The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჰაინც ფენრიხი

ჰაინც ფენრიხი
Date of birth:10 January, 1941  (84 years)
Category:Linguist, Scientist, Translator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჰამერი, ბრიუქსის რიონი (გერმანია).

გერმანელი ენათმეცნიერი, ქართველოლოგი, კავკასიოლოგი. 

1960-1965წწ. იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტში სწავლობდა კავკასიოლოგიის მიმართულებით. 1967 წლიდან იგი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი, პროფესორ აკაკი შანიძის ხელმძღვანელობით. იენის უნივერსიტეტში 1965 წელს დაიცვა სადიპლომო, ხოლო 1969 წელს საკანდიდატო ნაშრომი. 1971 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა მისი სადოქტორო ნაშრომის დაცვა. 2006 წლამდე (პენსიის ასაკამდე) მუშაობდა პროფესორად იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტში, ხელმძღვანელობდა კავკასიოლოგიის დარგს. მის მიერ ათეული წლების მანძილზე ქართული ლიტერატურის მიმართულებით ჩატარებული კვლევითი საქმიანობის შედეგმა თავი მოიყარა მის წიგნებში "ქართული ლიტერატურა", რომელიც 1981 წელს გამოიცა თბილისში: Fähnrich, H., Die georgische Literatur, Ein Überblick, Tbilisi: Sabtschota Sakartwelo 1981, ხოლო 1993 წელს აახენში: FäFähnrich, H., Georgische Literatur, Aachen: Shaker 1993. წიგნის მიზანია მოკლე მიმოხილვის სახით მკითხველს გააცნოს ქართული მწერლობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია, წარმოაჩინოს ქართული მწერლობის შექმნისა და განვითარების ხანგრძლივი პროცესი, ფართოდ და საფუძვლიანად მიმოიხილოს თანამედროვე ლიტერატურა. ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ლაიპციგის ბიბლიოგრაფიის ინსტიტუტის მიერ 1977-1980-იან წლებში გამოცემულ "უცხოენოვან მწერალთა ლექსიკონის" სამტომეულში წარმოდგენილი "ქართული მონაკვეთი" მაღალ პროფესიულ დონეზეა შესრულებული, ვინაიდან ამ სტატიის ავტორია გერმანელი ქართველოლოგი, პროფესორი ჰაინც ფენრიხი. იგი მთარგმნელობით მუშაობასაც ეწეოდა, თარგმნა და გამოაქვეყნა სულხან-საბა ორბელიანის "სიბრძნე სიცრუისა" (1973), გიორგი კეჭაღმაძის "ჩემი პატარა ლანდი" (1974), გრიგოლ აბაშიძის "ლაშარელა" (1975) და "დიდი ღამე" (1978), მიხეილ ჩიქოვანის მიერ დამუშავებული "თქმულება ამირანზე" (1978), "ქართული ზღაპრების" კრებული (1980), მანვე თარგმნა გალაკტიონ ტაბიძის "მთაწმინდის მთვარე" და "დროშები ჩქარა". იმისათვის, რომ გერმანულ ენაზე ეთარგმნა "ლაშარელა" საგანგებოდ შეისწავლა საქართველოს ისტორია, გეოგრაფია, ორიგინალში წაიკითხა "ქართლის ცხოვრება", ქართველ მეცნიერთა ნაშრომები (ი. ჯავახიშვილი, ნ. ბერძენიშვილი, ს. ჯანაშია). ევროპული ქართველოლოგიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იენის ფრიდრიხ შილერისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების ერთობლივმა სამეცნიერო გერმანულენოვანმა ჟურნალმა "გეორგიკა". ჟურნალის დამაარსებელი (1978) და უცვლელი რედაქტორი გერმანიის მხრიდან იყო ჰაინც ფენრიხი. 2006 წლიდან ჟურნალი გამოდის ბერლინში ცნობილი გერმანელი ქართველოლოგის შტეფი ხოტივარი-იუნგერის ხელმძღვანელობით. სამეცნიერო მოღვაწეობის უმთავრესი მიმართულებაა ენათმეცნიერება, კერძოდ ქართული და ქართველური ენების მეცნიერული შესწავლა. ამ მიმართულებით ფუნდამენტური და ქართველური ენების სპეციალისტთათვის სამაგიდო წიგნია "ქართველურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონი", რომელიც რამდენიმე რედაქციითაა გამოცემული გერმანულ და ქართულ ენებზე პროფ. ზ. სარჯველაძესთან ერთად. 2007 წელს ჰაინც ფენრიხმა გამოსცა ამ შრომის შევსებული და გადამუშავებული ფუნდამენტალური წიგნი: Kartwelisches Etymologisches Wörterbuch von Heinz Fähnrich (Brill) Leiden, Boston 2007. ქართველოლოგიურმა მეცნიერებამ საჩუქრად მიიღო ჰაინც ფენრიხის ფუნდამენტური სქელტანიანი ნაშრომი "საქართველოს ისტორია": Geschichte Georgiens von Heinz Fähnrich (Brill) Leiden, Boston 2010. მიღებული აქვს ანტონ I ბაგრატიონის ოქროს მედალი, მარი ბროსეს სახელობის პრემია, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის ტიტული.

წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.476; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: kartvelologi.tsu.ge

Member of Organizations

  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, უცხოელი წევრი (1996-)

Awards and Honors

  • აკაკი შანიძის სახელობის პრემია
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი

Bibliography


Share: