Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სესილი გოგიბერიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1983 წელს. უნივერსიტეტში სწავლის წლებში იყო ვაჟა-ფშაველას სახელობის სტიპენდიანტი; აქტიურად მონაწილეობდა უნივერსიტეტის ცხოვრებაში, იყო დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის თეატრალური დასის წევრი. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ს. გოგიბერიძემ, როგორც წარჩინებულმა სტუდენტმა წინადადება მიიღო, რომ მუშაობა გაეგრძელებინა თსუ-ს კომკავშირის კომიტეტის მდივნის მოადგილედ; ამ პერიოდში სბჭოთა კავშირში დაიწყო "გარდაქმნის" სახელად წოდებული რეფორმები, რამაც განაპირობა ს. გოგიბერიძის, საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული ოჯახის წევრის კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის მდივნად, ხოლო შემდეგ პირველ მდივნად არჩევა 1989 წლის 1 მარტს. ამ დროს საქართველოში უკვე დაწყებული იყო ეროვნული მოძრაობა. 1989 წლის 9 აპრილის წინ, 7 აპრილს გაიმართა "აქტივის კრება", სადაც სესილი გოგიბერიძე ღიად დაუპირისპირდა საქართველოს კომპარტიის პოზიციას და თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საჭირო იყო საპროტესტოდ შეკრებილი ახალგაზრდების სამართლიანი მოთხოვნის აღიარება საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ. მან ასევე უარი განაცხადა საბჭოთა ჯარის შავნაბადაზე განთავსებაზე, სადაც იმ დროს იყო კომკავშირული ქალაქი, რომელიც კომკავშირის ცენტრალურ კომიტეტს ექვემდებარებოდა. 1990-1998წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ლიტერატურის კათედრაზე; 2005-2006წწ. დაასრულა "ლონდონის უნივერსიტეტის როიალ ჰოლოუეი" საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო კურსი. გახდა საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკის მკვლევარი; 1990-1991წწ. იყო საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე, ხოლო 1998-2000წწ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; მას მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი; 2000-2003წწ. იყო კულტურის მინისტრი; ამ წლებში იყო არაერთი პროექტის ინიციატორი და ხელშემწყობი. განსაკუთრებით აღსანიშნავია "ეროვნული კინოცენტრის" შექმნა და წლების მანძილზე შეჩერებული ქართული კინოს დაფინანსების აღდგენა, ზრუნვა სამაჩაბლოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციაზე. (თამარაშენში აღდგა ივანე მაჩაბლის სახლ-მუზეუმი, რომელიც სამწუხაროდ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს განადგურდა. ასევე აღდგა ყანჩავეთის ეკლესია ახალგორის რაიონში, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ 2008 წლიდან), აზერბაიჯანის კულტურის მინისტრის ფოლად ბულბულ-ოღლის მონაწილეობით ერთობლივი ღონისძიებები საინგილოში, რუსთაველზე მერაბ მამარდაშვილის ძეგლის გახსნა (ავტორი- ცნობილი მოქანდაკე ერნსტ ნეიზვესტნი), ლონდონის სამეფო ეროვნულ თეატრში Royal National Theatre ცნობილი ქართველი თეატრის მხატვრის პეტრე ოცხელის ესკიზების გამოფენის გახსნა, კულტურის დარგის თვალსაჩინო მოღვაწეებისთვის პრემია "ხელოვნების ქურუმის" დაწესება და სხვ. 2002 წელს მომზადდა საქართველოს კულტურის პოლიტიკის პირველი ეროვნული ანგარიში, რომელიც წარდგენილ იქნა სტრასბურგში, ევროპის საბჭოში 2002 წლის 26 აგვისტოს (rm.coe.int); 2007 წლიდან ს. გოგიბერიძე მოღვაწეობს აკადემიურ სფეროში; 2007-2013წწ. მუშაობდა კავკასიის უნივერსიტეტში, იყო კავკასიის ჰუმანიტარული სკოლის დეკანი, 2017 წლიდან არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო პრემია "თამარის" დამფუძნებელი, "საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის სოციალურ მეცნიერებებში" რედაქტორი. ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის მოსე გოგიბერიძის შვილიშვილი და საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებლობის ერთ-ერთი ფუძემდებლის ზაზა შენგელიას მეუღლე. სადისერტაციო თემა - "ვეფხისტყაოსნის ინგლისური თარგმანები", დაიცვა 1995 წელს.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |