჩანან XVII საუკუნის შუა ხანებიდან და მათი მამულები მდებარეობდა ქვემო ქართლში, სომხით-საბარათიანოში, კერძოდ ბოლნისის ხეობაში. ელიარაშვილები პირველად 1653 წელს არიან მოხსენიებული ქართლის დედოფლის, როსტომ მეფის ცოლის, მარიამ დადიანის სიგელში. გეურქას წინაპრები შეტანილი არიან "სადედოფლო დასტურლამალსა" და "სომხით საბარათაშვილოს აღწერაში", კერძოდ მის პაპას დელუყარდაშ ელიარაშვილს დედოფლის კარზე ყაფიჩის თანამდებობა ეკავა, მისი ძმა გოდერძი იქვე იასაული ყოფილა. გეურქ ელიარაშვილის პაპა-დელუყარდაში ქვეყანაში არსებული რთული ვითარების გამო, XVIII ს. პირველ ნახევარში საზღვარგარეთ გადახვეწილა, თურქეთის ქალაქ არზრუმში ჩასულა და დაქორწინებულა, სადაც შეძენია შვილი სარქისი. დელუყარდაშის არზრუმში გარდაცვალების შემდეგ, სარქისი ოჯახთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა. არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ გეურქა არზრუმში დაიბადა. გეურქა მიახლოებით 1769 წელს უნდა დაბადებულიყო, 1824 წლისთვის კი ის გარდაცვლილთა შორისაა მოხსენიებული, ხოლო მისი მეუღლე მარიამი ქვრივად წერია. გეურქას მეუღლეს მარიამი ერქვა, მათი ოჯახი მრავალშვილიანი ყოფილა, ვაჟები: ყარამანი, ალექსანდრე, ეფრემი, იაკობი (რომელიც 1824 წლამდე გარდაიცვალა). ქალიშვილები: ოსანა, ნატალია და სალომე, ასევე გოგონა სახელად ქალი, რომელიც ასევე 1824 წლისათვის უნდა გარდაცვლილიყო. ვაჟებიდან ყარამანი და ეფრემი მეიარაღეები იყვნენ, ალექსანდრე კი სახელმწიფო სამსახურში მუშაობდა. ყარამანის სახელი დაკავშირებულია რუსეთის იმპერიისთვის ბულატის (ჯავარდენის) ტექნოლოგიის გადაცემასთან, ზლატოუსტის იარაღის ქარხნიდან, ჯავარდენისგან იარაღის დამზადების შესასწავლად გამოიგზავნა ორი ოსტატი - კარლ ვოლფერცი და ვასილ იუჟაკოვი, ასევე ორი მუშა- მიხეილ დიატლოვი და ნიკოლოზ ივანოვსკი. ზლატოუსტელ ოსტატებს ყარამან ელიარაშვილმა ასწავლა ქართული ფოლადის დამზადების წესები. როგორც გენერალი პოტტო აღნიშნავს თავის ცნობილ ნაშრომში "კავკასიური ომი", ელიარაშვილების მიერ მომზადებულმა ზლატოუსტელმა ოსტატებმა ქვეყანას დიდი სარგებელი მოუტანეს და ზლატოუსტის მიერ გამოშვებულ ხმლებს შორის მუდამ საუკეთესოდ ითვლებოდა ის ხმლები, რომლებზეც აღნიშნულია: 1832, 1833 და 1834 წლები, რაც ემთხვევა ქარხანაში ელიარაშვილების მოწაფეების მოღვაწეობის პერიოდს. გეურქას მოიხსენიებს ლერმონტოვი თავისი ლექსის "პოეტის" ერთ-ერთ ვარიანტში, ასევე დღიურებში. გეურქა "მისი უდიდებულესობა იმპერატორის მეიარაღის" ტიტულს ფლობდა, რაც ბუნებრივია მისი ხელოვნების მაღალ დონეზე მეტყველებს. გეურქას ნამუშევრები უმეტესად დაცულია რუსეთში, სახელმწიფო ერმიტაჟში (სანკტ პეტერბურგი), სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში (მოსკოვი) და დაღესტნის ნაციონალურ მუზეუმში, ასევე კერძო კოლექციებში. მეიარაღე გეურქა 1824 წლის შემდგომაც მოიხსენიება წყაროებში, ამ დროისათვის კი გეურქ ელიარაშვილი ცოცხალი აღარ იყო, არადა მუზუემებში დაცული ნივთების დიდი ნაწილი სწორედ 1824 წლის შემდგომ პერიოდს უნდა უკავშირდებოდეს. არსებობს ვარაუდი, რომ იარაღები, რომლებიც 1824 წლის შემდგომაა დამზადებული და გააჩნია წარწერა  «Е.И.В. ОРУЖЕЙНИКЪ ГЕУРКЪ» ან უბრალოდ სახელი "გეურქ". შესაძლოა იყოს მისი შვილის ყარამან ელიარაშვილის ნაკეთობები. ქართველი მესაჭურვლე (მეიარაღე) ოსტატი, მოგვიანებით რუსეთის იმპერატორის მეიარაღე.

წყარო: მეიარაღე გიორგი ელიარაშვილი / გოჩა ლაღიძე, რეზო ხუციშვილი (gotscha.nl); К вопросу о генеалогии оружейника Геурка / Двалишвили Л.Б. // Историческое оружиеведение. - 2021.-№ 10.-С. 78-116 (historical-weapons.com)


გააზიარე: