The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ზუბალაშვილი

ნიკოლოზ ზუბალაშვილი
დაბადების თარიღი:1820
გარდაცვ. თარიღი:1898  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქართველ კათოლიკეთა ეკლესია, თბილისი
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია, შემდეგ სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში.

მან მემკვიდრეობით მიღებული ქონება გაჭირვებულთა დასახმარებლად გამოიყენა. ნიკოლოზმა ცოლად შეირთო ფრანგი (პარიზელი) ქალი, რომელიც ყოველთვის და ყველა საქმეში მეუღლის გვერდით იდგა, ისინი ეხმარებოდნენ და პატივს სცემდნენ მშრომელ ხალხს, უბრალო ადამიანებს. შემდეგ პარიზში გადავიდნენ საცხოვრებლად,  ნიკოლოზი 2-3 წელიწადში ერთხელ მაინც ჩამოდიოდა საქართველოში.  ნიკოლოზის ზუბალაშვილის გარდაცვალების შემდეგ, განსვენებულის ანდერძი გაიხსნა და შემოწირული თანხა ჩაიბარა ქალაქის გამგეობამ. ქალაქის გამგეობა მალევე შეუდგა ამ დიდებული მამულიშვილის ანდერძის აღსრულებას. შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ხელმძღვანელობდა თავშესაფრის მშენებლობას. 1899 წლიდან კომისიამ დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები (მიწის გამოყოფა, ხარჯთაღრიცხვა, პროექტების მომზადება და სხვ.). ქალაქის თვითმმართველობა პერიოდულად განიხილავდა კომისიის საქმიანობას და თავშესაფრის მშენებლობის საკითხს. მიუხედავად ამისა, მხოლოდ დაახლოებით 4 წლის შემდეგ მოხერხდა უპოვართა სახლის საძირკველის ჩაყრა: "1903 წლის 6 სექტემბერს, შაბათს, კათოლიკურ ეკლესიაში აღევლინა ნიკოლოზის სულის მოსახსენიებელი წირვა, გადაიხადეს პანაშვიდი; 7 სექტემბერს კი დილის 12 საათზე სასამართლოს ქუჩაზე, კავკასიის სააქციზო გადასახადების სამმართველოს გვერდით, აკურთხეს განსვენებულ ნიკოლოზ ზუბალაშვილის სახელზე დაარსებულ ღატაკთა თავშესაფრისათვის ახალი შენობის საძირკველი. თავშესაფრის კურთხევას დაესწრნენ კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი ზავადსკი, ტფილისის ქალაქის მოურავი თავადი არღუთაშვილ-მხარგრძელი, გამგეობის წევრნი, საბჭოს ხმოსნები, ქალაქის გამგეობის მოხელენი და მრავალი გარეშე ხალხი" (ივერია, 1903, 10 სექტ., №192, გვ.1). შენიშვნა: ნიკოლოზ გიორგის ძე ზუბალაშვილის ანდერძის მიხედვით, ქალაქის გამგეობას თანხა გადაეცემოდა "შეუძლებელ ქრისტიან ბავშვთა თავშესაფრის დასაარსებლად. თავშესაფარში უნდა მოთავსდეს მხოლოდ ის ყმაწვილები, რომელთაც მუშაობა არ შეუძლიანთ: 1/3 რომის კათოლიკეთა სარწმუნოებისა, 1/3 მართლმადიდებელი და 1/3 სომეხ გრიგორიანთა ბავშვები. თავშესაფარს სახელად უნდა ეწოდებოდეს ღარიბთა თავშესაფარი ნიკოლოზ  ზუბალაშვილისა" (ივერია, 1898, 10 თებ.,№ 30, გვ.1-2). ნიკოლოზ გიორგის ძე ზუბალაშვილი გარდაიცვალა ქ. ნიცაში (საფრანგეთი), ანდერძის თანახმად ჩამოასვენეს თბილისში, დაიკრძალა ქართველ კათოლიკეთა ეკლესიაში. ქველმოქმედი, მეცენატი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.227; ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან / ჟუჟუნა ფეიქრიშვილი.-თბ., 2011.-გვ.53-63 (dspace.nplg.gov.ge)


გააზიარე: