The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სოლომონ II (მეფე)

სოლომონ II
Date of birth:1772
Date of death:7 February, 1815  (at 43 years)
Burial location:წმ. გიორგის სახელობის ბერძნების ეკლესიის გალავანი, ტრაპიზონი
Category:Public Man, Royalty

Biography

იმერეთის მეფე 1789-1810 წლებში. სოლომონ I-ის ძმის, არჩილის ძე. იზრდებოდა ქართლ-კახეთში დედასთან, ერეკლე II-ის ასულ ელენესთან. უმემკვიდრო სოლომონ I-მა სიცოცხლეშივე ტახტი ძმისწულს, დავითს, უანდერძა, მაგრამ იმერეთის გავლენიანმა ფეოდალებმა სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ მცირეწლოვანი დავითის ნაცვლად დავით გიორგის ძე (დავით II) გაამეფეს. ახალი მეფის თვითმპყრობელური პოლიტიკის უკმაყოფილო თავადების, ერეკლე II-ისა და ოდიშის მთავარ გრიგოლ დადიანის დახმარებით მათხოჯის ბრძოლაში (1789) დავით არჩილის ძემ გაიმარჯვა და გამეფდა სოლომონ II-ის სახელით (სოლომონ I-ის პატივსაცემად). ხელისუფლებისათვის ბრძოლის პერიოდში ქვეყანაში ფეოდალთა ანარქია სუფევდა. სოლომონ II-ის პოზიცია მტკიცე არ იყო. დავით II ტახტისთვის ბრძოლას განაგრძობდა. სოლომონ II დასავლეთ საქართველოს გაერთიანებას ცდილობდა. მან პირველ რიგში ოდიშის გაერთიანება სცადა, მაგრამ მიუხედავად მცირე წარმატებისა, მიზანს ვერ მიაღწია. რუსეთის მთავრობა ამ წინააღმდეგობას თავის სასარგებლოდ იყენებდა. 1804 წლის 25 აპრილს სოლომონ II-მ რუსეთის ქვეშევრდომობა აღიარა (ელაზნაურის შეთანხმება 1804 წელი), მაგრამ ტახტის დაკარგვას ვერ ურიგდებოდა და მის შესანარჩუნებლად იბრძოდა. 1810 წლის 20 თებერვალს რუსეთის სარდლობამ ქუთაისში სოლომონ II ტახტიდან ჩამოაგდო და იმერეთში რუსეთის მმართველობის შემოღება გამოაცხადა. სოლომონ II მოტყუებით ჩაიგდეს ხელში და თბილისში ჩაიყვანეს, მაგრამ იგი თბილისიდან გაიქცა და ახალციხის საფაშოს შეაფარა თავი. 1810 წელს სოლომონ II იმერეთში დაბრუნდა და მოსახლეობას აჯანყებისაკენ მოუწოდა. შეიარაღებულ ბრძოლაში სოლომონ II დამარცხდა და თავი კვლავ ახალციხეს შეაფარა, საიდანაც ოსმალეთში გადავიდა. ემიგრაციაში იგი ცდილობდა უცხო ძალის გამოყენებით (ოსმალეთი, ირანი, საფრანგეთი) იმერეთში მეფობის აღდგენას, მაგრამ უშედეგოდ.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9.-თბ., 1985.-გვ.457


Share: