Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ზუბალაშვილი![]()
Biographyალექსანდრე ზუბალაშვილი დაბადებული უნდა იყოს დაახლოებით 1820-1826 წლებს შორის. მის შესახებ შედარებით მცირე ინფორმაციაა შემონახული, რადგან იგი ძირითადად საზღვარგარეთ ცხოვრობდა და მემკვიდრეც არ ჰყოლია. იაკობისა და ანა ზუბალაშვილების ოჯახში აღზრდილ ალექსანდრეს კარგი განათლება მიუღია, ამიტომაც ითვლებოდა საქართველოს ისტორიის, ქართული ენისა და სიტყვიერების საუკეთესო მცოდნედ. თანამედროვეთა გადმოცემით, იგი ახალგაზრდობიდანვე ყოფილა დაინტერესებული ქართული კულტურული მემკვიდრეობით, აგროვებდა ძველ ქართულ ხელნაწერებს, წიგნებს, ფულის ერთეულებსა და სხვა ისტორიისათვის ფასეულ ნივთებს. 1870-იანი წლების ბოლოს უმოგზაურია ქართლში და საერთო შთაბეჭდილებების შესახებ სტატიაც გამოუქვეყნებია გაზეთ "დროებაში". 1870-იან წლებში "თბილისის მოამბეში" დაბეჭდილა ალექსანდრე ზუბალაშვილის სტატია, სადაც საინტერესო წინადადებები ყოფილა გამოთქმული ქ. თბილისის წყლით მომარაგების თაობაზე, რომელსაც თავის დროზე დიდი გამოხმაურება მოჰყოლია. ერთ-ერთი ასეთი გამოხმაურება დაბეჭდილა "დროებაში", სადაც ავტორი დაწვრილებით მოგვითხრობს, რომ "ალექსანდრე თავის სტატიაში საფუძვლიანად ასაბუთებდა, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ქალაქის და მისი შემოგარენის წყლით მომარაგების საკითხი და რომ "უფ. ალ. ზუბალოვის აზრით" ქალაქმა წყლის გაყვანის საქმე არ უნდა მიანდოს უცხო ვინმე პირს, ან კომპანიას. წყალი ისეთ საჭიროებას წარმოადგენს მცხოვრებთათვის, რომ უთუოდ ქალაქის საკუთრება უნდა იყოსო". ალექსანდრე ზუბალაშვილი დაინტერესებული ყოფილა ქართული ფოლკლორითაც, მას თურმე სასიამოვნო მოვალეობად მიაჩნდა გლეხკაცის მეხსიერებაში ზეპირი გზით შემონახული ხალხური შემოქმედების ჩაწერა და გამოქვეყნება, რათა არ დაკარგულიყო თაობების წინათ შექმნილი ზღაპრები, ლექსები და თქმულებები. შეკრებილ მასალას იგი ჟურნალ-გაზეთებს უგზავნიდა. ევროპაში დამკვიდრების შემდეგაც ალექსანდრე ყოველთვის ყურადღებით ეცნობოდა საქართველოს ამბებს, ინტერესით კითხულობდა მის შესახებ ყველაფერს, იქაც აგროვებდა ჩვენი ქვეყნის ისტორიასთან დაკავშირებულ მასალებს. ამ მიმართულებით მისი საქმიანობის უმთავრესი მიზანი იყო საქართველოში სიძველეთა დაცვის მუზეუმის გახსნა, სადაც სხვა მასალებთან ერთად მოთავსდებოდა წლების მანძილზე ნაგროვები მისი პირადი კოლექციაც. მისი აზრით, ამგვარი მუზეუმის დაარსების ინიციატორი უნდა გამხდარიყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. ამასთან დაკავშირებით გაზეთი "ივერია" წერდა: "პატივცემულ ალექსანდრე ზუბალაშვილს განუზრახავს ფინანსური დახმარება აღმოუჩინოს "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას", რომ ამ საზოგადოებამ გაიკეთოს საკუთარი შენობა, სადაც მოეწყობა მუზეუმი". ალექსანდრეს საკუთარი ოჯახი არ ჰყავდა, მაგრამ ყოველთვის ახლო ურთიერთობა ჰქონდა საქართველოსთან, ძმასთან კონსტანტინესთან, ძმისშვილებთან და საქართველოშიც ჩამოდიოდა. იგი ყველგან და ყოველთვის თავისი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობაზე ფიქრობდა, შეწირულობის სახით ხშირად ეხმარებოდა ჟურნალ-გაზეთების რედაქციებსა თუ სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, აგრეთვე ქვეყნისთვის მოღვაწე ცალკეულ პიროვნებებს, არ ავიწყდებოდა ღარიბი მოსახლეობაც. იგი თანამედროვეთა შორის ცნობილი იყო როგორც "საქართველოს სიძველეთა ნაშთთა მოყვარე და ქომაგი" (ზ. ჭიჭინაძე). ალექსანდრე ზუბალაშვილის გარდაცვალების თარიღი და დაკრძალვის ადგილი უცნობია. ქველმოქმედი, მეცენატი, კოლექციონერი. (ალექსანდრე იაკობის ძე ზუბალაშვილები). წყარო: ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან / ჟუჟუნა ფეიქრიშვილი.-თბ., 2011.-გვ.83-88 (dspace.nplg.gov.ge) Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |