The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ოდიშარია

შალვა ოდიშარია
დაბადების თარიღი:1903
გარდაცვ. თარიღი:14 იანვარი, 1947  (44 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ხონი.

შალვა ოდიშარია საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე ხონის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ორგანიზაციის მდივანი იყო. ემიგრაციაში წასვლის შემდეგ ცხოვრობდა პარიზში, მოგვიანებით საცხოვრებლად გადავიდა გერმანიაში, შემდეგ კი ავსტრიაში. მან მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას შეალია. მისი მთავარი მიზანი საბჭოთა კავშირიდან საქართველოს გამოყოფა და ქვეყნის გათავისუფლება იყო. 1925 წლის აგვისტოში შალვა ოდიშარიამ კონტრაბანდისტების დახმარებით სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა და თურქეთში გადავიდა. იგი სტამბულში ჩავიდა და იქ მიიღო ვიზა საფრანგეთში გასამგზავრებლად. პარიზში ჩასვლისთანავე მჭიდრო კონტაქტი დაამყარა ნაციონალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერთან, გიორგი გვაზავასთან და მალევე ჩაერთო პარტიის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში. შალვა ოდიშარიასთვის მიუღებელი აღმოჩნდა შიდა პარტიული დაპირისპირებები. მას სურდა, საქართველოში დაბრუნებულიყო და არალეგალური საქმიანობით დაკავებულიყო. ამ მიზნის განსახორციელებლად მან ოფიციალურად მიმართა საზღვარგარეთის ნაციონალურ-დემოკრატიულ კომიტეტს, რომელმაც დააკმაყოფილა ოდიშარიას თხოვნა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მენშევიკური მთავრობა აჭიანურებდა მის საქართველოში გამომგზავრებას. შალვა ოდიშარია ჩამოშორდა პოლიტიკას და ჯაშუშურ საქმიანობას მიჰყო ხელი,  ამ პერიოდში დაუკავშირდა გერმანელებს, რომელთაც შესთავაზეს გარკვეული სამუშაოს შესრულება, ის უნდა დაახლოებოდა პოლონეთის არმიაში მომსახურე ქართველ ოფიცრებს, რომლებიც დაეხმარებოდნენ მას პოლონეთის არმიაზე ინფორმაციის მოპოვებაში. ამ დავალების შესრულების შემდეგ გერმანული დაზვერვის წარმომადგენლები მას მისცემდნენ შესაბამის საბუთებს, ფულს და გაამგზავრებდნენ საქართველოში. ოდიშარიამ უარი თქვა დავალების შესრულებაზე, რადგან ამით ქართველ ოფიცრებს "ჩაუშვებდა". იგი დაუკავშირდა საფრანგეთის უსაფრთხოების სამსახურს, "სიურტე ნაციონალს" და ორმაგი აგენტი გახდა. საბჭოთა კავშირის უშიშროების სამსახურის მიერ დაპატიმრებულ შალვა ოდიშარიას ბრალად წაუყენეს ანტისაბჭოთა საქმიანობა და სამშობლოს ღალატი. მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს იგი არ უარყოფდა. საბჭოთა სასამართლომ შალვა ოდიშარიას მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა, ქონების სრული კონფისკაციით. განაჩენი სისრულეში მოიყვანეს 1947 წლის 14 იანვრის ღამეს. მზვერავი, სპეცსამსახურების აგენტი. ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი.

წყარო: ქართველები საფრანგეთისთვის ბრძოლებში = Des georgiens pour la France : 1939-1945 წლები / ფრანსუაზ და რევაზ ნიკოლაძეები.-თბ.,2009; აგენტი № 341, პატრიოტი თუ ავანტურისტი...=Agent No. 341,  Scoundrel or Patriot? / ეკატერინე კაციტაძე // საარქივო მოამბე = The archival bulletin / საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია. თბილისი, 2017. N 17. გვ. 107-117


გააზიარე: