Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: პავლოვსკი, სანკტ-პეტერბურგი (რუსეთი). მამა, კონსტანტინე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ–მუხრანელი 1915 წელს დაიღუპა I მსოფლიო ომში. დედა, რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ პირველის შვილთაშვილი ტატიანა რომანოვა 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ შვილებთან ერთად უცხოეთში გაიქცა და ჯერ რუმინეთში, იქიდან კი შვეიცარიაში ჩავიდა. თეიმურაზი ჟენევის სასწავლებელში სწავლობდა, შემდეგ კი ფრაიბურგის წმიდა ჟანის სახელობის კოლეჯში. 1927 წელს, როცა ოჯახი იუგოსლავიაში გადასახლდა, იგი ქალაქ ბელოცერკოვის ყირიმის კადეტთა კორპუსის კადეტი გახდა, კადეტთა კორპუსის რეფორმირებისა და მისთვის ტატიანას მამის, დიდი თავადის, კონსტანტინე კონსტანტინეს ძის სახელის მინიჭების შემდეგ, ხელმძღვანელობა შეეცადა, თეიმურაზისთვის გარკვეული პრივილეგიები დაეშვა, მაგრამ მან უარი განაცხადა და თანატოლთა შორის ძველებურად განაგრძო ცხოვრება. 1932 წელს თეიმურაზმა კადეტთა კორპუსი დაამთავრა და იუგოსლავიის სამხედრო აკადემიაში განაგრძო სწავლა. აკადემიის დამთავრების შემდეგ 10 წელი იმსახურა იუგოსლავიის სამეფო ლეგიონის გვარდიულ-საარტილერიო პოლკში. იგი იყო რუსეთის ეკლესიის უცხოეთის სინოდის მზრუნველთა საზოგადოების თავმჯდომარე და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წევრი. 1933 წლიდან თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელი გახდა ილამაზ დადეშქელიანის თავმჯდომარეობით პარიზში დაარსებული "წმიდა ქეთევანის მართლმადიდებელი ძმობისა" და "წმიდა გიორგის სახელობის მონასტრის საძმოს" წევრი. მეორე მსოფლიო ომის წლებში თეიმურაზ ბაგრატიონ–მუხრანელი მუშაობდა ქალაქ ბელგრადის ცენტრალურ ბანკში, ასევე იყო დიპლომატიურ სამსახურშიც, უცხოური ლეგიონის შემადგენლობაში იბრძოდა გერმანელთა წინააღმდეგ. ომის შემდეგ გადასახლდა შვეიცარიაში და იუგოსლავიის საელჩოში ჟენევაში, პარიზსა და ლონდონში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა. 1949 წელს თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელმა მიიღო ლევ ტოლსტოის ქალიშვილის ალექსანდრას წინადადება, შევიდა "ტოლსტოის ფონდის" ადმინისტრაციაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლდა. იგი იყო ჯერ ფონდის წარმომადგენელი ბეირუთში, 1979 წლიდან კი ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გახდა, 1984 წელს ფონდის თავმჯდომარედაც აირჩიეს. იმავდროულად იყო ამერიკული საქველმოქმედო ფონდ "კერის" და ლტოლვილთა დამხმარე ამერიკული საბჭოს მოხალისე აგენტთა წევრი. ასევე იყო რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან კომუნისტთა ბატონობას გარიდებულ ლტოლვილთა დამხმარე 100 სხვადასხვა საქველმოქმედო სააგენტოს გამაერთიანებელი ორგანიზაციის "Interaction"–ის დამფუძნებელი. ამერიკაში დამკვიდრების შემდეგ თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელი გახდა 1931 წელს დაარსებული ქართული სათვისტომოს აქტიური წევრი. მალე იგი სათვისტომოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. იგი, ასევე თავმჯდომარეობდა 1950 წლის 5 სექტემბერს ნიუ–იორკში დაარსებულ "ქართულ–ამერიკულ ლიგას", რომლის მიზანი იყო საქართველოს განთავისუფლება და მისი დამოუკიდებლობის აღდგენა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უამრავი ლტოლვილი იყო დასაბინავებელი, მათ შორის ქართველი ემიგრანტები და ყოფილი "საბჭოთა ქართველებიც". ინგლისურენოვან ქვეყნებში მათ გადანაწილებასა და სამუშაოს შოვნაში დახმარებას უწევდა "ტოლსტოის ფონდი". თეიმურაზ ბაგრატიონ–მუხრანელი, როგორც ფონდის თანამშრომელი, ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის მოადგილე და იურისტი, ქართველებს იურიდიულ საქმეებსაც უგვარებდა, რითაც საყოველთაო პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა. იგი ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველი მეუღლე – ეკატერინე პაშიჩი ცნობილი იუგოსლავიელი დიპლომატისა და პოლიტიკური მოღვაწის, ნიკოლა პაშიჩის შვილიშვილი იყო. მათ 1933 წელს დაიწერეს ჯვარი ბელგრადის წმიდა სამების რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. პირველი ცოლის გარდაცვალებისა და ამერიკაში გადასახლების შემდეგ, 1949 წელს დაქორწინდა გრაფინია ირინა ჩერნიშოვა-ბეზობრაზოვაზე. თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელი გარდაიცვალა 1992 წლის 10 აპრილს ნიუ-იორკში. შთამომავლობა არ დარჩენია. თეიმურაზის და, ნატალია ბაგრატიონ–მუხრანელი (1914-1984) 1944 წელს ცოლად გაჰყვა ცნობილ ინგლისელ დიპლომატს, პოეტსა და მთარგმნელს სერ ჩარლზ ჰეპბერნ–ჯონსტონს. მემკვიდრე არც მას ჰყავდა. 2007 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა კონსტანტინე და თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელების არქივი, რომელიც მოიცავს უნიკალურ მასალებს ბაგრატიონთა საგვარეულოს შესახებ. კოლექციაში შესული ფოტოები, ჟურნალები და წიგნები თარიღდება მე-19 ს–ის ბოლოსა და მე-20 ს–ის შუა წლებით. ფოტოებზე ასახულია თეიმურაზ ბაგრატიონის ოჯახის წევრები. ჟურნალებს შორის არის ფრანგულ, იტალიურ და ინგლისურენოვანი გამოცემები: LE MUSEON (1952, 1961), TRADITIO (1949-1951), REVISTA ARADICA (1956). ასევე, ბიბლიოთეკას გადმოეცა წიგნები: COUNT TOTLEBEN, S EXPEDITION TO GEORGIA (1769-1771), D.M. LANG, 1951, Reprinting from the BSOAS; IBERIA ON THE EVE OF BAGRATID RULE, 1952, Extrait du MUSEON, tome LXV, 1-2; THE EARLY BAGRATIDS, 1949, Extrait du MUSEON, tome LXII, 1-2; PRINCE IOANN OF GEORGIA AND HIS "KALMASOBA", David M. LANG; STUDIES IN CRISTIAN CAUCASIAN HISTORY, Cyril Turmanoff, 1963. მასალები ბიბლიოთეკას გადასცა თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელის მეუღლემ ირინა ბაგრატიონ-მუხრანელმა. კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელისა და ტატიანა რომანოვას (იღუმენია თამარი) შვილი, ნატალია ბაგრატიონ-მუხრანელის ძმა. ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი. წყარო: ჟურნალი "თბილისელები": old.tbiliselebi.ge; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: nplg.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |