Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კონსტანტინე ერისთავი![]()
Biography12 წლის ასაკში მიაბარეს ქუთაისში ცნობილი ფრანგის, ტურესის პანსიონში; 1873 წელს გააგზავნეს პეტერბურგში პაჟთა კორპუსში, მაგრამ პეტერბურგის კლიმატის აუტანლობის გამო თავის სიძეს, დ. მაჩაბელს ავსტრიაში წაყვა. 1877 წელს დაბრუნდა საქართველოში, რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს მოხალისედ ჩაეწერა ქუთაისის ცხენოსანთა რაზმში, ომის შემდეგ ბათუმის ოლქში დარჩა სამხედრო სამსახურში, სადაც ქართველ მუსლიმთა ასეული ებარა. 1895 წელს არჩეულ იქნა გურიის თავადაზნაურთა მარშლად, დაჯილდოებული იყო წმინდა გიორგის ჯვრით და სხვა ჯილდოებით, მიუხედავად ამისა მფარველობდა და ეხმარებოდა რევოლუციონერებს მატერიალურად, აწვდიდა პოლიტიკური ხასიათის ცნობებს, ამიტომ გუბერნატორი პოლიტიკურად კეთილსაიმედოდ არ თვლიდა და მისი საპატიო მოსამართლედ დამტკიცების წინააღმდეგი იყო. კონსტანტინე (კოწია) ერისთავი 1917 წლამდე იყო გურიის თავადაზნაურობის მარშალი, იგი მონაწილეობდა ყველა საზოგადოებრივ-კულტურულ საქმიანობაში, მისი ხელშეწყობითა და მზრუნველობით გაიხსნა სკოლები, წიგნსაცავ-სამკითხველოები, საავადმყოფოები და სხვ. ქუთაისში დაარსდა ქართული დრამატული საზოგადოება, რომლის გამგეობის თავმჯდომარეც იყო 1907-1909 წლებში და თეატრალური საქმის განვითარებას მატერიალურად ეხმარებოდა, მისი დახმარებით დაიბეჭდა საზოგადოების წესდება; გასაბჭოების დროს, როცა ყველა თავადაზნაურს მამულები ჩამოერთვა, კონსტანტინე ერისთავს საბჭოთა ხელისუფლებამ ჩამორთმეული მამულის საფასური გადაუხადა რევოლუციური (ბოლშევიკური) პარტიის წინაშე დამსახურებისათვის. გადაღებულია ფილმში "ჯანყი გურიაში" (ბატონიშვილი). მწერლობა დაიწყო 1878 წელს, მას ეკუთვნის ხალხში გავრცელებული ლექსი "ერთხელ ვიხილე ბაღში ყვავილი". მისი პიესები იდგმებოდა ტფილისის, ქუთაისისა და ბათუმის სცენებზე; ახალგაზრდობაში მისდევდა მხატვრობასაც. გამოქვეყნებული აქვს "ვალსი" (დრამატული ეტიუდი ერთ მოქმედებად), "კესარია ბატონიშვილი" (დრამა ოთხ მოქმედებად), "ლაზისტანის უკანასკნელი მთავარი" (კინოსცენარი, სახკინმრეწვის მიერ დაჯილდოვდა 300 მანეთით 1926 წლის 30 ივნისს), "ოხუნჯობანი-შავნაღვლიანთ მკურნალი", "ყან-ალმაღ" (ავტობიოგრაფია). წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.76; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.133 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |