The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ავთანდილ მერაბაშვილი

ავთანდილ მერაბაშვილი
Other name:მერაბიშვილი
მერებაშვილი
Date of birth:1902
Date of death:1974  (at 72 years)
Category:Manufacturer, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1924 წლის აგვისტოს აჯანყების დამარცხებისა, მამის და ნათესავების დახვრეტის შემდეგ ჯერ გერმანიაში, შემდეგ – საფრანგეთში წავიდა ემიგრაციაში; იყო 1924 წელს დაარსებული ორგანიზაცია "თეთრი გიორგის" წევრი. ქართული ემიგრაცია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ კონფერენციის მუშაობაში იღებდა მონაწილეობას და აწარმოებდა ანტიბოლშევიკურ ბრძოლას. ემიგრანტებმა გაახმაურეს 1921-1923 წლების ოკუპაცია და რეპრესიები, 1924 წლის აჯანყების მხეცური ანგარიშსწორება. საერთაშორისო თანამეგობრობა და ერთა ლიგა კარგა ხანს არ სცნობდა საბჭოთა რუსეთს, ამიტომ საბჭოთა მთავრობამ ემიგრაციაში თავისი აგენტები შეგზავნა. აგენტებმა ემიგრანტთა ნაწილის მოსყიდვა მოახერხეს, ნაწილი კი დაარწმუნეს, რომ სამშობლოში მათ დაბრუნებას ხელისუფლება სიხარულით შეხვდებოდა და ყოველგვარ დახმარებას აღმოუჩენდა. საბჭოთა აგენტურის ანკესს წამოეგო ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ლიტერატორი გრიგოლ ვეშაპელი. 1925 წელს გრიგოლ ვეშაპელი პარიზში გამომავალი თავისი გაზეთის "ახალი საქართველოს" ფურცლებიდან ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებდა, მალე გრიგოლ ვეშაპელის მომხრეებმა სამშობლოში დაბრუნების მსურველთა სიების შეგროვება დაიწყეს. ამ საკითხზე განსხავებული აზრი ჰქონდათ "თეთრი გიორგის" წევრებს. პარიზში, ოდეონის მოედანზე, კაფე "ვოლტერში" რეპატრიაციის მსურველთა შეკრებაზე "თეთრი გიორგის" წევრები მივიდნენ და ხალხს დარწმუნება დაუწყეს, რომ საბჭოეთში დაბრუნება აუცილებელ დაღუპვას თუ არა, ციმბირში ხანგრძლივ გადასახლებას მოასწავებდა. ამას დაპირისპირებულ მხარეებს შორის კამათი, ცემა–ტყეპა და იარაღის გასროლა მოჰყვა. პოლიციამ შეკრებილები დააკავა და სასამართლოს წარუდგინა. მოსამართლემ ისინი გაათავისუფლა და მხოლოდ გრიგოლ ვეშაპელსა და რამდენიმე კაცს დაავალა ჯარიმის გადახდა, თუმცა სასამართლოდან გამოსულ გრიგოლ ვეშაპელს ავთანდილ მერაბიშვილმა მანქანაში ჩაჯდომა არ აცალა და უამრავი თვითმხილველის თვალწინ ტყვია დაახალა. გრიგოლ ვეშაპელი მონპარნასის სასაფლაოზე დაკრძალეს. ავთანდილ მერაბიშვილი კი ფრანგული სასამართლოს წინაშე წარსდგა. სასამართლო პროცესს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქართულ ემიგრანტულ და უცხოურ პრესაში. გარდაცვლილის ინტერესებს კომუნისტი ჰენრიხ ტორეზი იცავდა, ბრალდებულს კი – იტალიელი ადვოკატი მირო ჯიაფერი. ბოლშევიკებმა სცადეს "მერაბიშვილის საქმე" დიდ პოლიტიკურ პროცესად ექციათ, თუმცა საბოლოო ჯამში ცნობილმა ფრანგმა პოლიტიკურმა მოღვაწეებმა პიერ რენოდელმა და ედუარდ მარკემ პროცესი საქართველოს დასაცავ პოლიტიკურ აქციად და ოკუპანტთა გასამართლებლად აქციეს. მესამე დღეს ტორეზმა განსასჯელის სიკვდილით დასჯა მოითხოვა. ამ დროს დარბაზიდან სიტყვა ითხოვა უცნობმა მამაკაცმა. იგი რუსი ემიგრანტი, პოეტი და "ვეფხისტყაოსნის" მთარგმნელი კონსტანტინე ბალმონტი აღმოჩნდა. მან განაცხადა, რომ იგი წლების მანძილზე თარგმნიდა ქართველთა ყველაზე დიდი პოეტის შოთა რუსთაველის პოემას, რამდენჯერმე ეწვია საქართველოს და კარგად ჩასწვდა ქართველთა ხასიათს, რომლებიც უკვე 700 წელია "ვეფხისტყაოსნის" იდეალებზე იზრდებიან; რომ ქართველისთვის ყველაზე მძიმე დანაშაული რწმენის, სამშობლოსა და მეგობრის ღალატია; რომ გრიგოლ ვეშაპელმა სამივე ეს ზნეობრივი პრინციპი დაარღვია და დაისაჯა კიდეც. ბალმონტის პოეტური და მჭვერმეტყველური საუბრის შემდეგ ნამდვილი სასწაული მოხდა, სასამართლომ გაითვალისწინა მისი არგუმენტები, მკვლელი გაათავისუფლა და მხოლოდ საფრანგეთიდან გასახლება მიუსაჯა, თუმცა გრიგოლ ვეშაპელის მკვლელობასთან დაკავშირებით არსებობს გენერალ შალვა მაღლაკელიძის (1894-1976 წწ.) მოგონებები, რომლის მიხედვითაც ვეშაპელი მოღალატე არ ყოფილა, ის მისივე კაცმა მოკლა და სწორედ მერაბიშვილი იყო ბოლშევიკების აგენტი. საფრანგეთიდან გაძევებული ავთანდილ მერაბიშვილი ჯერ ბელგიაში დასახლდა, სადაც მდიდარ ქალზე დაქორწინდა, შემდეგ გერმანიაში გადავიდა. ბერლინის ბირჟაზე ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა დაწყო და სოლიდური ქონება დააგროვა. II მსოფლიო ომის შემდეგ, როცა ნაცისტებთან თანამშრომლობის ბრალდებით საბჭოთა მთავრობამ სხვა ქართველებთან ერთად, მოკაშირეებს მერაბიშვილის გადაცემაც მოსთხოვა, მან ევროპა დატოვა. ჯერ არგენტინაში ჩავიდა, ბუენოს–აირესის მახლობლად, ლომას დე ზამორაში, შემდეგ ბოლივიაში გადავიდა, ბოლოს კი ჩილეში დასახლდა, 1947 წელს ჩილემ საბჭოთა კავშირთან ურთიერთობა გაწყვიტა და ევროპიდან ლტოლვილები შეიფარა. ავთანდილ მერაბიშვილმა ჩილეში სპილენძისა და გვარჯილის საბადოები შეიძინა და დიდი ქონება დააგროვა, წარმოებაში მოგებული ფულით ჩილეს დედაქალაქის სანტიაგო დე ჩილეს მახლობლად, ატლანტიკის ოკეანის სანაპიროზე მიწები შეიძინა, რესტორნების ქსელი და სააგარაკო ქალაქი გააშენა, ქუჩებს ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა–ფშაველას, ცენტრალურ გამზირს კი შოთა რუსთაველის სახელები უწოდა. ქალაქის ჩუქება მას ქართველებისთვის სურდა, უნდოდა ქალაქი 1968 წელს 50 წლის იუბილეზე თბილისის უნივერსიტეტის საკუთრება გამხდარიყო, თუმცა სურვილი სურვილად დარჩა. კომუნისტებმა ეს თემა მიჩქმალეს და მას ტაბუ დაადეს. 1954 წელს ავთანდილ მერაბიშვილმა შვილისთვის ქართული ენის სასწავლებლად ჩილეში მიიწვია ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი და მწერალი, რუსთველოლოგი ვიქტორ ნოზაძე. მერაბიშვილმა მეცნიერს დიდი დახმარება გაუწია, გადაიხადა მისი ოპერაციის თანხა, დაუფინანსა ფუნდამეტური გამოკვლევის – "ვეფხისტყაოსნის" განკითხვიდან" ოთხი წიგნი: "ფერთამეტყველება" (1953), "მზისმეტყველება", "ვარსკვლავთმეტყველება", რომელშიც ჩართული იყო "ბუნებისმეტყველება" (1957) და "საზოგადოებათმეტყველება" (1958). ავთანდილ მერაბიშვილის ინიციატივით, ცნობილმა მთარგმნელმა გუსტავო დელა ტორემ ვიქტორ ნოზაძის დახმარებით თარგმნა "ვეფხისტყაოსანი". თარგმანი 1966 წელს გამოიცა მერაბიშვილის დაფინანსებით. რუსთაველის 800 წლის იუბილესადმი ავთანდილმა ჩილელ მხატვარს შეუკვეთა პოეტის პორტრეტი, რომელიც ამშვენებდა ჩილელ მწერალთა ასოციაციის მიერ მოწყობილ საიუბილეო საღამოს მოსაწვევს. ავთანდილ მერაბიშვილი ხშირად იწვევდა ემიგრანტ ქართველებს თავისთან დასასვენებლად, ასევე ყველა "საბჭოთა" ქართველს, ვისაც ჩილეში ჩასვლა უწევდა (იოსებ ნონეშვილი, სუხიშვილების ანსამბლი). 1974 წელს ავთანდილ მერაბიშვილმა გაურკვეველ ვითარებაში მოიკლა თავი. არსებობს ეჭვი, რომ ეს საბჭოთა სპეცსამსახურების ნამოქმედარი იყო. საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მეცენატი, ქველმოქმედი. ჩილეში სპილენძისა და გვარჯილის მაგნატი.

წყარო: ვინ იყო ქართველი მილიონერი ჩილეში / თენგიზ ჩობანიძე. // საქართველოს რესპუბლიკა.- თბილისი, 2020.- 4 მაისი.- N60 (8986).- გვ.7


Share: