The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანდრია კობაიძე

ანდრია კობაიძე
Other name:ა. კ-ძე  (Pseudonym)
კალმისწვერა  (Pseudonym)
Date of birth:1860
Date of death:1923  (at 63 years)
Category:Publicist, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი სნო, ყაზბეგის რაიონი.

ალექსანდრე ყაზბეგის შემდეგ ანდრია კობაიძე იყო ის პიროვნება, რომელიც დაუღალავად იბრძოდა იმისათვის, რომ რამენაირად შეემსუბუქებინა ხევის მოსახლეობისათვის შრომა და გასაჭირი. პრესაში ის სისტემატურად აშუქებდა იმ უსამართლობას, უსულგულობას და ხალხის ჩაგვრას, რომელსაც ადგილობრივი მმართველობა ახორციელებდა. ანდრია კობაიძე ხევში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტი იყო. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ილია ჭავჭავაძესთან, მიხეილ ყიფიანთან, იაკობ გოგებაშვილთან, იონა მეუნარგიასთან და სხვა საზოგადო მოღვაწეებთან. ამის საილუსტრაციოდ მეტად საგულისხმოა ილია ჭავჭავაძის წერილი ანდრია კობაიძისადმი. ანდრია კობაიძის ოჯახში შემორჩენილია ხევში სკოლების "გამართვის" მეტად საყურადღებო მასალები, წერილები და სხვადასხვა სახის დოკუმენტები, ხევის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის და მრავალი სხვა პრობლემების შესახებ; ანდრია კობაიძის სტატიები, წერილები, ნაკვესები, ფელეტონები და სხვადასხვა სახის კორესპონდენციები ხშირად "კალმისწვერას" ფსევდონიმითაც იბეჭდებოდა "ივერიის", "დროების", "მწყემსის" და სხვა გაზეთების ფურცლებზე. ანდრია კობაიძეს თავდაპირველად სამხედრო გზის მშენებლობაზე დამხმარე მუშად უმუშავია, სადაც გამოუჩენია იმდენად დიდი შრომის ხალისი და უნარ-ცოდნა, რომ დაუნიშნავთ გზის ოსტატად მეტად რთულ და საპასუხისმგებლო უბანზე. სოფელ სიონში, სადაც იგი ცხოვრობდა, მისი სამუშაო მაგიდა და კარადები გავსებული იყო წიგნებით ქართულ და რუსულ ენებზე. ანდრია აქტიურად მოღვაწეობდა იმდროინდელ პრესაშიც. იგი ათავსებდა წერილებს და კორესპონდენციებს მოხევეთა ავ-კარგზე და საქართველოს სამხედრო გზის მშენებლობის ისტორიაზე. ანდრია კობაიძეს ახლო ურთიერთობა აკავშირებდა აკაკი შანიძესთანაც. 1913 წელს ახალკურსდამთავრებული აკაკი შანიძე პეტერბურგის უნივერსიტეტიდან ნიკო მარის ხელდებით საქართველოს მთიანეთში სამეცნიერო მივლინებით გამოიგზავნა. აკაკი შანიძეს საქართველოს მთიანი რეგიონების ფოლკლორის და ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშების შეგროვება-შესწავლის საპატიო მისია უნდა შეესრულებინა. ამ საქმეში დიდი დახმარება გაუწია ანდრია კობაიძემ, რომლისგანაც ჩაიწერა აკაკი შანიძემ ოცდაათამდე ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუში და რომელიც შესულია მის თხზულებათა თორმეტტომეულის პირველ ტომში. ანდრია კობაიძე განსაკუთრებით განიცდიდა ხევის მოსახლეობის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას. მოსახლეობის ძირითად საარსებო წყაროს წარმოადგენდა მეცხვარეობა, რომლის გაძღოლის სისტემაც ძალზე დაუხვეწავი, წინააღმდეგობით სავსე და უმძიმესი იყო. ის ყოველნაირად ცდილობდა, რომ ამ დარგის აღორძინებისა და მეცხვარეების ცხოვრების პირობების გაუმჯობესების საქმეში შეეტანა თავისი წვლილი. ალბათ ეს იყო იმის მიზეზიც, რომ მან 1897 წლიდან დაიწყო ყიზლარის ზამთრის საძოვრებზე ცხვარ-მეცხვარეებთან ერთად მოგზაურობა და გამოზამთრება. ანდრია ოთხი წლის განმავლობაში ცხვარ-მეცხვარეობის მძიმე ხვედრს იზიარებდა; გვერდში ედგა მეცხვარეებს და შეუპოვრად ებრძოდა მათ საქმიანობაში არსებულ დიდ უსამართლობას. 1901 წელს მან შექმნა ნარკვევების სერია: მეცხვარეთა ცხოვრების წესზე, ჩვეულებაზე, თერგის ოლქისა და ყიზლარის ტერიტორიის განსახლებაზე, ეთნოგრაფიულ, ეკონომიკურ, სოციალურ-ისტორიულ და სხვა საკითხებზე, რომელიც გაზეთ "ივერიაში" ქვეყნდებოდა. მაშინ, როდესაც 1918 წლის გაზაფხულზე დარიალიდან ცდილობდნენ საქართველოში რუსული ძალები შემოჭრას და საქართველოს მთავრობის დამხობას, ანდრია კობაიძე მტკიცედ დადგა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სადარაჯოზე. სიტუაცია უაღრესად რთულად განვითარებულა. მდგომარეობას ართულებდა ის გარემოებაც, რომ საქართველოს მთავრობასთან ყოველგვარი კავშირი გაწყვეტილი იყო. შეტაკება ბრბოსა და სტეფანწმინდელებს შორის ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო. მაშინ ორივე მხრიდან მოსალაპარაკებლად თავკაცები ამოურჩევიათ, თვითოეული მხრიდან 24 კაცი, რათა არ მომხდარიყო ძმათამკვლელი შეტაკება. ანდრია კობაიძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მხრიდან იყო არჩეული.

წყარო: ხევის ღირსეული შვილი ანდრია კობაიძე : გარდაცვალებიდან 90 წელი / ნუგზარ ოდიშვილი // ამერ იმერი : დამოუკიდებელი ლიტერატურული ჟურნალი. - თბილისი, 2013. - ISSN 2233-3479. - N1. - გვ.301-308 (dspace.nplg.gov.ge)

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სტეფანწმინდის განყოფილება, დამხმარე წევრი (1890-)

Bibliography


Share: