The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იაკობ ზუბალაშვილი

Date of birth:1792
Date of death:1864  (at 72 years)
Burial location:თბილისის კათოლიკური სასაფლაო
Category:Manufacturer, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაწყებითი განათლება თბილისის კათოლიკურ ეკლესიასთან არსებულ სკოლაში მიიღო. დაეუფლა ფრანგულ და ლათინურ ენებს, შემდეგ შეისწავლა რუსული, სომხური და თურქული ენებიც, 1803 წელს თბილისში გახსნილ კეთილშობილთა სასწავლებელში შეიყვანეს, რომელიც მოგვიანებით, 1830 წელს გიმნაზიად გადაკეთდა. იაკობ ზუბალაშვილის სამრეწველო კარიერა ქუთაისში დაიწყო, სადაც არყის ქარხანა გახსნა. აქ იგი გლეხებისაგან ყურძნის ჭაჭას იძენდა, მისგან არაყს ამზადებდა და სასმელს რუსულ სამხედრო ქვედანაყოფებს აწვდიდა. ეს ქარხანა სპირტიანი სასმელის პირველი ოფიციალური საწარმო იყო. იმის გამო, რომ დასავლეთ საქართველოში არყის წარმოება გაფართოვდა, იაკობ ზუბალაშვილმა ქუთაისის ქარხანა დახურა, მაგრამ ამ ბიზნესზე საერთოდ ხელი არ აუღია. მეწარმემ თბილისში გადმოინაცვლა და 1838 წელს ახალი პარტნიორის, ვატმანის თანამონაწილეობით, დიდუბეში გერმანელთა დასახლების მახლობლად, მოზრდილი ქარხანა დააფუძნა. პარალელურად, იაკობმა თბილისში ჩამოაყალიბა სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობა, რომელიც ერთ-ერთი პირველი და სამაგალითო იყო მთელ საქართველოში. იაკობის კომპანიონები იყვნენ ვაჭრები ენიბეკოვი, თამამშევი, ტერ-გუკასოვი, ლორის-მელიქოვი და სხვ. იაკობ ზუბალაშვილმა სათავე დაუდო ადგილობრივ მცხოვრებთაგან ხორბლისა და ფქვილის შესყიდვას, რამაც ქართლისა და კახეთის გლეხობას მოტივაცია გაუჩინა, გაეფართოებინათ ხორბლის, ქერისა თუ შვრიის ნათესები. ეს ერთგვარი ოჯახური ბიზნესი იყო, რადგან მასში იაკობის გარდა, მისი მამა და ერთი ძმაც მონაწილეობდა. ზუბალაშვილებმა ავლაბარში პურის ორი მაღაზია გახსნეს, მაგრამ უფრო არსებითი და შემოსავლიანი გამოდგა საქართველოში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ნაწილების პურით მომარაგების იჯარა, რომელიც იაკობს კავკასიის რუსულმა ადმინისტრაციამ მიანდო. ამ საქმემ დიდი მოგება მოიტანა. იაკობ ზუბალაშვილის სახელს უკავშირდება მრავალი სიახლე საქართველოში, კერძოდ: წურბლების ჭერა და სამედიცინო დანიშნულებით მათი გამოყენების დაწყება. იაკობ, ანდრია და ივანე ზუბალაშვილებმა იჯარით აიღეს ბაზალეთის ტბა, სადაც წურბელებს იჭერდნენ და მთავრობას აბარებდნენ. ნოვაცია იყო შაქრის წარმოების დაწყება საქართველოში. 1837 წლის დამდეგს ქართველმა მეწარმემ ნებართვის მისაღებად, მთავარმართებელ ევგენი გოლოვინს მიმართა. გოლოვინმა საიმპერიო მთავრობასთან იშუამდგომლა, რის შედეგადაც, 1837 წლის ივლისში, ამხანაგობას კასპიისა და შავი ზღვის სანაპიროებზე 500 დესეტინა სახაზინო მიწა გამოეყო შაქრის ლერწმის გასაშენებლად. მეწარმეემს ნება მიეცათ აეშენებინათ ქარხანა, რომელიც დასაწყისში რაფინირებულ შაქარს იმპორტირებული, ხოლო შემდეგ ადგილობრივი ნედლეულით დაამზადებდა. მოგვიანებით წარმოება გადმოიტანებს თბილისში. ქარხანა ვერაზე აიგო (შენობა დღემდეა შემორჩენილი პეტრიაშვილის ქუჩაზე, რომელშიც ახლა ღვინის ქარხანაა გათავსებული), მაგრამ შემდეგ კუკიაზე ახალ შენობაში გადაიტანეს. ქარხანა პირველი იყო მთელ სამხრეთ კავკასიაში და მაღალი წარმადობითაც გამოირჩეოდა 40 ათასი ფუთი (640 ტონა) შაქარი წელიწადში. პროდუქცია, რომელსაც "ქართული შაქარი" ერქვა, მყიდველს პაკეტებში დაფასოებული მიეწოდებოდა.  ზუბალაშვილის და კომპანიის შაქრის ქარხანა ადგილობრივი სავაჭრო კაპიტალის მრეწველობაში დაბანდების წარმატებული მაგალითი იყო. ქარხანამ 1840-იანი წლების შუა ხანებამდე იარსება და შემდეგ მუშაობა შეწყვიტა უმთავრესად რუსეთიდან შემოტანილი შაქრის კონკურენციის გამო. იაკობ ზუბალაშვილი აქტიურად ჩაერთო სასტუმროს ბიზნესში. მის სახელს უკავშირდება თბილისის ბევრი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობა: 1825 წელს იაკობმა აზნაურ თურქესტანიშვილისაგან დღევანდელი თავისუფლების მოედნისა და პუშკინის ქუჩის მიმდებარედ ადგილი შეიძინა, სადაც იტალიური წარმოშობის შვეიცარიელი ხუროთმოძღვრის ჯუზეპე (იოსებ) ბერნარდარცის პროექტით სასტუმრო ააგო (დღევანდელი ხელოვნების მუზეუმი). 1842 წელს იაკობ ზუბალაშვილმა თბილისში ქარვასლა  ააგო, რომელიც 10 სავაჭრო ობიექტს, საწყობებს, ღვინის სარდაფებსა და 71 სასტუმრო ნომერს აერთიანებდა. პურით ვაჭრობამ იაკობს დიდი მოგება მოუტანა, მაგრამ ზუბალაშვილები არ ივიწყებდნენ თვით მარცვლეულის მწარმოებელ გლეხებს, რომელთაგან ნედლეულს კარგ ფასად იძენდნენ, ასწავლიდნენ მათ მიწის დამუშავებისა და მეურნეობის სწორად გაძღოლას. ხშირად ღარიბ მშრომელებს და გორში მცხოვრებ ზუბალაშვილების ოჯახებს საქართველოში ჩამოსული არაერთი უცხოელი სტუმრობდა, მათ შორის ცნობილი შვეიცარიელი მოგზაური და სიძველეთა მკვლევარი დიუბუა დე მონპრე, ცნობილი ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა და სხვ. ალექსანდრე დიუმა თავის წიგნში "კავკასია" იხსენებს ერთ-ერთ ზუბალაშვილს, რომელმაც თბილისში ჩინებულად უმასპინძლა მას და მის ორ თანამგზავრს: იაკობ ზუბალაშვილი 1864 წელს გარდაიცვალა, დაკრძალულია თბილისში კათოლიკეთა სასაფლაოზე. მისი საფლავის ქვაზე წარწერილია: "განსვენება საუკუნე მიანიჭე უფალო იაკობ ივანეს ძე ზუბალაშვილს 72 წლისა, გარდაიცვალა 1864 წელს". მეცენატი, ქველმოქმედი. (იაკობ ივანეს ძე ზუბალაშვილი, ლევან, ალექსანდრე და კონსტანტინე ზუბალაშვილების მამა).

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.225; ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან / ჟუჟუნა ფეიქრიშვილი.-თბ., 2011.-გვ.82-88 (dspace.nplg.gov.ge)


Share: