The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პავლე აზიკური

დაბადების თარიღი:18??
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

თუშეთში ათამდე ეკლესია ყოფილა, XIX საუკუნეში აგებულია ხუთი ტაძარი - შენაქოს წმინდა სამების, ომალოს ღვთისმშობლის მიძინების, ნაციხარის წმინდა იოანე ნათლისმცემლის, ილიურთის წმინდა გიორგისა და დართლოს ღვთისმშობლის ეკლესიები (ტაძრები ყოფილა ასევე სოფელ ფარსმასა და ჯვარბოსელში). 1930-იან წლებამდე თუშეთში მსახურობდნენ მღვდლები: თადეოზ ბოჭორიძე, პავლე აზიკური, პეტრე ელანიძე, ბაგრატ ცოცანიძე, ზაქარია როსტომაშვილი, არჩილ ფოფხაძე, ალექსანდრე წიკლაური, მღვდელ-მონაზონი თორნიკე აჭაიძე, მღვდელმონაზონი დანიელი და მღვდელი პავლე აზიკური. მღვდელი პავლე აზიკური თუშეთის პირიქითა ხეობის სოფელ ფარსმის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი იყო. მის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები საკმაოდ მწირია. იგი 1830-იან წლებში სოფელ გირევში დაიბადა. დაამთავრა თიანეთის სასულიერო სასწავლებელი. თუმცა უცნობია როგორ დაადგა ღვთისმსახურების გზას, როდის და ვისი ხელდასხმით იკურთხა. XIX საუკუნის დასასრულს, თუშეთში მღვდლად ხელდასხმული დაბრუნდა და სოფელ ფარსმის საზოგადოება ჩაიბარა, რომელშიც 7 სოფელი შედიოდა: ჭონთიო, ჰეღო, დაქიურთა, ნაკუდურთა, გირევი, ბასო და ფარსმა. მამა პავლემ მრავალი ადამიანი მონათლა და აღზარდა. იგი წერა-კითხვას სიპის ქვებზე ასოების გამოწერით ასწავლიდა. პავლეს უფროსმა ვაჟმა ნიკომ დაამთავრა ყაზანის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; მოსემ – ბაქოს საინჟინრი სასწავლებელი; იოსებმა – სამხედრო სასწავლებელი (იგი იბრძოდა I მსოფლიო ომში, სადაც ტყვედ ჩავარდა და ფილტვებით დაავადდა. მან მოახერხა საქართველოში დაბრუნება და ლოგინად ჩავარდნილი მიახლოებით 1925-1926  წლებში გარდაიცვალა) ვანომ დაამთავრა გროზნოს სატყეო ტექნიკუმი; ვახტანგი სუსტი ჯანმრთელობის ყოფილა და 20 წლისა ფილტვების ანთებით გარდაცვლილა. მღვდელი პავლე სიბერისგან დაუძლურებული, თუშეთიდან ზემო ალვანში ჩამოსულა. უცნობია მამა პავლეს გარდაცვალების ზუსტი თარიღი. სავარაუდოდ იგი 1920-1925 წლებში გარდაცვლილა. დაკრძალეს სოფლის სასაფლაოზე სამების ეკლესიასთან, რასაც მოწმობს ტაძრის აღმოსავლეთით მდებარე საფლავის ქვის მხედრული წარწერა: "ილარიონი ეფროს ძე აზიკურიძე 7 წგარ 1930 იანვრის 7 ს გვერდით ვსვენივარ ბიძასთან მამა პავლესთან", სოფელ დართლოში, ერთ-ერთი ძველი სახლის სიპის ქვაზე, მამა პავლეს ხელით ამოკაწრული, სამახსოვრო წარწერაა შემორჩენილი: "ვინც ეს ნაწერი წაიკითხოს დამწერიმც მაიკითხოს. ხელს ვაწერ ფარსმის მღვდელი პავლე აზიკური 1894 წ. [მარტის] 14 დღესა მოსულვარ." ინჟინერ მოსე აზიკურის მამა.

წყარო: ალავერდი: tirine.wordpress.com


გააზიარე: