შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ გაბაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ვაჟთა კლასიკურ გიმნაზია 1898 წელს; სორბონის უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი 1907 წელს; კიევის (ნოვოროსიისკის) უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი 1909 წელს. 1900–1901 წლებში სწავლობდა კიევის უნივერსიტეტის ფიზიკისა და მათემატიკის ფაკულტეტის ბუნებისმეტყველების განყოფილებაზე, მაგრამ რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო, 1902 წლის შემოდგომაზე გარიცხულ იქნა უნივერსიტეტიდან. 1904 წელს გაემგზავრა საფრანგეთში და ჩააბარა სორბონის უნივერსიტეტში. 1909 წელს ნიკოლოზ გაბაშვილმა მუშაობა დაიწყო დავით სარაჯიშვილის ფირმის ბაქოს განყოფილებაში, ჯერ კონიაკის საწყობის გამგედ, შემდეგ მოანგარიშედ და ბოლოს მმართველის მოადგილედ, შემდეგ დავით სარაჯიშვილმა იგი გადაიყვანა ქ. ორჯონიკიძეში (ვლადიკავკავი) სპირტის წარმოების სპეციალისტის თანამდებობაზე, ხოლო 1910 წელს გააგზავნა ქ. შამპანში (საფრანგეთი) სასწავლებლად. 1911 წლიდან ნიკოლოზ გაბაშვილი მუშაობდა ვლადიკავკავის სპირტის ქარხნის მმართველის მოადგილედ. დავით სარაჯიშვილის გარდაცვალების შემდეგ, ეკატერინე სარაჯიშვილმა იგი გადმოიყვანა თბილისის კონიაკის ქარხანაში ჯერ ხელოსან-ოსტატის მოადგილედ, ხოლო შემდეგ, 1913–1916 წლებში, ქარხნის მთავარ სპეციალისტად. ეკატერინე სარაჯიშვილის სიკვდილის შემდეგ, 1916 წელს, ყოფილი "სარაჯიშვილის" ფირმის ბაზაზე შეიქმნა ე.წ. "დ. ზ. სარაჯიშვილის ამხანაგობა", რომელსაც ნიკოლოზ გაბაშვილი თავმჯდომარეობდა, ამ ამხანაგობამ იარსება 1919 წლის ბოლომდე, შემდეგ მოხდა მისი კონსერვაცია. 1921 წლის სექტემბერში ნიკოლოზ გაბაშვილმა მუშაობა დაიწყო ყოფილი დავით სარაჯიშვილის კონიაკის ქარხანაში კონიაკის სპირტის მთავარ სპეციალისტად. 1922 წლის 15 მაისს ნიკოლოზ გაბაშვილი დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო ღვინოების ტრესტში ("საქღვინტრესტი") კონიაკის სპეციალისტის თანამდებობაზე, 1923 წლის 20 ივნისიდან კი გადაიყვანეს საზოგადოება "წინანდლის" გამგეობაში, ხოლო 1924 წლის 1 იანვრიდან კონიაკისა და სპირტის საქმის სპეციალისტად კოოპერატიულ გაერთიანება "წარმოკავშირში", ამავე წლის ოქტომბერში დაინიშნა "წარმოკავშირში" შემავალ "ჭაჭის" ქარხნის დირექტორად, ამ თანამდებობაზე იმუშავა 1926 წლამდე. 1926–1930 წლებში ქარხანა "ჭაჭა" გადავიდა მევენახეობა–მეღვინეობის გაერთიანება "სოფლის კავშირის" გამგეობაში და ნიკოლოზ გაბაშვილი მის დირექტორად დაინიშნა. 1930–1931 წლებში იგი მუშაობდა გაერთიანება "ბაღ-ბოსტანკავშირის" სპირტის მთავარ სპეციალისტად, 1931–1932 წლებში კი "საქღვინოში" არყისა და სპირტის საქმის მთავარ სპეციალისტად. 1932 წლის აპრილში "საქღვინო" გაუქმდა და შეუერთდა "სამტრესტს", ნიკოლოზ გაბაშვილი დატოვებულ იქნა "სამტრესტში" კონიაკისა და არყის გადამუშავების პასუხისმგებელ სპეციალისტად. 1947 წელს იგი დაინიშნა მთავარ სპეციალისტ-ტექნოლოგად კონიაკის წარმოების დარგში. ნიკოლოზ გაბაშვილი არის მრავალი წერილისა და სტატიისა ავტორი, რომელიც ქვეყნდებოდა სხვადასხვა ჟურნალ–გაზეთებში. წყარო: წარმოებიდან მეცნიერებამდე / ვაზი და ღვინო.- თბილისი, 1993. N1-2, გვ.38; ქართველი მეღვინეები / გ. ბერიძე, თ. ღლონტი. - თბ.,1974. - გვ.70
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |