The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იაკობ ზუბალაშვილი

იაკობ ზუბალაშვილი
სხვა სახელი: ჟაკ მიშელ ზუბალოვი
დაბადების თარიღი:1876
გარდაცვ. თარიღი:1942  (66 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. ნეიი სიურ სენი, პარიზთან ახლოს, საფრანგეთი
კატეგორია:მეწარმე, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში, საფუძვლიანად დაეუფლა ევროპულ ენებს, ზედმიწევნით შეისწავლა ქართული ენა და ქართული მწიგნობრობა. იაკობი ყოველთვის აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთების რედაქციებთან და სისტემატურად ეხმარებოდა კიდეც ფინანსურად. მისი მხარდაჭერით სარგებლობდნენ "ივერიის", "მოგზაურის", "კავკაზსკი კრაის" გამომცემლები, უნდა აღინიშნოს ძმები ზუბალაშვილების ფასდაუდებელი მეცენატობა ჟურნალ "ნაკადულის" მიმართ. დაარსების დღიდან ისინი ჟურნალს უხვად აფინანსებდნენ, ხოლო 1906 წლიდან მთლიანად თავიანთი მფარველობის ქვეშ აიყვანეს ჟურნალის გამოცემის საქმე, უბინაოდ და უსახსროდ დარჩენილი რედაქცია საკუთარ ჭერქვეშ შეიფარეს და ბინის გარკვეული ფართი უსასყიდლოდ დაუთმეს. იაკობი საჭიროდ თვლიდა თბილისში რუსულენოვანი გაზეთის გამოცემას. მან სპეციალური ნებართვა აიღო ხელისუფლებისაგან, რათა თბილისში გამოეცა ახალი გაზეთი "ვოზრაჟდენიე", მართალია გაზეთის გამომცემელ-რედაქტორი სხვა იყო, მაგრამ ყველა საქმის ხელმძღვანელი და  ხარჯის გამღები იაკობი იყო. იაკობ ზუბალაშვილი გახლდათ თბილისის საპატიო მოქალაქე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი და დიდი შემწე. იგი ფინანსურად ხშირად ეხმარებოდა საზოგადოების გამგეობას, გაზეთ "ივერიის" რედაქციას და აფინანსებდა ქართველ სტუდენტთა საზღვარგარეთ სწავლა-განათლების მიღებას. იაკობის დიდი სურვილი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ჰქონოდა საკუთარი ბინა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო საზოგადოების მიერ შეკრებილი ქართული კულტურის საუნჯის შენახვა-დაცვა. 1910-იანი წლების დამდეგს იაკობი ხელოვნების შესასწავლად საფრანგეთში გამგზავრებულა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ, ქვეყნის პოლიტიკური ვითარების გამო, იძულებული გახდა სამუდამოდ დაეტოვებინა საქართველო და უცხოეთში დაესრულებინა თავისი სიცოცხლე. იაკობი, როგორც ბაქოს ნავთობსარეწების ერთ-ერთი მეპატრონე დაინტერესებული იყო ახალ-ახალი მშენებლობებით, განსაკუთრებით ხიდების აგებით, მისი დიდი სურვილი იყო ქართულ და რუსულ ენებზე გამოცემულიყო "საქართველოს ენციკლოპედია", რადგან ევროპაში ჩვენი ქვეყნის შესახებ არაფერი იციანო. იაკობი და სხვა პროგრესულად მოაზროვნე ქართველები საქართველოს ისტორიის მეცნიერულ შესწავლას საშურ საქმედ მიიჩნევდნენ. ამ მიზნითმათ შექმნეს სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მუშაობა დაიწყო ამ დიდი ეროვნული საქმის აღსასრულებლად. "საქართველოს მეცნიერული ენციკლოპედია" უნდა გამოცემულიყო ქართულ, რუსულ და ფრანგულ ენებზე 13 ტომად, მაგრამ მალე პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება შეიცვალა და ვეღარ მოხერხდა ენციკლოპედიაზე მუშაობის გაგრძელება. მას, დიდად განათლებულსა და მრავალმხრივ ნიჭიერ ადამიანს, ერთნაირად იზიდავდა როგორც პრაქტიკულ-კომერციული საქმიანობა, ისე მწიგნობრობა, ხელოვნება და კულტურის სხვა სფეროებიც. განსაკუთრებულ სიყვარულს ამჟღავნებდა იგი ხელოვნების ნიმუშების მიმართ. ამიტომაც მთელი ცხოვრების მანძილზე  გატაცებით აგროვებდა ფერწერულ ტილოებს. მის უნიკალურ კოლექციაში იყო პიკასოს, დეგას, სეზანის, მატისის, მონეს, ბოტიჩელის, როდენისა და სხვათა შედევრები. იაკობს გადაწყვეტილი ჰქონდა მისი ეს უძვირფასესი კოლექცია სამშობლოსთვის ეჩუქებინა. მას ანდერძიც შეუდგენია, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ეს გადაწყვეტილება შეუცვლია და თავისივე სიცოცხლეში სრულიად უსასყიდლოდ გადაუცია ლუვრისა და პარიზის სხვა მუზეუმებისთვის. დაუზუსტებელი ინფორმაციით, პარიზში მყოფ ექვთიმე თაყაიშვილისთვის ნოტარიალურად დამოწმებული საბუთიც ჩაუბარებია, მაგრამ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, 1941 წელს მოხუცს სახლში ყაჩაღები შეუვარდნენ და გაძარცვეს. პარიზის პოლიციამ მძარცველები დააკავა და ისინი ქართველები აღმოჩნდნენ. გულნატკენმა იაკობმა ექვთიმე თაყაიშვილს ანდერძი დაახევინა და თავისი ქონება საფრანგეთს დაუტოვა. იაკობის უნიკალური კოლექციის ძირითადი ნაწილი განთავსებულია ლუვრში, სპეციალურად გამოყოფილ ერთ-ერთ დარბაზში, რომლის კედელზეც არის მარმარილოს დაფა რომელზეც ამოყვანილია ამ მუზეუმში შეკრებილი ხელოვნების საგანძურის ცნობილ თუ გულუხვ მჩუქებელთა სახელები. მათ შორის არის იაკობ ზუბალაშვილის სახელიც. პარიზში ალექსანდრე მესამის ხიდთან არსებულ მცირე სასახლეში ერთ დარბაზს ჰქვია "ზუბალაშვილის დარბაზი". პარიზის საზოგადოებას კარგად ესმოდა იაკობ ზუბალაშვილის კოლექციის უდიდესი მნიშვნელობა მსოფლიო ხელოვნების ისტორიისათვის. იაკობის გარდაცვალების შემდეგ ფრანგული  პრესა წერდა: "ლუვრის მცირე დარბაზი, დეკორატიული ხელოვნებისა და სხვა მუზეუმები, გალერეები ფლობენ შედევრებს, რომლებითაც გაამდიდრა ისინი ბატონმა ზუბალოვმა, ამიტომ დროა შედგეს კატალოგი ზუბალოვის საჩუქრებისა, 581 ერთეულისა. ეს მთელი მუზეუმია. მან არ ისურვა გაეხსნა საკუთარი სახელობის დარბაზები და სხვა მეცენატთაგან განსხვავებით ეს გააკეთა მიზანმიმართულად, მეცნიერული ინტერესებიდან გამომდინარე იმ რწმენით, იმ სულისკვეთებით, რომ მუზეუმი მისთვის არის არა ნახატების კოლექციების უბრალო შესაკრებელი, მუზეუმი სასწავლო დაწესებულებაცაა" ("Истина и жизнь", стр. 4). იაკობ ზუბალაშვილმა (საფრანგეთში ჟაკ მიშელ ზუბალოვი) 1922 წელს მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა და იქვე აღესრულა 1942 წელს. დაკრძალულია პარიზის ახლოს, ქალაქ ნეიი სიურ სენში. გადარჩა თუ არა მისი საფლავი უცნობია. ქველმოქმედი, მეცენატი, კოლექციონერი. (იაკობ კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი).

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.225; ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან / ჟუჟუნა ფეიქრიშვილი.-თბ., 2011.-გვ.159-167 (dspace.nplg.gov.ge)

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საპატიო წევრი (1906-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • თბილისის საპატიო მოქალაქე

გააზიარე: