The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჰანს ფოგტი

ჰანს ფოგტი
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1903
გარდაცვ. თარიღი:1986  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:ენათმეცნიერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ფრედრიქშტადი (ნორვეგია).

ნორვეგიელი ენათმეცნიერი, ქართველოლოგი და კავკასიოლოგი. ზოგადი ენათმეცნიერებისა და ინდოევროპულ ენათა სპეციალისტი. ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი (1958-1963). მრავალი საენათმეცნიერო საზოგადოებისა და საბჭოს წევრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი.

1932-1934წწ. ქართულს, სვანურსა და მეგრულს სწავლობდა საქართველოში; 1958, 1961წწ. უბიხურს - თუქეთში. რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მრავალი გამოკვლევა უძღვნა ქართული ენის ფონოლოგიის, მორფოლოგიის და სინტაქსის საკითხებს. მიღებული შედეგები შეაჯამა მონოგრაფიებში: "ქართული ენის ფონემატური სტრუქტურა" (ფრანგულ ენაზე, ოსლო, 1958, ქართული თარგმანი 1961 წელს), "ქართული ენის გრამატიკა" (ოსლო, 1971). იკვლევდა ქართულ და ქართველურ ენათა ლექსიკის ისტორიისა და ეტიმოლოგიის საკითხებს. მოგვცა ქართული ენის გრამატიკული წყობის მთელ რიგ საკითხთა ორიგინალური გადაწყვეტა. ქართველურ ენათა ისტორიულ-შედარებითი ანალიზის საფუძველზე აქვს ფუძეენის რეკონსტრუქციისა და ქართველურ ენათა დიფერენციაციის დათარიღების ცდები. მისი აზრით, ქართველურ ენათა ამოსავალი ვითარება ყველაზე კარგად დაცულია ქართულში. მუშაობდა ქართველურ ენათა კავკასიურ ენებთან გენეზისური დამოკიდებულების პრობლემაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით მისმა შეხედულებებმა ცვლილებები განიცადა: თუ ადრეულ შრომებში იზიარებდა სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის ენათა ნათესაობის თვალსაზრისს, შემდეგ უკვე ეჭვობდა, რომ მოხერხდებოდა ამ ნათესაობის დამტკიცება. ქართველურ ენათა სხვა ენებთან კონტაქტების ძიებისას იგი ყურადღებას ამახვილებდა არა მხოლოდ ენათა დიფერენციაციის პროცესსა და მისი შესწავლის მეთოდოლოგიაზე, არამედ კონვერგენციის მიმართაც დიდ ინტერესს იჩენდა როგორც ზოგადენათმეცნიერების, ისე კონკრეტულ ენათა ისტორიის თვალსაზრისით. იგი იკვლევდა ქართველური ენების ურთიერთობას ძვ. სომხურთან და ამ ენათა სუბსტრატის საკითხებს სომხურში; ეხებოდა აგრეთვე პრეისტორიულ ხანაში ქართველურ ენათა კონტაქტების საკითხს ინდოევროპულ და მცირე აზიის მკვდარ ენებთან.

წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.482-483

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: