Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. კონსტანტინე ბაგრატიონ–მუხრანელი იყო სახელმწიფო მრჩევლის, კამერჰერისა და კავკასიის მეფისნაცვლის განსაკუთრებულ საქმეთა მოხელის, ალექსანდრე მიხეილის ძე ბაგრატიონ-მუხრანელის უმცროსი ვაჟი. (ცხრა შვილიდან კონსტანტინე მეშვიდე იყო. მისი უფროსი ძმა, გიორგი, სათათბიროს ბოქაულის თანაშემწე, შემდეგში პეტერბურგის გენერალ-გუბერნატორის განსაკუთრებულ საქმეთა მოხელე, დაიღუპა 1922 წელს, სამოქალაქო ომში მიღებული ჭრილობების გამო). 1901 წელს 11 წლის კონსტანტინემ ექსტერნად ჩააბარა პაჟთა კორპუსში. 1907 წელს კონსტანტინემ სასწავლებელი დაამთავრა და უფროს ოფიცრად–კორნეტად ჩაირიცხა იმპერატორის დაცვისთვის შექმნილ ცხენოსანთა პოლკში–კავალერგარდში. პოლკში ის ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული და იმედისმომცემი ახალგაზრდა იყო, რომელსაც დიდ სამხედრო კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ. 1913 წელს კონსტანტინე პორუჩიკი გახდა, იმავე წელს კი იმპერატორ ნიკოლოზ II–ის ფლიგელ–ადიუტანტი. 1910 წელს 21 წლის მან გაიცნო იმპერატორ ნიკოლოზ პირველის შვილთაშვილი, დიდი მთავრის, კონსტანტინე კონსტანტინეს ძის 19 წლის ქალიშვილი ტატიანა რომანოვა. ახალგაზრდებს ერთმანეთი შეუყვარდათ და დაქორწინება გადაწყვიტეს, მაგრამ რომანოვები წინ აღუდგნენ ამ ქორწინებას. საქართველოს ანექსიის შემდეგ ბაგრატიონთა ყველა შტო რუსეთის იმპერიის თავადაზნაურებს გაუთანაბრდა. ისინი აღარ ითვლებოდნენ მმართველ დინასტიად. ამდენად, კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელი ტატიანა რომანოვას თანასწორად არ ითვლებოდა და მათი დაშორება გადაწყდა. კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელი საქართველოში გამოამგზავრეს, ტატიანა კი ლოგინად ჩავარდა. ავადმყოფი სულ უფრო და უფრო სუსტდებოდა. შეშფოთებულმა რომანოვებმა გადაწყვეტილება მიიღეს: 1911 წელს გამოქვეყნდა იმპერატორის ბრძანება, რომლის მიხედვითაც საიმპერატორო სისხლის პირებს არადინასტიური ქორწინების უფლება პირველად ეძლეოდათ. თუმცა, ამ ქორწინებათა შედეგად დაბადებულ ბავშვებს ტახტის მემკვიდრეობის უფლება ერთმეოდათ. ტატიანა რომანოვამ წერილობით თქვა უარი თავისი და მომავალი შვილების სახელით ტახტის მემკვიდრეობაზე და ასე გადაწყდა მათი ქორწინების საკითხი. მალე ახალგაზრდებს ნება დართეს, ერთმანეთს შეხვედროდნენ ყირიმში, სადაც 1911 წლის 1 მაისს მათი ნიშნობა შედგა. 24 აგვისტოს კი ოჯახურ წრეში ქორწილიც გადაიხადეს. ახალგაზრდა წყვილს პავლოვსკში, ტატიანას მშობლების სასახლის ერთ-ერთი ფლიგელი გამოუყვეს, სადაც მათ ოთხი ბედნიერი წელი გაატარეს. ამ ქორწინების შედეგად დაიბადა ორი ბავშვი – 1912 წელს თეიმურაზი, 1914 წელს – ნატალია. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, 1914 წელს, კონსტანტინე თავის ხუთ ცოლისძმასთან ერთად ომში წავიდა. მეთაურობდა მე–13 ლეიბ–გვარდიის ერევნის პოლკს, იბრძოდა სამხრეთ–დასავლეთ ფრონტზე. გახდა გიორგიევსკის ორდენის კავალერი. კონსტანტინე ბაგრატიონ–მუხრანელი 1915 წლის 19 მაისს სამხრეთ–დასავლეთ ფრონტზე, გალიციაში დაიღუპა. 24 წლის ქვრივი ტატიანა რომანოვა ქმრის ნეშტს ხარკოვში დახვდა. პავლოვსკში გადახდილი პანაშვიდების შემდეგ მიცვალებული საქართველოში გადაასვენეს და მცხეთაში, სვეტიცხოველში დაკრძალეს. 2007 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცა კონსტანტინე და თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელების არქივი, რომელიც მოიცავს უნიკალურ მასალებს ბაგრატიონთა საგვარეულოს შესახებ. არქივი ბიბლიოთეკას გადასცა თეიმურაზ ბაგრატიონ-მუხრანელის მეუღლემ ირინა ბაგრატიონ- მუხრანელმა. თეიმურაზ და ნატალია ბაგრატიონ-მუხრანელების მამა, ტატიანა რომანოვას (იღუმენია თამარი) მეუღლე. წყარო: მედიაჰოლდინგი "კვირა": kvira.ge; funtime.ge; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: nplg.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |