The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კონსტანტინე ზუბალაშვილი

კონსტანტინე ზუბალაშვილი
Date of birth:1828
Date of death:26 March, 1901  (at 73 years)
Category:Manufacturer, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაიბადა ცნობილი მრეწველისა და ქველმოქმედის იაკობ ზუბალაშვილის ოჯახში. პირველდაწებითი განათლება მიიღო თბილისის კათოლიკურ სამრევლო სკოლაში, შემდეგ  სწავლა გააგრძელა თბილისის გიმნაზიაში (ყოფილ კეთილშობილთა სასწავლებელში), სადაც კარგად შეისწავლა ქართული მწიგნობრობა და ისტორია. 1844 წელს 16 წლის კონსტანტინე ქართულ მილიციაში ჩაირიცხა თავისუფალ მსახურად. იგი მონაწილეობდა 1844-1856  წლების დაღესტნის ბრძოლებში. დაჯილდოებული იყო ჯერ პორუჩიკის ჩინით, 1850 წელს კი შტაბს-კაპიტნის ხარისხით. მსახურობდა ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში, 1856 წელს ავადმყოფობის გამო თავი დაანება სამხედრო სამსახურს. 1870-იან წლებში კონსტანტინე გახდა ნავთობის ცნობილი მრეწველი, 1864 წელს მან ინგლისელი მრეწველის - როტშილდისგან იყიდა მიწა, სადაც ნავთობის  საბადოები იყო განთავსებული.  კონსტანტინემ ნავთობის შემოსავალი თანაბრად გაუნაწილა შვილებს და სარეწების მართვაც მათ გადასცა. კონსტანტინე ზუბალაშვილი ახლოს იცნობდა XIX საუკუნის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მესვეურებს. 1860-იანი წლებიდან აქტიურად იყო ჩაბმული საქართველოს კულტურულ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში; წლების მანძილზე თითქმის არ ყოფილა საერთო სახალხო საქმეში რაიმე მნიშვნელოვანი წამოწყება, კონსტანტინეს რომ არ მიეღო მონაწილეობა. იგი სიხარულით შეხვდა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" შექმნას, მის წევრად ჩაეწერა და ფინანსურადაც ყოველთვის ეხმარებოდა საზოგადოების გამგეობას, მხარი დაუჭირა საზოგადოების გადაწყვეტილებას - დახმარებოდნენ  უცხოეთში უმაღლესი განათლების მისაღებად წასულ ქართველ ახალგაზრდებს და მათთვის სტიპენდიები დაენიშნათ. ზუბალაშვილების ოჯახს დადებით მოვლენად მიაჩნდა 1874 წელს თბილისში თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის დაარსება და ფინანსურადაც მხარს უჭერდა ამ საქმეს. კონსტანტინეს თანაგრძნობა და მზრუნველობა არ მოუკლია თბილისის თავადაზნაურთა სკოლის "ღარიბ მოწაფეთა შემწე თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოების" გამგეობისთვის. იგი, როგორც გულუხვი მეცენატი, არჩეული იყო ამ საზოგადოების საპატიო წევრად, ყველანაირად ხელს უწყობდა ივანე კერესელიძეს ჟურნალ "ცისკრის" გამოცემაში, იგი იყო ქართულ ენაზე გამოცემული ყველა ჟურნალ-გაზეთის აქტიური ქველმოქმედი ხელმომწერი. გარდა ამისა, ფინანსურად ეხმარებოდა ღარიბი ოჯახების ნიჭიერ და სწავლის მსურველ ახალგაზრდებს. კონსტანტინე თვლიდა, რომ საქართველოს მხოლოდ განათლებული და საქმიანი ახალგაზრდობა გადაარჩენდა. კონსტანტინე იყო თბილისის კათოლიკე მრევლის მამასახლისი. სათავეში ედგა წმინდა პეტრე და პავლე მოციქულთა ტაძრის მშენებლობას თბილისში, მისი თხოვნითა და თანადგომით დაიწერა მიხეილ თამარაშვილის წიგნი "ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის", ზუბალაშვილების ოჯახის ქველმოქმედებით შეძლო  მიხეილ თამარაშვილმა ხანგრძლივი დროის განმავლობაში ემუშავა ვატიკანისა და ევროპის დიდი ქალაქების ბიბლიოთეკებსა და არქივებში და დაეწერა საქართველოს ისტორიისთვის მეტად მნიშვნელოვანი წიგნები. დაკრძალეს  სოლოლაკში, საგვარეულო სასაფლაოზე მეუღლის გვერდით. ქველმოქმედი, მეცენატი.

წყარო: ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან / ჟუჟუნა ფეიქრიშვილი.-თბ., 2011.-გვ.88-100 (dspace.nplg.gov.ge); ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.226

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება , ნამდვილი წევრი (1879-1900)

Share: