The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ ჯიშკარიანი

ნიკოლოზ ჯიშკარიანი
Other name:ნიკიფორე ჯიშკარიანი
Date of birth:1888
Date of death:1941  (at 53 years)
Category:Medical Doctor

Biography

ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე გააგრძელა.

1910-1912 წლებში მუშაობდა მურომში ფილინის ჰოსპიტალში გინეკოლოგიურ და ინფექციურ დაავადებათა ექიმად. 1911 წელს,  მანჯურიაში შავი ჭირის ეპიდემიის დროს ნიკოლოზ ჯიშკარიანი მოხალისედ წავიდა. 1912 წელს კი მიწვევით გაემგზავრა ხარბინში და "აღმოსავლეთის რკინიგზის" ცენტრალურ ჰოსპიტალში შინაგან სნეულებათა უფროსი ექიმის თანამდებობაზე დაინიშნა. პარალელურად მუშაობდა სამაზრო ჰოსპიტალში. ჩინეთის ხელისუფლებამ მას კერძო პრაქტიკის ნებაც დართო. XX საუკუნის დასაწყისში ქართველები ხარბინში მრავლად ცხოვრობდნენ, 1908 წლიდან აქ მოქმედებდა ივლიანე ხაინდრავას მიერ დაარსებული ქართული სათვისტომო. 1918 წელს დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ ნიკოლოზ ჯიშკარიანი ელჩად დანიშნა ვლადივოსტოკსა და ხარბინში. 1921 წელს კი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და 1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ ხარბინის ქართულ კოლონიას ბევრი ქართველი შეუერთდა. 1928 წელს დაარსდა ხარბინის ქართული სკოლა, რომლის მზრუნველთა საბჭოს წევრი ნიკოლოზ ჯიშკარიანი იყო. იგი მონაწილეობდა ქართული სათვისტომოს ყველა ღონისძიებაში და ხალხს უანგაროდ მკურნალობდა. 1930 წელს საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს შორის რკინიგზის კონფლიქტი დაიწყო, ხარბინში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა. ხარბინელ ქართველთა დიდი ნაწილი, მათ შორის ნიკოლოზ ჯიშკარიანი, შანხაიში გადასახლდა. აქ მან ენდოკრინოლოგიაში სამეცნიერო კვლევა–ძიების ლიცენზია მიიღო, მუშაობა დაიწყო საერთაშორისო სეტლემენტში, სადაც შექმნა ვერძის სისხლზე დამზადებული სამკურნალო სისხლის ექსტრაქტი "ჰემოდინი". 1931 წელს იაპონიის მიერ მანჯურიის ოკუპაციის და მანჯოუ–გოუს გამოცხადების შემდეგ, ქართველებმა პარიზის საელჩოს მანჯურიაში ახალი წარმომადგენლობის გახსნა სთხოვეს. ახლადგახსნილი წარმომადგენლობა მანჯოუ–გოუს საგარეო საქმეთა წარმომადგენელმა სცნო და ყოფილი ელჩი ნიკოლოზ ჯიშკარიანი ქართული საზოგადოების რწმუნებულად დაინიშნა. II მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ნიკოლოზ ჯიშკარიანი იძულებული გახდა 1939 წელს 60 წლის ასაკში ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლებულიყო, სადაც მას უკვე კარგად ორგანიზებული ქართული სათვისტომო დახვდა. ვასილ დუმბაძის რჩევითა და დახმარებით იგი მინის მრეწველ გრიგოლ კობახიძეს (ჯორჯ კობი) დაუკავშირდა და თავისი კვლევის შედეგები გააცნო. გრიგოლმა თავის მეზობლად, მასაჩუსეტსის შტატის ქ. ეტლობოროში (ბოსტონთან) მოუწყო ლაბორატორია და შეუქმნა სამუშაო პირობები. მიქსტურისა და აბების სახით ჯერ კიდევ 1931 წელს ჩინეთში შექმნილი "ჰემოდინი" წარმატებით გამოიყენებოდა შაკიკის, ნევრასთენიის, ისტერიის, კლიმაქსის, ნევრალგიის, ანემიის, კვების უკმარისობისა და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ, მაგრამ კლინიკურად პრეპარატი ამერიკაში დაიხვეწა. 1941 წლის დეკემბერში ამერიკის შეერთებული შტატები ომში ჩაერთო და საჭირო გახდა "ჰემოდინის" დიდი რაოდენობით წარმოება, სამწუხაროდ ნიკოლოზ ჯიშკარიანი, მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა. საომარი მდგომარეობის გამო გრიგოლ კობახიძის მინის მწარმოებელ ქარხანას სასწრაფო შეკვეთები ჰქონდა და მან ნიკოლოზ ჯიშკარიანის ლაბორატორიისათვის ვერ მოიცალა. პრეპარატი ამერიკელების ხელში გადავიდა. მას სახელი შეუცვალეს, გააუმჯობესეს და წარმოებაშიც გაუშვეს. დაუდგენელია, თუ რა სახელი უწოდეს ამერიკელებმა პრეპარატს. ნიკოლოზ ჯიშკარიანის სალიცენზიო ბროშურა მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ დაიბეჭდა ჯორჯ კობის ძალისხმევით. ნიკოლოზ ჯიშკარიანს ოჯახი და შთამომავლობა არ დარჩენია. ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი.

წყარო: ქართული ემიგრაცია ამერიკაში / რუსუდან დაუშვილი.-თბილისი, 2014.- გვ.120-122; ნიკოლოზ ჯიშკარიანი ქართველი ემიგრანტი ექიმი // პრაიმტაიმი. -თბილისი, 2011.-22 აგვისტო.- N34.-გვ.46-47


Share: