The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რუთი თავდიდიშვილი

რუთი თავდიდიშვილი
დაბადების თარიღი:20 ივნისი, 1926
გარდაცვ. თარიღი:1979  (52 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

1946 წლის 31 დეკემბრიდან მუშაობდა ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრში. წარმოდგენილი იყო აკაკი ბელიაშვილის "თეთრი ფინია", რომელშიც რუთი პატარა განებივრებული, ჯიუტი ბიჭუნას როლს ასრულებდა. რუთის შესანიშნავი ხმა და გარდასახვის უნარი კარგად შეესაბამა თოჯინურ სპექტაკლს. "არასოდეს დამავიწყდება 1946 წლის 31 დეკემბერი, ახალი წლის საღამო, როდესაც სპექტაკლის დამთავრების შემდეგ თეჯირი ჩამოიწია და ამდენი გახარებული, გაბრწყინებული მაყურებლის სახე დავინახე და მივხვდი, რომ გავიმარჯვეთ. ეს მთელი კოლექტივის გამარჯვება იყო, ყველას სიხარულის ცრემლები გვდიოდა, ჩემს გვერდით ამ დიდის სიხარულის მონაწილე გახლდათ ჩემი ბავშვობის მეგობრები ეთერ თოდუა და მარგო გალდავა, მაგრამ ჩვენი გამარჯვება უპირველესად სერგო ცაგარეიშვილსა და დოდო ანთაძეს ეკუთვნის, დიდ საქმეს ჩავუყარეთ საფუძველი და იმედია, თოჯინების თეატრი მრავალი წელი იცოცხლებს." რუთი თავდიდიშვილმა ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრში 32 წლის მანძილზე 80 როლი შეასრულა.  რუთი თავდიდიშვილი საკმაოდ ახალგაზრდა, 52 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქუთაისის თოჯინების თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლაშა გაგოშიძე, რომელმაც მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო რუთი თავდიდიშვილის შესახებ, იხსენებს: "რუთი თავდიდიშვილი გახლავთ პირველი ქართველი ებრაელი მსახიობი ქალბატონი, რომელიც ქუთაისის თოჯინების თეატრის დაარსების სათავესთან იდგა სერგო ცაგარეიშვილთან, დოდო ანთაძესთან და იმ დიდ პიროვნებებთან ერთად, რომლებმაც ითავეს ქუთაისში თოჯინების თეატრის დაარსება. თავიდან გამოეყო ჯგუფი მესხიშვილის დიდ თეატრს, ასე ვთქვათ, შვილობილი თეატრია დიდი თეატრის. მომზადნენ სპეციალურად მეთოჯინეები, სხვათაშორის, რამდენიმე მსახიობი თბილისიდან ჩამოვიდა სპეციალურად, რომ თოჯინების თეატრი დაარსებულიყო ქუთაისში. პირველი სპექტაკლი იყო აკაკი ბელიაშვილის "თეთრი ფინია", რომელიც 1946 წლის 31 დეკემბერს გაიმართა ქუთაისში და ქალბატონი რუთი ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობდა ამ სპექტაკლში. მე შევეცადე, მცირედ გამეცოცხლებინა, ასე ვთქვათ, ამ ქალბატონის ისტორია მის თანამედროვეებთან ერთად. ვიდეო–მასალები, რა თქმა უნდა, არ არსებობს და არც ფოტოფირები. შევეცადე, ფოტო–მასალა, რომელიც თეატრის არქივში იყო დაცული, გამომეყენებინა და გამე­ცოცხლებინა მსახიობების დახმარებით, რამდენიმე ეპიზოდი, სადაც ქალბატონი რუთი იხსენებს იმ დღეებს, იმ ემოციებს და დამოკიდებულებას, თუ რა დიდ საქმეს ჩაეყარა საფუძველი ქუთაისში და იქ კარგად ჩანს მათი როლი ამ უდიდეს საქმეში." რუთი თავდიდიშვილმა უდიდესი წვლილი შეიტანა ქუთაისის სახელმწიფო  თოჯინების თეატრის ჩამოყალიბებასა და მის განვითარებაში. 

წყარო: დავიწყებული ისტორიები : კათოლიკური და ებრაელი თემები ქუთაისში : კრებული / ავტორები დათა დოლაბერიძე, ანა თორია, მაია კაშია, მარიამ ფანჩულიძე, დათო ქათამაძე და სხვ.-თბ.,2019.-გვ.5-9; საქართველოს მუზეუმი: jewishcollections.museum.ge (გვ.17); პროგრესნიუსი: progressnews.press


გააზიარე: