Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ზუბალაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გორი. გიორგი ზუბალაშვილი აგრძელებდა მამის გზას და ეწეოდა კომერციულ საქმიანობას; ძმებთან ერთად მონაწილეობდა ახალ-ახალ სავაჭრო-სამრეწველო წამოწყებებში, სასახლეებისა თუ სხვა სახის მშენებლობებში. ცნობილია, რომ იგი იჯარის წესით (როგორც მოიჯარე) ასრულებდა მცხეთის ხიდის სამშენებლო სამუშაოებს 1839-1841 წლებში (ნ. კვეზერელი-კოპაძე, გვ. 62) ამავე დროს ითვლებოდა სახელმწიფო სამსახურის მოხელედ ჰქონდა "ნადვორნი სოვეტნიკობისა" და კავალერიის ხარისხიც; მამაცობისათვის მთავრობისაგან ჯილდოდ ხმალიც მიუღია. გიორგი ივანეს ძე ზუბალაშვილი ერთხანს, 1800-იანი წლების დასაწყისში, ქუთაისშიც ცხოვრობდა სოლომონ მეფის კარზე (მას რუსულიც კარგად სცოდნია) და აქტიურად იყო ჩართული იმერეთის სამეფოს საქმიანობაში. იგი იყო თავისი დროისათვის თბილისში ცნობილი და გავლენიანი პირი, გონიერი მრეწველი და მეურნე, კარგი შეძლების მქონე. კომერციული საქმიანობისა თუ პიროვნული თვისებების (კეთილშობილების) გამო საკმაოდ აღიარებულიც ყოფილა ხელისუფლების მაღალ წრეებში. ამავე დროს პატივისცემით სარგებლობდა რუსეთის მთავრობაშიც. გიორგი ზუბალაშვილი ყოფილა ღრმადმორწმუნე ადამიანი. ამასთან დაკავშირებით არსებობს ერთ საინტერესო ინფორმაცია ლათინი პატრის მიერ რომში გაგზავნილი წერილიდან: "წინამდებარე წერილის მომტანი პოლკოვნიკ გიორგი ზუბალოვის ვაჟი, კეთილშობილი ბატონი იოსები გახლავთ. გიორგი ზუბალოვი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი პირია იმ ქართველ კათოლიკეთა შორის, რომლებიც რომს მიემგზავრებიან ამ მთავარი ქალაქის დიდებულებისა და სიძველის და ასევე ჩვენი წმინდა კათოლიკური რელიგიის ყველაზე უფრო ჩინებული ღვთისმსახურების სანახავად. მისი წინაპრები ჯერ კიდევ ძველი დროიდან მოყოლებული კეთილგანწყობილები იყვნენ ჩვენი სათნო ცხოვრების წესის მიმართ დააქამდეც ჰქონდათ ძმობა ჩვენდამი. პატიოსანო მამაო, ამაში შეგიძლიათ დარწმუნდეთ იმ ავთენტიკური ფურცლის წაკითხვისას, რომელსაც გიგზავნით, რადგან ზემოხსენებული ძმობა შეწყდა ამ ბატონის მამისა და ბიძების დროს, ახლა ძალიან გვთხოვენ მის განახლებას. ეს ოჯახი მართლაც ღირსია ყველანაირი ყურადღების, რადგან არ ღალატობს თავის წინაპრებს კათოლიკური სარწმუნოების სადიდებლად. პატიოსანო მამაო, თქვენთვის ალბათ საკმარისი იქნება იმის გაგებაც, რომ გორის მშვენიერი ეკლესია უმეტესად მათი ხარჯითაა აშენებული და შემკული. ძმა დამიანო ვიარეჯიოელი, პრეფექტი" (რომში დაცული კაპუცინთა არქივები (მ. თამარაშვილი, ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე, თბ., 1995, გვ. 704). ზუბალაშვილებმა გორში ეკლესიის გვერდით ააგეს მასთან არსებული სამრევლო სკოლის შენობაც (სადაც ახლა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმია განთავსებული). გიორგის მეუღლე იყო თავად ნიკოლოზ ჩოლოყაშვილისა ასული ანნა. ჰყოლიათ რამდენიმე ვაჟი: სიმონი, ალექსანდრე, იოსები, ნიკოლოზი, ივანე. (გიორგი ივანეს ძე ზუბალაშვილი). კომერსანტი, ქველმოქმედი. წყარო: ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან / ჟუჟუნა ფეიქრიშვილი.-თბ., 2011.-გვ.50-52 (dspace.nplg.gov.ge)
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |