შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე მელიქ-აზარიანცი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ალექსანდრე აღაფონის ძე მელიქ-აზარიანცმა, უმაღლესი განათლება პეტერბურგში მიიღო. პროფესიით გეოლოგმა ცოდნა არაერთხელ გამოიყენა, როგორც საქმეში – სპილენძისა და ნავთობის მოპოვება-გადამუშავება, ისე "შემოსავლიანი სახლის" მშენებლობისას. როგორც ჩანს, თავისი საქმის კარგი მცოდნე იყო, რაკი არაერთი ჯილდო მიუღია სპილენძის გადამუშავების დახვეწაში შეტანილი წვლილისთვის. ალექსანდრე მელიქ-აზარიანცი პირველი გილდიის ვაჭარი იყო, მსხვილი ბიზნესმენი, რომელსაც ჰქონდა სპილენძის საბადოები და გადამამუშავებელი ქარხნები სომხეთში (ქარხანას ფლობდა თბილისშიც), ნავთობის საბადოები ბაქოში, ქვის სამტეხლოები, პირველი სატელეფონო ქსელი თბილისში, შემოსავლიანი სახლი ოლგას ქუჩაზე (ახლანდელი რუსთაველის გამზირი № 37), ორი სახლი – სულხან საბას და ლერმონტოვის ქუჩებზე და სხვ. XIX საუკუნის მიჯნაზე, კავკასიაში ინგლისური კაპიტალის ზრდა შეინიშნებოდა განსაკუთრებით, ნავთობის მიმართულებით. იმ პერიოდში ბევრმა მსხვილმა კაპიტალისტმა მიჰყიდა ბიზნესი ინგლისელებს. 1899 წელს მელიქ-აზარიანცმა და ძმებმა მუტაფიანებმა ზანგეზურის სპილენძის მადნები და ქარხნები ინგლისელებს მიჰყიდეს, რის საფუძველზეც შეიქმნა Anglo-Russian copper Mining Syndicate, Ltd. ამ მასშტაბური ეკონომიკური გარიგებების ფონზე, ბევრი მსხვილი ბიზნესმენი გადასახლდა ლონდონში. როდესაც მელიქ-აზარიანცის შესახებ საუბრობენ, თითქმის ყოველთვის ახსენებენ "შემოსავლიან სახლს", რომელიც მან ააგო. ამ შენობის არქიტექტურაზე, მშენებლობის პროცესზე, რომელსაც არაერთი ლეგენდა უკავშირდება. შემოსავლიანი სახლებს იმ დროისთვის სხვებიც აშენებდნენ – ნაწილს აქირავებდნენ, ნაწილში კი თავადაც ცხოვრობდნენ, თუმცა უმეტესობა მათგანი მხოლოდ ფასადით იყო მომხიბვლელი. აზარიანცმა ათწლეულებით გაუსწრო არსებულ სტანდარტულ ინფრასტრუქტურას და განიზრახა აეგო სრულიად განსხვავებული კონცეფციის "შემოსავლიანი სახლი" – ეს იყო მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელსაც ჰქონდა საკუთარი წყალმომარაგება, ცენტრალური გათბობა, საკუთარი სატელეფონო სადგური, კინოთეატრი, ფოტოსალონი, ბავშვთა პანსიონი, სამხატვრო გალერეა, ეგზოტიკური მცენარეებითა და შადრევნით გაშენებული ეზო. სახლი ძირითადად რუს საჯარო მოხელეებს ჰქონდათ ნაქირავები და ასეთი კომფორტის მიუხედავად, აზარიანცი მაინც არ აფასებდა ძვირად. აღსანიშნავია, რომ აზარიანცის სახლის ადგილას ნაგავსაყრელი და ბარაკები იყო და ქალაქის თავმა ხატისოვმა ალექსანდრეს სწორედ ეს ადგილი შესთავაზა სამშენებლოდ. საძირკვლის ტრადიციული მეთოდით ამოყვანა შეუძლებელი იყო გრუნტის წყლების გამო. განათლებით გეოლოგმა ეს გამოწვევაც უდრეკად მიიღო და გონივრული გამოსავალი იპოვნა – საძირკველი მთლიანად ტყვიაში ჩასვა, ხოლო სამშენებლოდ სპეციალური ხერხით გამომწვარი აგური გამოიყენა. რაკი "შემოსავლიანი სახლი" გამორჩეულად დიდი შენობა იყო, საძირკველიც დიდი სჭირდებოდა, ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც სახლს მიწისქვეშ 3-4 სართული და გვირაბების დიდი ქსელი აქვს, იდუმალებით მოცულ მეპატრონეს ეს სივრცე სხვა დანიშნულებითაც სჭირდებოდა. ამ მოსაზრებას ამყარებს, 1909 წელს, გაზეთ "მომავალში"გამოქვეყნებული ინფორმაცია "შემოსავლიანი სახლის" ჩხრეკის შესახებ. მელიქ-აზარიანცზე ის ლეგენდებიც მეტყველებს, რომლებიც მის შესახებ შემოგვინახა ქალაქმა. მშენებლობის პროცესში, ხატისოვს წყალი შეუწყვიტავს მისთვის და მის გამოშვებას მხოლოდ გაძვირებული ტარიფის სანაცვლოდ დაჰპირებია. ქალაქის თავის ვერაგობას აზარიანცმა ჯიუტი მოხერხებულობით უპასუხა – დიდი რაოდენობით შეისყიდა ღვინო, რომელიც წყალზე ბევრად იაფი ჯდებოდა და ის მოიხმარა სამშენებლოდ. 1906 წლის ყოველდღიურ გაზეთ "ლამპარში" განთავსებული მუშების წერილის მიხედვით მისი მმართველობა ლოიალური უნდა ყოფილიყო დასაქმებულთა მიმართ. ნაწილობრივ, კურიოზულია თავად წერილის შინაარსი, სადაც მუშები, რომლებსაც, მათივე თქმით, აზარიანცის სპილენძის ქარხანამ ყველა მოთხოვნა დაუკმაყოფილა, ხოლო ქარხნის ფუნქციონირების შეჩერებიდან 2 თვის განმავლობაში, სრულიად არაფერში, ნახევარი ჯამაგირი დაურიგა, შემდგომ კი, "ანგარიშის გასწორებისას", 2 თვის ხელფასი აუნაზღაურა, მაინც გამოთქვამენ უკმაყოფილებას დამსაქმებლის მიმართ. მელიქ-აზარიანცი "კავკასიის სომეხთა საქველმოქმედო საზოგადოებას" ხელმძღვანელობდა, რომელმაც 1881 წლის 15 ნოემბერს დაიწყო ფუნქციონირება. დაფუძნებიდან 1 თვის თავზე, ორგანიზაცია 465 წევრს ითვლიდა, ხოლო შემოწირულობის სახით 190 000 რუბლი ჰქონდა მოგროვილი, – ამ თანხიდან 24-მა ადამიანმა შეიტანა 7900-7900 რუბლი, ხოლო დანარჩენმა 441-მა – 5-5 რუბლი. საინტერესოა თავად მიდგომა, როგორ გროვდებოდა თანხა საზოგადოებრივი საქმეებისთვის. წლების მანძილზე ამ საქმით სამი ალექსანდრე იყო დაკავებული: ანანიანი, მანთაშევი და მელიქ-აზარიანცი. წელიწადში ერთხელ, ისინი იწყებდნენ მსვლელობას ქალაქში, სათითაოდ ჩამოუვლიდნენ ხოლმე თითოეულ მაღაზიას, დუქანს თუ სახელოსნოს – ეფრემ ცატურიანის მაღაზიიდან დაწყებული, ახლანდელი ლესელიძის გავლით, ავლაბრის ხიდამდე და აგროვებდნენ შემოწირულობებს. იშვიათად, რომ ვინმეს უარი ეთქვა ასეთი პატივსაცემი ადამიანებისთვის და 5 რუბლი არ გაემეტებინა. იმ დროისათვის ყველამ იცოდა, რომ თუ საზოგადოებას დაუგეგმავად სჭირდებოდა თანხა ქველმოქმედებისთვის, ამ სამი ალექსანდრესთვის უნდა მიემართათ. ფონდის ფუნქციონირების პირველსავე წელს გაიხსნა წარმომადგენლობა ერევანში, ყარსში, ნახიჭევანში, ართვინში, გორში, ბათუმში, არმავირში, ახალციხეში, თელავში, ახალქალაქში, სიღნაღსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში. რამდენიმე წლის თავზე კი საზოგადოება 21 "ფილიალს" ითვლიდა. ჰუმანიტარული საქმიანობის გამო, საქველმოქმედო საზოგადოებამ მალევე მოიპოვა პოპულარობა ფართო მასშტაბით. მოქალაქეებს მაღალი იდეალები აერთიანებდა. ფონდის საქმიანობა გამჭვირვალედ ხორციელდებოდა და რეგულარულად იბეჭდებოდა საჯარო ხარჯთაღრიცხვა. დონაციას მოქალაქეები დიდ პატივად თვლიდნენ. მაგალითად, ოვანეს ხუდადოვმა მთელი მისი უძრავ-მოძრავი ქონება, რომლის ღირებულებაც 150 000 რუბლს აჭარბებდა, საზოგადოებრივი საქმის საკეთილდღეოდ, ბავშვთა სახლების, სკოლებისა და კლინიკების ასაშენებლად გადაულოცა ფონდს. ფონდი თავისი ხარჯებით ინახავდა 100 სოფლის სკოლას, ბიბლიოთეკას, ქალაქებში ხსნიდან სასწავლო კურსებს, სტიპენდიებით ეხმარებოდა ევროპაში სასწავლებლად წასულ სტუდენტებს. ფონდი დიდ ყურადღებას აქცევდა განათლებას. მისი მფარველობის ქვეშ იყო 63 საეკლესიო საგანმანათლებლო ცენტრი თბილისისა და ერევნის ეპარქიებში, ასევე 140 სკოლა, ათობით ბიბლიოთეკა, სახელოსნო და ა.შ. 1920 წლის გორის დიდ მიწისძვრასთან დაკავშირებით, სომეხმა მეცენატებმა, ერთობლივი ძალისხმევით, 300 000 რუბლი შეაგროვეს, რომ მოსახლეობისთვის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და საყოფაცხოვრებო ნივთები უზრუნველეყოთ. XX საუკუნის მიჯნაზე, სვეტიცხოვლის რესტავრაციისთვის, მელიქ-აზარიანცმა, მიქაელ არამიანცმა და ალექსანდრე მანთაშოვმა 150 000 რუბლი გაიღეს. ზოგიერთი წყაროს თანახმად, როდესაც ხელისუფლებაში ბოლშევიკები მოვიდნენ, მელიქ-აზარიანცს "შემოსავლიანი სახლის" გაყიდვა და საზღვარგარეთ წასვლა განუზრახავს, ამ მიზნით ფრანგ მყიდველთანაც ჰქონია მოლაპარაკება, თუმცა ალექსანდრეს ქვეყანა ვეღარ დაუტოვებია. ბოლშევიკებმა აზარიანცს ლეგენდარული "შემოსავლიანი სახლი" ჩამოართვეს და საცხოვებლად იმავე სახლის სადარბაზოში, ერთ-ერთი კიბის ქვეშ მიუჩინეს ადგილი, სადაც ალექსანდრემ სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა (სხვა ვერსიის მიხედვით, კიბის ნაცვლად, ეს იყო დარაჯის ჯიხური). ასე გარდაიცვალა იდუმალებით მოცული ბიზნესმენი 1923 წელს, უკიდურეს სიღატაკეში. მეგობრებმა შეგროვილი ფულით დაკრძალეს. ვერის ძველ სასაფლაოზე, დიდ აკლდამებს შორის, ოდესღაც თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და შეძლებული მოქალაქის მოკრძალებულ საფლავს აქვს წარწერა, "მშვიდობა შენდა, ღირსეულო მამაო!". წყარო: ქველმოქმედება და ქართული მსოფლგაგება / ზაზა სიორიძე .-თბ., 2011.-გვ. 252-256;
"მარკეტერი" - მულტიმედიური პროექტი: marketer.ge : საიდუმლოებით მოცული თბილისელი მილიონერი, ქველმოქმედი და ანტრეპრენუარი XIX საუკუნიდან! – მელიქ-აზარიანცის ბიზნეს ისტორია ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |