The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამარ მამისთვალოვი-კეზერაშვილი

თამარ მამისთვალოვი-კეზერაშვილი
Date of birth:5 January, 1932
Date of death:8 June, 2019  (at 87 years)
Burial location:ისრაელი, ქ. ბათიამი
Category:Theologian, Translator, Writer, Journalist, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი.

დაამთავრა თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

დაიბადა ებრაული და ქართული ლიტერატურის დიდი მცოდნის, დავიდის საგალობლების და თანახის სხვა წმიდა წიგნების ორიგინალიდან ქართულ ენაზე მთარგმნელის რაბი იცხაკ მამისთვალოვის ოჯახში. 1959-1970 წლებში მუშაობდა სოხუმში, აფხაზეთის ადგილობრივ და რესპუბლიკურ გაზეთებში. 1970 წლიდან იყო საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის საკუთარი კორესპონდენტი აფხაზეთში. ამ სფეროში მიღწეული წარმატებებისათვის მიღებული აქვს მთავრობის ჯილდო. 1973 წელს სოხუმში გამოიცა მისი მოთხრობების წიგნი "საიდუმლო", რომლის მთელი ტირაჟი ერთ დღეში გაიყიდა. იმავე წელს იგი მიღებულ იქნა საბჭოთა კავშირის ჟურნალისტთა კავშირის წევრად. მისი მოთხრობები იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში, მათ შორის მოსკოვში გამომავალ იდიშურენოვან ჟურნალ "სოვეტიშ ჰეიმლანდში." 1961-1973 წლებში იყო მისი ძმის-მწერალ აბრამ მამისთვალოვის მიერ დაარსებული საქართველოს იატაკქვეშა სიონისტური ორგანიზაციის აფხაზეთის ფილიალის ხელმძღვანელი. აბრამ მამისთვალოვთან და გერშონ წიწუაშვილთან ერთად, მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოდან დიდი ალიის დაწყების საქმეში. ისრაელში ამოსვლის შემდეგ თამარი მუშაობდა ჯერ საქართველოდან ამოსულ უმაღლესდამთავრებულთა გაერთიანების ("აგუდათ ოლიმ აკადემაიმ") გენერალურ მდივნად, ხოლო შემდეგ საბჭოთა კავშირიდან გამოსულთა გაერთიანების პრეს-მდივნად და ამავე გაერთიანების ქართული სექციის გამგედ. იგი ბევრს ზრუნავდა საქართველოდან და საერთოდ ყოფილ საბჭოთა კავშირიდან ამოსულთა აბსორბციაზე. 1977 წელს თამარი იყო ისრაელში გამომავალ ქართულენოვან გაზეთ "ნერგის" რედაქტორის მოადგილე. 1978 წლიდან თამარი მუშაობდა ისრაელის რადიოს, "კოლ ისრაელის" ქართულენოვან გადაცემათა განყოფილებაში დიქტორ-რედაქტორად, ხოლო 1982 წლიდან 1999 წლამდე იყო ამ განყოფილების უცვლელი ხელმძღვანელი. 1982 წელს ჟურნალ "დროშის" მიერ გამოცხადებულ ლიტერატურულ კონკურსში თამარის დოკუმენტურმა მოთხრობამ "ამბავი შალვა ბებერაშვილისა" პირველი პრიზი და  ფულადი პრემია დაიმსახურა, (თამარმა პრემიის მთელი თანხა გადაურიცხა ისრაელის თავდაცვის არმიის ფონდს, "ლიბიტრომს", ვინაიდან აღნიშნული მოთხრობის გმირი შალვა ბებერაშვილი, რომელიც გმირულად დაეცა ტერორისტებთან ბრძოლაში, ისრაელის არმიის ჯარისკაცი იყო). 1987 წელს თელ-ავივში გამოიცა თამარ მამისთვალოვის მოთხრობებისა და ნოველების კრებული "მოლოდინი", რომელმაც მაღალი შეფასება დაიმსახურა მკითხველებისა და სპეციალისტების მხრიდან. დიდი მოთხოვნილების გამო, ეს წიგნი სამჯერ გამოიცა. 1991 წელს სამი თვით იყო მივლინებული საქართველოში ეროვნული მისიით, როგორც მსოფლიო ებრაული სააგენტოს-სოხნუთის წარმომადგენელი. ისრაელში ივრითიდან ქართულად თარგმნა 10-ზე მეტი წიგნი, მათ შორის მსოფლიოში ცნობილი მწერლის ეფრაიმ კიშონის "იუმორისტული მოთხრობები", რომელიც 1995 წელს გამოიცა. თავის ძმასთან, მწერალ აბრამ მამისთვალოვთან და აღმოსავლეთმცოდნე დოქტორ გერშონ ბენ-ორენთან ერთად, ივრითიდან ქართულად თარგმნა მოშეს ხუთწიგნეული "ხამიშა-ხუშმეი თორა", რომელიც ითვლება ორიგინალიდან პირველ ქართულ თარგმანად. თამარ მამისთვალოვი, როგორც ისრაელის მთავრობის პრესბიუროს წარმომადგენელი და ჟურნალისტთა მსოფლიო ფედერაციის წევრი, ამ ფედერაციის წევრ სხვა მცირერიცხოვან ისრაელ კოლეგებთან ერთად, 1994 წლის 26 ოქტომბერს არავაში ესწრებოდა ისრაელსა და იორდანიას შორის საზავო ხელშეკრულების დადების საზეიმო ცერემონიალს. 1998 წლიდან საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის დაფუძნებამდე (2003 წლის 22 იანვარი) თამარ მამისთვალოვი იყო საქართველოდან გამოსულთა საერთაშორისო გაერთიანების გენერალური დირექტორი (თავმჯდომარე შაბთაი ცური), 2002 წელს მისი რედაქტორობით გამოდიოდა ჟურნალი "ციონი", რომლის დამაარსებელი და გამომცემელი იყო საზოგადო მოღვაწე ელი მიხაელი. 1990 წლის ნოემბერში, საქართველოში ებრაელთა დამკვიდრებიდან 2600 წლისთავის ზეიმის დროს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმზე თამარ მამისთვალოვმა წაიკითხა ოთხი ლექცია: "თორის თარგმნის ზოგიერთი მომენტი". 2003 წლის 14-17 ივნისს იგი ოფიციალურ ვიზიტად იმყოფებოდა თბილისში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და მწერალთა ეროვნული კავშირის მიწვევით. 14 ივნისს თბილისის შპს ინტერბიზნესის სამედიცინო ინსტიტუტს საზეიმო ვითარებაში მიენიჭა თამარ მამისთვალოვ-კეზერაშვილის სახელი იმის გამო, რომ მას დიდი წვლილი მიუძღვოდა ამ ინსტიტუტის დაარსების საქმეში. 15 ივნისს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა პრეზენტაცია თამარის მიერ თარგმნილი და ბილინგვური წესით გამოცემული წმიდა წიგნებისა ("შელომო ამელეხის რჩევა-დარიგებანი," "კოჰელეთი," "ნეხემია", "დანიელი"). სხვადასხვა დროს თამარ მამისთვალოვი მიწვეული იყო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე, იგი იყო  საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის ქალთა სექტორის ხელმძღვანელი, კონგრესის გამგეობის წევრი და ჟურნალ "ერთობის" მთავარი რედაქტორი; სიონისტური იდეების განვითარებისა და ისრაელის სახელმწიფოს განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მიღებული აქვს მსოფლიო ებრაული სააგენტოს სოხნუთის მედალი და საპატიო სიგელი (1997). ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. 

წყარო: საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესი: georgianjews.orgთამარ მამისთვალოვი : ჟურნალისტი, მთარგმნელი : ნეკროლოგი // მენორა.-თბილისი,2019.- ნოემბერი, N11.-8;  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.495-496

Member of Organizations

  • ისრაელის მწერალთა კავშირი, წევრი
  • ჟურნალისტთა მსოფლიო ფედერაცია წევრი, წევრი
  • საქართველოდან ამოსულ მწერალთა და ლიტერატორთა კავშირი თავმჯდომარე, თავმჯდომარე
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა კვლევის ასოციაცია , საპატიო წევრი (1993-)
  • სრულიად ისრაელის მწერალთა კავშირების (14 სხვადასხვა ენაზე მოღვაწე მწერალთა კავშირები) ფედერაცია , თავმჯდომარის პირველი მოადგილე
  • ქართველ ებრაელ ქალთა მსოფლიო ასოციაცია , თავმჯდომარე (1998-)

Awards and Honors

  • 2004 - საქართველოს საპატიო მოქალაქე
  • 2002 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
    საქართველოსა და ისრაელის შორის შეტანილი წვლილისათვის
  • 1995 - ივანე მაჩაბლის სახელობის პრემია
    ძმასთან, მწერალ აბრამ მამისთვალოვთან და აღმოსავლეთმცოდნე დოქტორ გერშონ ბენ-ორენთან ერთად, თამარმა ივრითიდან ქართულად თარგმნა მოშეს ხუთწიგნეული "ხამიშა-ხუშმეი თორა", რომელიც ითვლება ორიგინალიდან პირველ ქართულ თარგმანად, ამ თარგმანის მაღალპროფესიულ დონეზე შესრულებისათვის

Bibliography

  • თანახის წიგნები ქეთუბიმიდან : ქართული თარგმანით ებრაულ ტექსტთან ერთად (Translator). - იერუშალაიმი, 2003. - 386გვ.
  • თორა : ქართულ ენაზე ებრაულ ტექსტთან ერთად (Author). - იერუშალაიმი, შუქურა, 1995. - 604გვ.
  • ხუმაში ქართულ ენაზე (Author) // წ. 1, ბერეშით. თელ-ავივი, 1988. 212 გვ.; წ. 2, შემოთ. თელ-ავივი, 1988. 202 გვ.; წ. 3, ვაიკრა. თელ-ავივი, 1989. XV, 132 გვ.; წ. 4, ბემიდბარ. თელ-ავივი, 1989. XVII, 181 გვ.; წ. 5, დებარიმ. თელ-ავივი, 1989. XIX, 152 გვ.. - თელ-ავივი, 1988
  • მოლოდინი : მოთხრობები და ნოველები (Author). - თელ-ავივი, 1987. - 304გვ.
  • საიდუმლო : მოთხრობები (Author). - სოხუმი, ალაშარა, 1973. - 58გვ.

Share: