The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბენედიქტე ბერი (იღუმენი)

ბენედიქტე ბერი
ოფიციალური სახელი:ვახტანგ ბარკალაია
დაბადების თარიღი:1835
გარდაცვ. თარიღი:23 დეკემბერი, 1911  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ხობის მონასტერი
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სენაკის მაზრა (დაბადების ზუსტი ადგილი უცნობია).

დაიბადა აზნაურის ოჯახში. მიღებული ჰქონდა დაწყებითი განათლება, იცოდა სალაპარაკო რუსული ენა. მსახურობდა სახალხო მილიციაში; 1858 წელს იუნკერმა ვახტანგ ბარკალაიამ  მონაწილეობა მიიღო ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის მიერ წარმოებულ სამხედრო ექსპედიციაში. 1866 წელს პალესტინაში წმინდა ადგილების მოსალოცად გაემგზავრა, იქიდან კი ათონის მთაზე მოხვდა, სადაც ქართულ მონასტერში მისულს მძიმე სურათი დახვდა. სავანე ბერძენ ბერებს მთლიანად ხელში ჩაეგდოთ და ქართველებს იქაურობას აღარ აკარებდნენ. საქართველოში დაბრუნებულმა ვახტანგ ბარკალაიამ შეაგროვა საკმაოდ სოლიდური თანხა და 12 ქართველთან ერთად ათონის მთაზე ახალი ქართული სავანის დასაფუძნებლად გაემგზავრა. მან მალევე შეძლო ათონის მთაზე სულიერი ცხოვრების აღორძინება. 1869 წელს ივირონის მახლობლად შეიძინა მიტოვებული წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სენაკი და იქ დაბინავდა, ვიდრე ქართველთა ძველ მონასტერს დაიბრუნებდნენ. დაახლოებით 1870 წელს ათონის მთის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სენაკში მცხოვრებმა სქემმღვდელმონაზონმა ქრისტეფორემ ვახტანგ ბარკალაია ბენედიქტეს სახელით ბერად აღკვეცა მცირე სქემაში. საქართველოს ყველა კუთხიდან მიეშურებოდნენ ბერები ათონზე სამოღვაწეოდ. გელათის, ჯრუჭის, კაცხის, მარტვილის, ხობის, გარეჯის, შუამთის ბერებმა სამშობლოსაგან შორს პოვეს მყუდრო თავშესაფარი. წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სავანე ქართველი მოღვაწეთათვის თავისუფალ საქართველოზე მლოცველთა სულიერი კუნძული შეიქნა. აღდგა მწიგნობრობა, კალიგრაფია. ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართული სამხმიანი გალობის გამართვას. ბენედიქტეს საეკლესიო გალობის სათანადოდ მოწესრიგება ძალზე ესახელებოდა. ეს კარგად ჩანს მისი ერთ-ერთი წერილიდან: "ინება ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმან ისევე თავის წილხდომილი წრფელი ქართველნი მრჩობლ განამრავლოს და ვართ დღეს ოცდახუთი ქართველნი ბერებნი სამი მღვდელ მონაზონნი მწყობრნი ქართულით მგალობელნი". ბენედიქტემ თავის თანაშემწე სქემმღვდელმონაზონ იონასთან (ხოშტარია) ერთად აღადგინა მრავალი კეთილი ტრადიცია, რომელიც სათავეს გიორგი მთაწმინდელის დროიდან იღებდა. მან საქართველოში მოიძია ნიჭით გამორჩეული ახალგაზრდები და ათონის სავანის ხარჯით მათ საფუძვლიანი განათლება მიაღებინა. აქვე ხდებოდა უძველესი ქართული ხელნაწერების გადაწერა. მონასტერში მოღვაწე ბერები ნაყოფიერად მუშაობდნენ და გულმოდგინედ ამრავლებდნენ ივერთა მონასტრის ბიბლიოთეკაში დაცულ უძველეს ხელნაწერთა ასლებს, სხვადასხვა სასულიერო შინაარსის მქონე წიგნებს და საქართველოში გზავნიდნენ გამოსაცემად. ამ საქმით იყო დაკავებული ათონზე ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი სქემმღვდელმონაზონი ალექსი (შუშანია), რომელიც სწორედ მამა ბენედიქტემ წაიყვანა ათონზე კარგი და ლამაზი კალიგრაფიის გამო. ბენედიქტე ბევრს მოგზაურობადა რუსეთსა და სტამბოლში, ასევე საქართველოში, რათა მაშინდელ უმაღლეს საერო და სასულიერო ხელისუფლებას ყურადღება მიეპყრო ქართველთა გაჭირვებული მდგომარეობისათვის. იგი წერდა რუს და ქართველ გამოჩენილ მოღვაწეებს და დახმარებას სთხოვდა, ბეჭდავდა წერილებს, რომელშიც წარმოაჩენდა ქართველთა დამსახურებას ივერთა სავანის დაარსება-განვითარებაში, ამხელდა ბერძენ სამღვდელო პირთა მიმტაცებლობასა და ძალმომრეობას, ითხოვდა ქართველთა კანონიერი უფლებების აღდგენას, თანამემამულეებს მოუწოდებდა ენერგიული მოქმედებისა და ქართული მონასტრის დახსნისაკენ. 1879 წელს ბენედიქტემ ქართველი ბერთა სახელით განცხადებით მიმართა მთავრობის ადგილობრივ ორგანოებსა და საქართველოს მთავარმართებელს ივერთა მონასტრის დაბრუნების შესახებ. 1879 წწლის 22 მაისს ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა კრებამ განიხილა საკითხი, დაგმო ბერძენი ბერების მტაცებლური ძალადობა და ერთხმად დაადგინა: თავად-აზნაურთა წინამძღოლმა იშუამდგომლოს მთავრობის წინაშე, რათა ივერთა ლავრა დაუბრუნდეს ქართველი ბერთა ძმობას, ამასთანავე, ქართველ ბერებს მიეცეს უფლება მონასტრის იმ უძრავი ქონებით სარგებლობისა, რომელიც ჩვენს მეფეებს და, საეროდ, წინაპრებს სხვადასხვა საუკუნეში შეუწირავთ ივერთა ლავრისათვის. მიუხედავად ამისა, ქართველთა მდგომარეობა ათონზე კიდევ უფრო გართულდა. ბერძენთა მოძალება და ქართველთა შევიწროება ყოველგვარ ზღვარს გასცდა. ქართული საზოგადოებისა თუ რუსული საერო და სასულიერო ხელისუფლების მხარდაჭერამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, ბერძნები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და ქართველთა ნაკვალევის მოსპობა-განადგურებას შეუდგნენ. ერთი ათონური ხელნაწერის ცნობით, 1883 წელს "ბერძნებმა მონასტერში დახატული ქართველი მეფის და დედოფლების სახელი ამოხოცეს და ბერძნის დაწერეს, ვითომცა მათი მეფეები ყოფილიყოს. თორნიკეც ამოხოცეს". ბენედიქტეს ძალისხმევითა და მონდომებით XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისში ქართველთა სავანეში უკვე 50-ზე მეტი ქართველი ბერმონაზონი მოღვაწეობდა. მიუხედავად მწირველი მოძღვრების ნაკლებობისა, წირვა-ლოცვა ყოველდღიურად აღესრულებოდა. ათონელმა ბერძნებმა მთავრობისგანაც მიიღეს ბრძანება, რომ ქართველები არ შეეწუხებინათ, მაგრამ ეს ყოველივე ამაო აღმოჩნდა. ისინი აიძულებდნენ ქართველებს, დაეტოვებინათ ათონის მთა, არ აძლევდნენ ნებას, გამოეყენებინათ შეშა, წყალი, აღედგინათ დაზიანებული შენობები. მიუხედავად იმისა, რომ ბენედიქტემ დიდი ამაგი დასდო ქართველთა მონასტერს, მას თანამოძმეებისგანაც მრავალი უსიამოვნების გადატანა მოუხდა. ზოგიერთებმა ფულის მითვისება დააბრალეს, ასევე განიკითხავდნენ მონასტერში ხშირად არყოფნის გამო. ამას გარდა, მოძღვარს დიდი განსაცდელი დაატყდა თავს – ჟურნალ"მწყემსის" რედაქციამ იგი მატყუარად, მძარცველად და "შინაურ აშინოველად" გამოაცხადა. ამ ცილისწამებისათვის ბენედიქტემ "ივერიის" რედაქციას წერილით მიმართა და მკითხველს თავისი მოღვაწეობის მნიშვნელობა ივერთა მონასტრისათვის ასე განუმარტა: "ვისაც ქრისტეს სარწმუნოება და სამშობლო უყვარს, იმას ეცოდინება ჩემი მოღვაწეობა ჩემს მიერ აშენებულ სავანისათვის და ღვაწლი ივერთა მონასტრის ამოგებისათვის". XIX საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს ბენედიქტე საქართველოში ჩამოვიდა და სამეგრელოში, ნახარებაოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების მონასტერში დაიწყო მოღვაწეობა. 1900 წლის 30 მარტს წმინდა სინოდის ბრძანების საფუძველზე, მღვდელმონაზონი ბენედიქტე გარეჯის ლავრის წინამძღვრად დაინიშნა და იღუმენის პატივში იქნა აღყვანილი. 1901 წლის 18 აგვისტოს წმინდა სინოდის ბრძანების საფუძველზე, ბენედიქტე ავადმყოფობის გამო გაათავისუფლეს წინამძღვრობიდან და სამეგრელოში ხობის მონასტრის უშტატო წევრად დანიშნეს. საქართველოში ყოფნისას იგი დროს უქმად არ კარგავდა. ქართველი ბერთა მიმოსვლა და კავშირი ათონთან რომ არ შეწყვეტილიყო, მან რუსეთის მთავრობასა და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს ალექსანდრეს (ოქროპირიძე) სთხოვა, ხობის მამათა მონასტრის ეზოში ორსართულიანი შენობის აგება, რომელიც ათონის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის მონასტრის დაქვემდებარებაში იქნებოდა. ეპისკოპოს ალექსანდრეს მოეწონა ბენედიქტეს განზრახვა და 1902 წლის 28 ოქტომბერს დართო მშენებლობის დაწყების ნება, მაგრამ ხობის მონასტრის იმჟამინდელი წინამძღვრის უარის გამო და ისევ ჟურნალ "მწყემსის" რედაქტორის ჩარევით ეს კეთილი წამოწყება ჩაიშალა. ათონის ქართველთა იოანე ღვთისმეტყველის ახალი სავანის წინამძღვარი.

წყარო: ზნეობა: zneoba.ge; ჟურნალი "კარიბჭე": karibche.ambebi.ge; ჟურნალ "თბილისელები": old.tbiliselebi.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი (1880-)

გააზიარე: