The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დარია აბელიშვილ-ვოლდეიტი

დარია აბელიშვილ-ვოლდეიტი
Legal name:დარია აბელიშვილი
Date of birth:1893
Date of death:1976  (at 83 years)
Category:Economist, Public Man

Biography

დაამთავრა თელავის წმინდა ნინოს სასწავლებელი; უმაღლესი ეკონომიკური განათლება მიიღო ბაქოში.

მუშაობდა ბაქოში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ იყო გაერთიანება "სამტრესტის" ეკონომისტი. მისთვის ყველაზე ძვირფასი იყო მშობლიური ლიტერატურა, თეატრი და განსაკუთრებით პოეზია. XX საუკუნის ათიანი წლებიდან დარია აბელიშვილი აქტიურად ჩაება თელავის კულტურულ-ლიტერატურულ ცხოვრებაში, იგი იყო "ილიაობის" მომწყობი საინიციატივი ჯგუფის წევრი. მან დიდი შრომა გასწია თელავში ხელოსანთა ამქრების საქმიანობის შესწავლის საქმეში. მის არქივში დაცულ მასალებში გადმოცემულია ცნობები XVIII-XIX  საუკუნეების თელავის შინამრეწველობის შესახებ. ნაშრომი შეიცავს თერძობის, დაბაღობის, ხარაზობის, სირაჯობის, ჭონობის, მენახშირეობის, მანჯანიკობის აღწერილობას. მისი მოგონებები აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ვანო სარაჯიშვილის, ლადო მესხიშვილის, გიორგი ლეონიძის და სხათა შესახებ ხშირად ქვეყნდებოდა თელავის რაიონული გაზეთის, "ალაზნის განთიადის" ფურცლებზე, ჟურნალ "ნაკადულში" აქვეყნებდა საბავშვო მოთხრობებს, ზღაპრებს, გამოცანებს და სხვ. დარია აბელიშვილის მდიდარი ბიბლიოთეკით სარგებლობდნენ იოსებ გრიშაშვილი, სიკო ფაშალიშვილი, იოსებ მჭედლიშვილი, მიხეილ საყვარელიძე, ლეონ მელიქსეთ-ბეგი და სხვ. მდიდარი და საინტერესო არქივის და წიგნადი ფონდის ერთი ნაწილი მას მემკვიდრეობით გადაეცა, ხოლო მეორე ნაწილი თვითონ შეკრიბა; არქივში დაცულია კომპოზიტორ ნიკო სულხანიშვილის სიმღერის ნოტები და ქიზიყელი ქალის, ახუას მიერ ერეკლე II-ის დატირების ტექსტი, რომელსაც მკვლევარები დიდხანს ეძებდნენ. (ცნობილია, რომ ვასილ ბარნოვისა და ილია ზარაფიშვილის დავალებით თელავის წმინდა ნინოს სასწავლებლის მოსწავლეები ხალხში კრებდნენ ფოლკლორულ მასალებს და აკვირდებოდნენ ერეკლე მეფის დატირების აღნიშნულ ტექსტის ანარეკლს. დაკვირვების ობიექტი იყო კახეთი, ქიზიყი და საინგილო. ჩაწერილი იქნა ასობით ტექსტი, რომელსაც ინახავდა მასწავლებელი ილია ზარაფიშვილი. დატირების ყველაზე სრული ტექსტი ჩაიწერა დარია აბელიშვილმა, რომელიც დღეს მის საოჯახო არქივშია დაცული. დარია აბელიშვილი ფოლკლორულ მასალებს კრებდა მე-20 საუკუნის დასაწყისიდან. მისი ჩაწერილი ზღაპრები, ანდაზები და გამოცანები იბეჭდებოდა რევოლუციამდელ ქართულ საბავშვო ჟურნალებში. შემორჩენილია მისი თელავის ხელოსანთა ამქრების საქმიანობაზე ფიქსირებული ვრცელი მასალები. დარია აბელიშვილს ქიზიყელი დედაკაცის მიერ მეფე ერეკლეს დატირების ტექსტის ვარიანტები ჩაუწერია ას წელს გადაცილებული თეთრი გიორგის მონასტრის ქადაგის ბუჭყიაანთ დარუასაგან, სოფელ კონდოლელ მარიამ ლეონიძისაგან, სოფელ ხორხლელ ნინო თურქესტანიშვილისაგან და სოფელ ოჟიელ თებრო მეზვრიშვილისაგან. ისინი შეუჯერებია და გაერთიანებულმა ტექსტმა მოაღწია ჩვენამდე. ახუას დატირების ტექსტი რიტმულია და ალაგ-ალაგ მასში რითმის კვალიც შეიმჩნევა. ტექსტში გამოყენებულია იშვიათი პოეტური სახეები. ამ აზრით სავსე მჭევრმეტყველების ნიმუშის კვალი დიდხანს შეიმჩნეოდა ქართლ-კახელი ქალების დატირებებში). აბელ (ბალო) აბელიშვილის შვილი.

წყარო: ქალთა განათლების კერები თელავში / მარინე გოგბაიძე, გიორგი ჯავახიშვილი.- თბ., 2020.-გვ.86; საქართველოს სამეფო: georoyal.ge


Share: