Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იაკობ ბეგიშვილი![]()
Biographyმრეწველობის სხვა დარგებთან ერთად XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან ქუთაისში აქტიურად დაიწყო საფეიქრო მრეწველობის განვითარება. 1894 წლისთვის ქუთაისში ჩამოყალიბდა "ქუთაისის მეაბრეშუმეობისა და ფეიქრობის ამხანაგობა," რომლის მიზანსაც დარგის შემდგომი განვითარება, სართავ-საქსოვი დაზგების დამზადება და მზა პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობა წარმოადგენდა, ამ სარბიელზე იაკობ ბეგიშვილი საკმაოდ წარმატებული იყო. ქალაქის გენერალური შემოწმების ჟურნალის 1877 წლის მონაცემებით ბეგოვის მფლობელობაში იყო აბრეშუმის საქსოვი და ბამბის სარჩევ-სართავი ქარხნები და ორი სავაჭრო სახლი მიხეილის (ახლანდელი ფალიაშვილის) ქუჩაზე. აქედან ერთს, რომელიც მის საკუთრებაში იყო, დაქირავებული ნოქრების საშუალებით მართავდა, ხოლო მეორეს, რომელიც ზუბალაშვილების სახლში იყო განთავსებული თავად განაგებდა. ამ მაღაზიებში მისსავე ქარხნებში დამზადებული აბრეშუმისა და ბამბის ქსოვილები იყიდებოდა. იაკობ ბეგიშვილის ქარხნის ნაწარმი საკმაოდ მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა და მისი რეალიზაცია საზღვარგარეთაც ხდებოდა, ძირითადად რუსეთში, თურქეთსა და გერმანიაში. უკვე 80-იანი წლების დასაწყისში მან დაიწყო თავისი წარმოების კიდევ უფრო გაფართოება. კათოლიკების ქუჩაზე (ახლანდელი ვარლამიშვილის ქუჩა) მდებარე მის ერთ-ერთ საწარმოში იმ დროისთვის უკვე 30 კაცზე მეტი იყო დასაქმებული, რაც მაშინდელი ქუთაისის წარმოებისთვის სოლიდურ რაოდენობას წარმოადგენდა. იაკობ ბეგიშვილის საწარმოში ბამბას ყიდულობდნენ გლეხებისგან, შემდეგ ხდებოდა მისი დამუშავება: აცლიდნენ კურკას, პენტავდნენ მანქანებით და პრესავდნენ. დაპრესილი ბამბა და კურკა იგზავნებოდა რუსეთში, სადაც მისგან ზეთს ხდიდნენ. 1881 წელს იაკობ ბეგიშვილი მიხეილის ქუჩაზე, მისი კუთვნილი დუქნების ადგილზე იწყებს ორსართულიანი დიდი სავაჭრო სახლის ე.წ. "პასაჟის" მშენებლობას. ის ითვალისწინებდა მიხეილის ქუჩისა და "მწვანე ბაზარს" შორის გამჭოლი გასასვლელისა და მის ორივე მხარეს მაღაზიების მოწყობას. შენობა ორმხრივი იყო, მისი ფასადები გადიოდა, როგორც ბაზრის, ასევე მიმდებარე მოედნისა და ქუჩის მხარესაც. განსაკუთრებული სილამაზით, ქუჩის მხარეს ფასადი გამოირჩეოდა, სადაც დახვეწილი სტილით ნაშენებ ამ შენობას დიდი საათი აგვირგვინებდა. "პასაჟის" პირველ სართულზე სხვადსხვა პროფილის მაღაზია იყო განთავსებული, ხოლო მეორე სართული საწყობებს ეკავათ. მთლიანად შენობა გარედან ვარდისფერი ეკლარის ქვით იყო მოპირკეთებული. დიდი მინიანი ვიტრინებითა და ევროპული დიზაინით გაწყობილი მაღაზიები მთლიანობაში ერთობ სასიამოვნო შესახედავს ხდიდა ამ შენობას და იმ დროისათვის ქალაქის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობას წარმოადგენდა. დღეს ეს შენობა, ცოტა სახეცვლილ მდგომარეობაში კვლავ ინარჩუნებს სავაჭრო ობიექტის ფუნქციას. იაკობ ბეგიშვილის ინიციატივებს შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო ის, რომ კათოლიკეთა ქუჩაზე ამოქმედდა 85 ცხენისძალიანი ელექტროსადგური, რომელმაც ქუთაისს პირველი ელექტროენერგია მისცა. ელსადგურის გენერატორები დიზელის საწვავზე მუშაობდა, თავად სადგურისთვის დანადგარები კი გერმანიიდან ჩამოიტანეს. აქვე მოწყობილი იყო წისქვილი, რომელიც ასევე დენზე მუშაობდა. ელექტროსადგური მთელ ქალაქს ვერ წვდებოდა, მაგრამ 1911 წლამდე ქუთაისისთვის სინათლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა. იაკობ ბეგიშვილი სამეწარმეო საქმიანობას დიდი წარმატებით უთავსებდა საზოგადოებრივსაც, ის აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ქალაქის ცხოვრებაში. 1893-1895 წლებში არჩეული იყო ქალაქის სათათბიროს წევრად ხმის უფლებით. იაკობ სიმონის ძე ბეგიშვილი (ბეგოევი) ქუთაისელ მეწარმეთა გამორჩეული წარმომადგენელი იყო. II გილდიის ვაჭარი და ქუთაისში მანუფაქტურული წარმოების ერთ-ერთი ფუძემდებელი. წყარო: საინფორმაციო პორტალი "ქუთაისიპოსტი": kutaisipost.ge; უცნობი ქუთაისი: hi-in.facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |