The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა ლუტიძე

შოთა ლუტიძე
დაბადების თარიღი:24 მაისი, 1927
გარდაცვ. თარიღი:7 აპრილი, 2010  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: თერჯოლის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაციით 1949 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო 1949 წელს ხარკოვის ელექტრომექანიკურ ქარხანაში, მონაწილეობას იღებდა სპეციალური დანიშნლების ასინქრონული ძრავების ახალი სერიის ათვისებაში. 1951-1954წწ. - ასპირანტი. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებაა ენერგეტიკაში ზეგამტარობის მოვლენის გამოყენებისა და ამ მოვლენის საფუძველზე ენერგიის გარდაქმნის პრობლემების კვლევები. მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა კრიოგენული ელექტროტექნიკის ლაბორატორია, სადაც შესრულდა თეორიული და ექსპერიმენტალური სამუშაოები ზეგამტარი გარდამსახვების, ზეგამტარი ინდუქციური მაგროვებლების კვების მოწყობილობების, ზეგამტარი ეკრანების, ენერგეტიკული კრიოტრონების და კრიოტრონული გარდამსახების, მათი მართვის სისტემების კვლევები. მის მიერ დამუშავდა ზეგამტარში ელექტრომაგნიტური ველის გათვლის ინჟინრული მეთოდიკა და შექმნილი იქნა ფუნქციონალურ პარამეტრებზე დაფუძნებული ზეგამეტარების მაკროსკოპული არალოკალური თეორია. მან აღმოაჩინა ელექტროკინეტიკური ინდუქციის ახალი კანონი და დაადგინა ვაკუუმისა და ელემენტარული ნაწილაკების სტრუქტურული შემადგენლობა. ეს სამუშაო წარმოადგენს მის მიერ დამუშავებულ მთლიანად სამყაროში მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების, არაცოცხალი და ცოცხალი სხეულების, ველისა და გარემოს ფაზოკინეტიკური ერთიანი თეორიის საფუძველს. აქტიურად ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას ენერგეტიკის ინსტიტუტსა და მოსკოვის ი. გუბკინის სახელობის ნავთობის ქიმიისა და გაზის მრეწველობის ინსტიტუტში, სადაც 1967 წლიდან მუშაობდა პროფესორის თანამდებობაზე. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 30 საკანდიდატო და 5 სადოქტორო დისერტაცია. არის 280-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი, მათ შორის, 12 მონოგრაფიისა და 70 გამოგონების. 1986 წელს მოწვეულ იქნა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორად, სადაც 1987-1998წწ. განაგებდა ჯერ "ელექტრული სადგურების, ქსელებისა და სისტემების", 1989-1994წწ. - "ელექტრული მანქანებისა და აპარატების" კათედრებს. იყო ხარისხების მიმნიჭებელი სამეცნიერო საბჭოს წევრი, მოსკოვის გ. კრჟიჟანოვსკის სახელობის ენერგეტიკის ინსტიტუტის კრიოგენული ტექნიკის ლაბორატორიის უფროსი. დაჯილდოებული იყო "სსრკ ენერგეტიკისა და ელექტრიფიკაციის წარჩინებულის", "სსრკ გამომგონებლის" და "რუსეთის ენერგეტიკის ვეტერანის" მედლებითა და სამკერდე ნიშნებით. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები და მედლები. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1954), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1966), პროფესორი (1969).

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.203; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.446-447

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემია, საპატიო აკადემიკოსი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრი

გააზიარე: