The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კონსტანტინე თავართქილაძე

კონსტანტინე თავართქილაძე
სხვა სახელი:კოწია თავართქილაძე
დაბადების თარიღი:დეკემბერი, 1861  (163 წლის)
გარდაცვ. თარიღი:193?
კატეგორია:მეწარმე, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბასილეთი, ჩოხატაურის რაიონი.

1885 წელს დაიწყო წიგნებით ვაჭრობა, 1886 წლიდან ეწეოდა ხალხოსნური (ნაროდნიკული) მოძრაობის პროპაგანდას, რის გამოც ქუთაისის გუბერნატორის განკარგულებით წიგნები წაართვეს, გაასამართლეს და წიგნებით ვაჭრობა აუკრძალეს. 1888 წელს გამოსცა თ. კიკვაძის "პატარა მოთხრობა" და ვ. ჰიუგოს "ძმა-ძმის მტერი" (ა. წითლიძის თარგმანი), 1889 წელს ოზურგეთში გახსნა წიგნის სავაჭრო, სტამბა და უფასო სამკითხველო; ამავე წელს არჩეულ იქნა ოზურგეთის ქალთა სკოლის მზრუნველად, ააშენა სკოლის შენობა და იქვე მოაწყო სცენა დეკორაციებით; შემდეგ დაიწყო ქართული წიგნების გამოცემა, დაბეჭდა "ჩანგი", "ვეფხისტყაოსანი", "თამარიანი", ეგნატე ნინოშვილის მოთხრობები; 1891 წლიდან უკვე დამოუკიდებლად მუშაობდა. 1892 წელს, სამეგრელოში, ვინმე აშორდიამ მთავრობის დავალებით, შექმნა მეგრული ანბანი, რათა მეგრელები ქართველებისაგან გაეთიშა, კონსტანტინე თავართქილაძემ ამ ამბის საწინააღმდეგოდ სენაკში გახსნა პირველი ქართული სტამბა, წიგნთსაცავ-სამკითხველო და წიგნთსავაჭრო (სტამბა "აუგსბურგის სწრაფმბეჭდავი მანქანით წიგნების დასაბეჭდად) სადაც დაიწყო ქართული წიგნის გამოცემა. საგანგებოდ დაქირავებული ხალხი სამეგრელოს სოფლებსა და დაბებში ავრცელებდა წიგნებს, რამაც დიდი სამსახური გაუწია სამეგრელოში ქართული ენის გავრცელებას და აშორდიას ჩანაფიქრის დამარცხებას. 1895 წელს სტამბა და წიგნთსავაჭრო განყოფილება გახსნა ბათუმში, მთელ აჭარაში ავრცელებდა წიგნებს. 1902 წელს არალეგალური ლიტერატურის გავრცელების გამო, მთავრობის მოთხოვნით ბათუმიდან სტამბა ტფილისში გადმოიტანა და საგამომცემლო საქმიანობა კიდევ უფრო გააძლიერა. შეადგინა და გამოსცა დიდი სახალხო და კედლის კალენდრები (1894-1919), ბეჭდავდა პოლიტიკური ხასიათის ლიტერატურასაც, რის გამოც ჩამოართვეს შრიფტები, გაასამართლეს და დააპატიმრეს (დაპატიმრებული იყო 40-ჯერ), მისი დაჟინებული მოთხოვნით გაიხსნა მეტეხის ციხის სტამბა-წიგნთსაკაზმავი, სადურგლო, საზეინკლო, სამკერვალო და სხვადასხვა სახელოსნოები, სადაც 600-მდე პატიმარი იყო დასაქმებული. კონსტანტინე თავართქილაძემ ციხეში სოლომონ ვადაჭკორიას დახმარებით, პატიმართა პირობების გაუმჯობესების მიზნით, გაფიცვა მოაწყო. მან ციხიდან გამოსვლისთანავე დაიწყო პოლიტიკური წიგნების გამოცემა "კულტურის" და "მუშის" ფირმით; დაბეჭდა ეგნატე ნინოშვილის სრული თხზულებანი, ნოე ჟორდანიას რჩეული ნაწერები, კ. კაუტსკის "ანტიკური ქვეყანა იუდეველთა და ქრისტიანეთა", "ჩვენი დროის ეროვნება", ე. ერკმანის და ა. შატრიანის "გლეხი კაცის ისტორია" და სხვ. 1891 წელს ოზურგეთში დააარსა მეეტლეთა ამხანაგობა, 1895 წელს შექმნა მეაბრეშუმეთა სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობა "შუამავალი". 1896 წელს, კონსტანტინე თავართქილაძის თანამშრომლობითა და შეწირულობით გურიაში, სოფელ აკეთში დაარსდა უფასო წიგნთსაცავ-სამკითხველო, ოზურგეთს შესწირა თავისი მდიდარი ბიბლიოთეკა, საქართველოში დაარსებულ თითქმის ყველა სამკითხველოს ეხმარებოდა წიგნებით, ასევე მოსწავლე-ახალგაზრდობას (მისი და ალ. მიქელაიშვილის თაოსნობითგაიგზავნენ საძღვარგარეთ ძმები შალვა და კომანდო გოგელიები), 1906 წლიდან, თბილისში მისი რედაქტორობით გამოდიოდა სოციალ-დემოკრატიული გაზეთი "ლამპარი". 1906 წელს, თავისი ხარჯით, საკუთარ სტამბაში დაბეჭდა იოსებ ჯუღაშვილის (სტალინის) პარტიული მოხსენება, რომელიც წარდგენილი იყო სტოკჰოლმის პარტიულ ყრილობაზე. სომხურად დაბეჭდა "გლეხი კაცის ისტორია", ნოე რამიშვილის "ისტორიული მატერიალიზმი" და სხვ. სომეხ კლერიკალთა დასმენით აუკრძალეს "არსენას ლექსის" ბეჭვდა, რის გამოც სათაური შეუცვალა და "არსენას ზღაპარი" დაარქვა. 1900 წელს პირველმა მოინდომა საქართველოში ქაღალდის ქარხნის დაარსება, მაგრამ ვერ განახორციელა, 1910 წელს კვლავ დაიწყო მოლაპარაკება, მაგრამ პირველმა მსოფლიო ომმა შეუშალა ხელი. 1925 წელს ("თეატრი და ცხოვრება" №7, გვ. 11-13) დაიბეჭდა კონსტანტინე თავართქილაძის წერილი "რითი დავაგვირგვინოთ ქართული სტამბის 300 წლისთავი"- "გავმართოთ ბეჭვდითი საქმის პირველი გამოფენა, დავაარსოთ ამ დღესასწაულის საზეიმოთ ქაღალდის ქარხანა და ამითი დავაგვირგვინოთ ის დიდი საქმე-გონების ლამპრის წყარო-რომელსაც მწიგნობრობა ეწოდება".  გამომცემელი, მესტამბე, მწიგნობარი, ქველმოქმედი. 

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.239

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, წევრი

გააზიარე: