Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რუბენ ენუქაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ქართველურ ენათა განყოფილება 1969 წელს, იმავე წელს ჩაირიცხა ასპირანტურაში ძველი ქართული ენის სპეციალობით. იყო აკადემიკოს ვარლამ თოფურიას სახელობის სტიპენდიატი და ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, 1974 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. დაცვის დროს სიტყვით გამოვიდა აკაკი შანიძე, რომელიც კათედრის მხრიდან ნაშრომის რეცენზენტი იყო და განაცხადა: "შესაძლებელი რომ იყოს პირდაპირ სადოქტორო ხარისხის მინიჭება, თავისუფლად შეიძლებოდა ამის გაკეთება წარმოდგენილი ნაშრომისთვისო". 1970 წლიდან რუბენ ენუქაშვილი მუშაობდა პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, როგორც ლექტორი. 1975 წლიდან რუბენ ენუქაშვილი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ენის კათედრის დოცენტი. 1980-1992 წლებში იყო ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობის დროს იგი გახდა ძველი ქართული ენის, განსაკუთრებით კი ბიბლიური წიგნების აღიარებული მკვლევარი, გამოაქვეყნა რამდენიმე საყურადღებო სამეცნიერო ნაშრომი მათი ლექსიკის შესახებ. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა დიდტანიანი წიგნი "ახალი აღთქმის წიგნთა (სამოციქულოს) ძველი ქართული ვერსიების სიმფონია-ლექსიკონი", რომელიც ლ. ბარამიძესა და თ. მეტრეველთან ერთად დასაბეჭდად გაამზადა ჯერ კიდევ საქართველოში ცხოვრების დროს. ეს წიგნი 2009 წელს უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და ხელშეწყობით და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეგიდით გამოიცა. რუბენ ენუქაშვილი მუშაობდა ძველი ქართული ტექსტების გამოცემაზეც, კერძოდ, იგი მონაწილეობდა უმნიშვნელოვანესი ძეგლის "უდაბნოს მრავალთავის" გამოცემისა, საყურადღებოა მისი ნაშრომები "ვეფხისტყაოსნის" ენის საკითხებზე, ქართული ზმნის აგებულების შესახებ და სხვ. ძველი ქართული ენის შემსწავლელთათვის მნიშვნელოვანია რუბენ ენუქაშვილის ბროშურა "მეთოდური მითითებანი ძველ ქართულ ენაში", რომელშიც ავტორმა წარმოაჩინა ახლებური მიდგომა განსახილველი საკითხებისადმი. პროფესორების იოსტ გიპერტსა და ზურაბ ჭუმბურიძესთან ერთად რუბენი იყო რედაქტორი ივანე იმნაიშვილისა და ვახტანგ იმნაიშვილის გამოსული წიგნისა "ზმნა ძველ ქართულში" რედაქტორი. გამოაქვეყნა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაშრომი ქართული ზმნის სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია სტატიები ხანმეტობის, აგრეთვე სტატიკური ზმნების შესახებ. რუბენ ენუქაშვილი თითქმის 20 წლის განმავლობაში კითხულობდა ქართული ენისა და ლიტერატურის სატელევიზიო კურსს (თამაზ კვაჭანტირაძის პარალელურად). იგი, პროფესორ კორნელი დანელიასა და სხვა რამდენიმე სპეციალისტთან ერთად იბრძოდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდების სისტემის შესაცვლელად და ტესტების დღევანდელისგან ოდნავ განსხვავებული სისტემის შემოსაღებად. მან მცირე ზომის სახელმძღვანელოც კი შექმნა მათთვის, ვისაც ტესტების სისტემით უნდა ჩაებარებინა გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში. რუბენ ენუქაშვილმა საქართველოშივე დაიწყო ქართველ ებრაელთა სამეტყველო ენის შესწავლა და გამოაქვეყნა პირველი სამეცნიერო მოხსენებები ქართველ ებრაელთა მეტყველების შესახებ (1986-1989 წწ.), ამ მეტყველების შესწავლას ჰქონდა დიდი მნიშვნელობა ებრაელთა ენების კვლევისთვის და ქართული დიალექტოლოგიის განვითარებისათვის. მან ისრაელში ინტენსიურად განაგრძო ამ სფეროში სამეცნიერო მუშაობა და ისრაელისა თუ საზღვარგარეთის პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალებში გამოაქვეყნა საყურადღებო სტატიები ქართველ ებრაელთა მეტყველების შესახებ. ისრაელის ერთ-ერთ სამეცნიერო ჟურნალში გამოაქვეყნა ვრცელი სტატია ქართველ ებრაელთა მეტყველების შესახებ. ჟურნალ "გეორგიკაში" გამოაქვეყნა სტატია ქართული ზმნის პირიანობის აღნიშვნის თაობაზე ქართველ ებრაელთა მეტყველების მაგალითზე, რომელშიც სრულიად ახლებურად არის დაყენებული ქართულ ზმნაში პირების აღნიშვნის შესაძლებლობათა საკითხი. რუბენ ენუქაშვილის სამეცნიერო ინტერესების კიდევ ერთი სფერო იყო საქართველოსა და კავკასიის თანამედროვე ისტორიისა და ქართული სიონიზმის ისტორიის საკითხები. აღსანიშნავია მისი ნაშრომი პირველი ქართველი სიონისტის, რაბინ დავიდ ბააზოვის ენობრივი პოზიციის შესახებ, რომელიც ქართულ ენაზე დაიბეჭდა საქართველოს ებრაელთა მუზეუმის შრომების კრებულში. ასევე საინტერესო დაკვირვებათა შემცველია ნაშრომი თურქი მესხების ისტორიისა და თანამედროვე მისწრაფებათა შესახებ. ეს ნაშრომები სტოკჰოლმში გამოქვეყნდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს ისტორიის უახლესი და ურთულესი პერიოდის შესახებ ღრმა ანალიზისა და ობიექტურ შეფასებათა შემცველი წიგნი, რომელიც ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა და ორჯერ გამოიცა მისი ქართული თარგმანი (2004 წელს ჟურნალ "განთიადის" რამდენიმე ნომერში და 2008 წელს საქართველოს ებრაულ გაზეთ "მენორას" რამდენიმე ნომერში). სამხრეთ ოსეთის ამბებთან დაკავშირებით საქართველოში ატეხილი ომის წინაპირობათა შესახებ რუბენ ენუქაშვილმა ისრაელში ინგლისურ ენაზე გამომავალ პოლიტოლოგიურ ჟურნალში გამოაქვეყნა საინტერესო და აქტუალური სამეცნიერო ნაშრომი, რომელმაც მყისვე გამოიწვია დიდი ინტერესი და გამოხმაურებანი ამერიკელ პოლიტოლოგთა მხრივ. რუბენ ენუქაშვილი ისრაელში ასვლის შემდეგაც რეგულარულად მოღვაწეობდა საქართველოში ბოლო წლებში გამართულ თითქმის ყველა საერთაშორისო ფილოლოგიურ თუ საენათმეცნიერო კონფერენციაში (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ენათმეცნიერების ინსტიტუტში, ბათუმის უნივერსიტეტში და სხვ.). იგი აქტიური მონაწილეა აგრეთვე საზღვარგარეთ გამართული ქართველოლოგიური კონფერენციებისა (ლაიდენში, მაინის ფრანკფურტში და სხვ.). ასევე აღსანიშნავია, რომ ისრაელში გამართულ საერთაშორისო სიმპოზიუმებსა თუ პოლიტოლოგიურ კონფერენციებში იგი სისტემატურად წარადგენდა მოხსენებებს, რომელთა ყურადღების ცენტრში იყო საქართველო, მისი ენა, ისტორია, თანამედროვეობა თუ კულტურა. დიდი ყურადღება მიიპყრო იერუსალიმის უნივერსიტეტში გამართულმა საერთაშორისო სემინარმა, სადაც წაიკითხა მოხსენება ქართულ კინოხელოვნებაში საქართველო წინა საუკუნის ისტორიის მოვლენათა ასახვის შესახებ თეიმურაზ აბულაძის "მონანიების" მიხედვით (შემდეგ ეს მოხსენება სტატიის სახით გამოქვეყნდა ივრითზე ისრაელის ერთ-ერთ სამეცნიერო-სალიტერატურო ჟურნალში). რუბენ ენუქაშვილი დიდ მუშაობას ეწეოდა ებრაული კულტურის პროპაგანდისათვის საქართველოში და, პირიქით, ქართული კულტურის გასაცნობად ისრაელის საზოგადოებრიობისათვის. წლების განმავლობაში იგი გახლდათ ისრაელის ქართულენოვან ჟურნალ "დროშის" მთავარი რედაქტორი. ერთხანს თავის ქართულენოვან გაზეთსაც უშვებდა, მაგრამ შეწყვიტა იერუსალიმის უნივერსიტეტში მიწვევის გამო. ცალკე უნდა გამოიყოს მთარგმნელობითი მოღვაწეობა. ცნობილ ისრაელ პოეტ, პროფესორ ორციონ ბართანასთან ერთად გამოსცა კრებული გალაკტიონ ტაბიძის ლექსების თარგმანებისა ივრითზე (საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის თანადგომით). მათვე ისრაელის წამყვან ლიტერატურულ ჟურნალში გამოაქვეყნეს ლია სტურუას რამდენიმე ლექსის თარგმანი. თბილისში გამოიცა მის მიერ თარგმნილი ორციონ ბართანას ვრცელი მოთხრობა "დაფარული შუქი", ისრაელში კი ქართულ ენაზე დაისტამბა ვრცელი შესავალი ამავე ავტორის დიდად საყურადღებო წიგნისა ებრაული ლიტერატურის შესახებ "საუკუნეთა მიჯნაზე". თავის დროზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მის მიერ პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტებისათვის კოდუხოვის "ზოგადი ენათმეცნიერების" სახელმძღვანელოს თარგმნამ, რასაც ახლდა საინტერესო შენიშვნები და მაგალითები ქართული ენის სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. დიდ ყურადღებას აქცევდა ისრაელის ქართულენოვანი კულტურული ინსტიტუტების მოღვაწეობას. მიუხედავად სამეცნიერო-პედაგოგიური და ჟურნალისტური საქმიანობით დიდი დაკავებულობისა, როგორც რედაქტორმა, დიდი მუშაობა გასწია ისრაელის ქართულენოვანი თეატრის ცნობილი მსახიობისა და რეჟისორის დავით ხუბელაშვილის წიგნის "ორ ქვეყანას გადაწვდენილი რამპის შუქი" გამოსაცემად. რეუვენ ენოხის (რუბენ ენუქაშვილის) მეცნიერულ მიღწევათა ღირსეული აღიარებაა ის ფაქტი, რომ ისრაელში 2010 წელს იგი შეიყვანეს სხვადასხვა ქვეყნების საუკეთესო მეცნიერთა ასეულში და მისი მეცნიერული ბიოგრაფია შეტანილია სპეციალურ წიგნში, რომელიც ამ მეცნიერთა პატივსაცემად გამოიცა. რუბენ ენუქაშვილის სახით ქართულ კულტურას, ლიტერატურასა და, განსაკუთრებით, ქართულ ენას ჭეშმარიტი ქომაგიდა მოჭირნახულე ჰყავდა, იგი იყო ისრაელის ქალაქ არიელის საუნივერსიტეტო ცენტრის პროფესორი და ისრაელის სახელმწიფო რადიო "კოლ ისრაელის" ("ისრაელის ხმა") ქართულენოვან რადიოგადაცემათა რედაქციის ხელმძღვანელი. (1992 წლიდან რეუვენ ენოხი). წყარო: ქართული ენის ქომაგი ისრაელში / ვახტანგ იმნაიშვილი .- თბილისის უნივერსიტეტი, 2011.-15 აპრილი, N5.- გვ.10-11 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |