The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაზა ბენდელიანი

ზაზა ბენდელიანი
სხვა სახელი:ბენდელა
დაბადების თარიღი:25 თებერვალი, 1969
გარდაცვ. თარიღი:2 დეკემბერი, 1992  (23 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:სამხედრო პირი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

გაგრის სპორტულ სკოლაში სწავლობდა ფეხბურთს, სადაც მისი მწვრთნელები იყვნენ გიორგი სიჭინავა და თამაზ კუჭუხიძე. 1980 წელს გაგრის სპორტული სკოლის გუნდმა, სადაც მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე ზაზა ბენდელიანი თამაშობდა, გენერალ კონსტანტინე ლესელიძის სახელობის საკავშირო ტურნირზე პირველი ადგილი აიღო. 1981 წელს ბენდელიანების ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადავიდა და 12 წლის ზაზა მიიღეს მიხეილ მესხის საფეხბურთო სკოლა "ავაზაში", სადაც მისი მწვრთენელი იყო ვილი გოგიჩაძე. 1984 წლიდან ზაზა ბენდელიანი "დინამოს" ფეხბურთელთა სპორტულ სკოლაში გადაიყვანეს. 1986 წელს, თბილისის 61-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტში. 1985-1988 წლებში გახდა საქართველოს ნაკრების წევრი და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრობის კანდიდატი. ამავე წლებში იგი გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ფეხბურთში თვრამეტ წლამდე ასაკში და საკავშირო ჩემპიონატების, "იმედის თასისა" და "სიჭაბუკის" გამარჯვებული მეოთხედ, რისთვისაც მას მიენიჭა სპორტის ოსტატის წოდება. შემდეგომ ქუთაისის "ტორპედოში" გადავიდა ("ტორპედო" მაშინ უმაღლეს ლიგაში თამაშობდა). აფხაზეთში ომი დაიწყო 1992 წლის 14 აგვისტოს და 27 აგვისტოდან ზაზა ბენდელიანი, როგორც რიგითი ჯარისკაცი, უკვე ომში წავიდა. საქართველოს საფეხბურთო საზოგადოების მრავალრიცხოვანი თხოვნის შემდეგ, ის გაანთვისუფლეს სამხედრო მოვალებისგან. 1992 წლის 2 ოქტომბერს გაგრა დაეცა, იმავე დღეს, ისე, რომ არავინ იცოდა, იგი დაბრუნდა ფრონტის წინა ხაზზე. იბრძოდა, როგორც ოცმეთაური სწრაფი რეაგირების კორპუსის პირველი ბრიგადის სპეცდანიშნულების მეოთხე ბატალიონში "თეთრი გიორგი", რომელიც შედიოდა საქართველოს ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში, გენერალ-მაიორ გიორგი ყარყარაშვილის მეთაურობით. 1992 წლის 2 დეკემბერს სოფელ ტამიშის აღებისას, ანუარხუს მთასთან გამართული ბრძოლის დროს, სადაც ბატალიონი "თეთრი გიორგი" ოთხმოცამდე კაცის შემდგენლობით მიდოდა შეტევაზე, რაზმი შეჩერდა მინდვრთან, რომელიც შეიძლებოდა დანაღმული ყოფილიყო და ვეღარ აგრძელებდა შეტევას. ზაზა ბენდელიანი პირველი გავიდა ამ მინდორზე, რომელიც მართლაც დანაღმული აღმოჩნდა. თავად ზაზა ბენდელიანი ნაღმზე აფეთქდა, მაგრამ რაზმის დანარჩენი თანამებრძოლები გადაარჩინა. მიხო მოსულიშვილმა ზაზა ბენდელიანზე დაწერა მხატვრულ-დოკუმენტური წიგნი "ბენდელა, ანუ რაინდი მინდორზე, რაინდი ბრძოლის ველზე". თბილისის 61-ე საშუალო სკოლას დოლიძის ქუჩაზე, რომელშიც ის სწავლობდა, ზაზა ბენდელიანის სახელი ეწოდა. 1994 წლიდან თბილისში არსებობს ზაზა ბენდელიანის ქუჩა, სადაც ის 1970 წლიდან ცხოვრობდა. თბილისში, საბურთალოზე, მიხეილ ასათიანის ქუჩაზე (სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე) არსებობს ზაზა ბენდელიანის სახელობის სტადიონი "ბენდელა". წიგნის "ბენდელა, ანუ რაინდი მინდორზე, რაინდი ბრძოლის ველზე" ავტორმა, მიხო მოსულიშვილმა მინიფეხბურთის ყოველწლიური, ტრადიციული ტურნირისათვის "ბენდელას თასი" (იმართება 1993 წლიდან) დაწერა ჰიმნი, რომელიც ეძღვნება აფხაზეთის ომის გმირს, ოთხგზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონს ფეხბურთში, ზაზა ბენდელიანს. ამ ლექსის მიხედვით კომპოზიტორმა ვაჟა აზარაშვილმა დაწერა სიმღერა "ბენდელა", რომელიც პირველად შეასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამბლმა "უნივერსიტეტმა" რობერტ გოგოლაშვილის ხელმძღვანელობით. ამ ჰიმნის პრემიერა შედგა 2001 წლის 18 დეკემბერს, საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე, გადაცემაში "ჩვენი ფეხბურთი" (წამყვანი არმაზ მეტრეველი). ეს ჰიმნი შესულია ვაჟა აზარაშვილის სიდი ალბომში.

წყარო: ბენდელა ანუ ზაზა ბენდელიანი : რაინდი მინდორზე, რაინდი ბრძოლის ველზე... : ბიოგრაფიული რომანი / მიხო მოსულიშვილი.-თბ.,2010.-243გვ.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1993 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (სიკვდილის შემდეგ)

გააზიარე: