The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დიმიტრი ვარდანაშვილი

დიმიტრი ვარდანაშვილი
დაბადების თარიღი:1916
გარდაცვ. თარიღი:20 სექტემბერი, 1937  (21 წლის ასაკში)
კატეგორია:ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ არაერთი ანტისაბჭოთა ორგანიზაცია და დაჯგუფება შეიქმნა. განსაკუთრებული პროტესტი არსებული ხელისუფლების მიმართ წლების განმავლობაში ახალგაზრდებში გაღვივდა, ამიტომაც სხვადასხვა დროს უმაღლესი სასწავლებლების კედლებში უამრავი ჯგუფი თუ ორგანიზაცია იქმნებოდა, მიზანი იყო ბრძოლა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ და ძალისმიერი გზით წართმეული დამოუკიდებლობის აღდგენა. სტუდენტმა დიმიტრი ვარდანაშვილმა ჩამოაყალიბა სტუდენტური კონტრრევოლუციური დაჯგუფება, აგროვებდა ანტისაბჭოთა ლიტერატურას, ავრცელებდა პროკლამაციებს; ცდილობდა რაც შეიძლება მეტი განათლებული ახალგაზრდა შემოეკრიბა დაჯგუფებაში და ასე დაპირისპირებოდა საბჭოთა დიქტატურას. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულია დიმიტრი ვარდანაშვილის სისხლის სამართლის ოთხტომიანი საქმე. იგი სრულად აღიარებდა მის მიმართ წაყენებულ ყველა ბრალდებას და ცდილობდა საკუთარ თავზე აეღო მთელი პასუხისმგებლობა, რათა დაეცვა დაჯგუფების დანარჩენი წევრები. დიმიტრი ვარდანაშვილს ზუსტად ჰქონდა გაცნობიერებული, რაც მოელოდა საბჭოთა "მართლმსაჯულების პირობებში" და სასამართლო პროცესზე ერთადერთს ითხოვდა, გაითვალისწინებინათ მისი ასაკი და სიცოცხლე შეენარჩუნებინათ. 21 წლის ახალგაზრდას სასჯელის უმაღლეს ზომა - დახვრეტა მიუსაჯეს. დიმიტრი ვარდანაშვილი ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტი იყო, საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ პირველი საპროტესტო ნაბიჯი რომ გადადგა. 1934 წლის დეკემბერში ინსტიტუტში ს. კიროვის მკვლელობასთან დაკავშირებით სამგლოვიარო მიტინგი გაიმართა. სტუდენტები და პედაგოგები ს. კიროვის მკვლელის, ნიკოლაევის სიკვდილით დასჯას მოითხოვდნენ. ერთადერთი, ვინც ამ მიტინგსა და მოთხოვნას არ შეუერთდა, დიმიტრი ვარდანაშვილი იყო. მან წინა ღამით დაბეჭდა შემდეგი შინაარსის პროკლამაცია, "ნიკოლაევი მხეცი კი არა, გმირია" და აუდიტორიების კედლებზე გააკრა. ამ ფაქტს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, თუმცა პროკლამაციის ავტორი ვერ იპოვეს და მაშინ დიმიტრი ვარდანაშვილი დაპატიმრებას გადაურჩა. მომხდარიდან მალევე მან დატოვა ქუთაისი და 1935 წელს თბილისში გადავიდა სასწავლებლად, სადაც სამედიცინო ინსტიტუტში გააგრძელა სწავლა. დიმიტრი ვარდანაშვილმა  შემოიკრიბა თანამოაზრეები და ჩამოაყალიბა ანტისაბჭოთა დაჯგუფება. "ცისკარიშვილი, ცერაძე და მე სამედიცინო ინსტიტუტში ვსწავლობდით და ინსტიტუტთან ახლოს სხვადასხვა ადგილებში ვხვდებოდით ერთმანეთს, სადაც პოლიტიკურ შეხედულებებზე ვსაუბრობდით. ისინიც იზიარებდნენ ჩემს მოსაზრებებს და როცა ორგანიზაციის შექმნა შევთავაზე, დამთანხმდნენ" (ამონარიდი დიმიტრი ვარდანაშვილის დაკითხვის ოქმიდან). შემდეგ ახალგაზრდებმა ააწყვეს არალეგალური სტამბა და საპროტესტო პროკლამაციებს ბეჭდავდნენ, თუმცა სტუდენტური დაჯგუფება ვიღაცამ გასცა. 1937 წლის 25 მაისს ორდერის საფუძველზე მოხდა დიმიტრი ვარდანაშვილის ბინის ჩხრეკა. ჩხრეკის დროს ამოიღეს ტიპოგრაფიული საბეჭდი მოწყობილობა, შრიფტი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი პროკლამაციები, მენშევიკური ლიტერატურა, ნოე ჟორდანიასა და ნოე რამიშვილის პორტრეტები, ნოე რამიშვილის წიგნი "ისტორიული მატერიალიზმი", ნოე ჟორდანიას გამოცემა "ნაციონალურ საკითხებთან დაკავშირებით", 1919 წელს გამოცემული ჟურნალი, სამხედრო რუკა, დიმიტრი ვარდანაშვილის ჩანაწერების წიგნი, სხვადასხვა მიმოწერები და რევოლვერი. 26 მაისს დიმიტრი ვარდანაშვილი დააპატიმრეს და საბრალდებო დასკვნა გააცნეს: "შინსახკომის თანამშრომლების მიერ აღმოჩენილ და ლიკვიდირებულ იქნა სტუდენტების არალეგალური კონსპირაციული მენშევიკურ კონტრრევოლუციური დაჯგუფება, რომელსაც დიმიტრი ვარდანაშვილი ხელმძღვანელობდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს კონტრრევოლუციური არალეგალური დაჯგუფება მიზნად ისახავდა, საბჭოთა ხელისუფლების დამხობას კონტრრევოლუციური აგიტაციით, პროკლამაციების გავრცელებით და მოწოდებებით. დაჯგუფება ანტისაბჭოთა პარტიებსა და ორგანიზაციებს გაერთიანებისკენ მოუწოდებდა, რათა დაემხოთ საბჭოთა ხელისუფლება და დაემყარებინათ ბურჟუაზიულ-დემოკრატიული ხელისუფლება". 1937 წლის 19 სექტემბერს სამხედრო კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება და დიმიტრი ვარდანაშვილს მიესაჯა დახვრეტა პირადი ქონების კონფისკაციით, ცისკარიშვილსა და ცერაძეს კი 10 წლით გადასახლება. განაჩენი სისრულეში მეორე დღესვე მოიყვანეს, 21 წლის სტუდენტი 1937 წლის 20 სექტემბერს დახვრიტეს. 1989 წელს საქართველოს სსრ პროკურატურამ მის რეაბილიტაციაზე უარი განაცხადა. რეპრესირებული.

წყარო: პროექტი "ღია სია": ge.openlist; საინფორმაციო პორტალი "ქართული კვირა": kartuli.kvira.ge


გააზიარე: