The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ კემულარია

იოსებ კემულარია
დაბადების თარიღი:1880
გარდაცვ. თარიღი:1957  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილის ქართველთა სასაფლაო, პარიზი
კატეგორია:ეკონომისტი

ბიოგრაფია

იოსების მამა, გრიგოლი შეძლებული კაცი იყო. მას კომერციული ნიჭი ჰქონდა, უმაღლესი გილდიის სოვდაგარი იყო, ფლობდა ქარვასლებს და სხვა მრავალ სავაჭრო ობიექტს ბათუმსა და ქუთაისში, უცხოეთიდან საუკეთესო ხარისხის საქონელი შემოჰქონდა და ქველმოქმედებითაც გამოირჩეოდა. გრიგოლის მეუღლე, ნინო (ნინუცა) ნიკოლაძე, მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძის და იყო. ჰყავდათ სამი შვილი – ანეტა, სოფიო და იოსები. სოფიო კემულარია იყო მწერალ ლევან გოთუას დედა. ვაჟის განათლებაზე მშობლები განსაკუთრებით ზრუნავდნენ. ოჯახმა ის ჯერ რუსეთში, შემდეგ კი ბელგიაში, იტალიასა და საფრანგეთში გაგზავნა სასწავლებლად. უმაღლესი ეკონომიკური განათლება იოსებმა მოსკოვის, ლიესა და პარიზის უნივერსიტეტებში მიიღო. გრიგოლსა და ნინოს ჰქონდათ იმის საშუალება, რომ შვილები არაფერში შეეზღუდათ, იქნებოდა ეს სწავლა–განათლება თუ საერთო განვითარება. ხშირად მოგზაურობდნენ, 1889 წელს პარიზში დაესწრნენ ეიფელის კოშკის გახსნას და მსოფლიო გამოფენაშიც მიიღეს მონაწილეობა. ერთ-ერთი მგზავრობის დროს გრიგოლი ტიფით დაავადდა და მალე გარდაიცვალა. იოსებმა მამის საქმიანობა გააგრძელა. იოსებ კემულარია  იყო მუნიციპალური დირექტორი, სავაჭრო სკოლისა და სამუსიკო საზოგადოების დამაარსებელი, წითელი ჯვრის წარმომადგენელი, ქართულ-ფრანგული სავაჭრო პალატისა და დევნილთა დახმარების ორგანიზაციის პრეზიდენტი და სხვა. იოსებ კემულარიას მეუღლე ფრანგი ჰყავდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ იოსებ კემულარიამ ბათუმიდან გემით დატოვა ქვეყანა, ხოლო მისი ფრანგი მეუღლე ევაკუირებული იქნა სხვა ფრანგ მოქალაქეებთან ერთად. ცოლ-ქმარი გარკვეული დროით კონსტანტინოპოლში გაჩერდა, საბოლოოდ კი პარიზში დამკვიდრდნენ. ოჯახის სარჩენად იოსებმა, თავდაპირველად, ტაქსის მძღოლობას მიჰყო ხელი, ვინაიდან მანქანა ჰყავდათ. რამდენიმე წლის შემდეგ ფრანგულ-ეგვიპტურ ნავთობკომპანიაში დაიწყო მუშაობა. ცხოვრება თითქოს აეწყო, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ სამსახურში საფრანგეთის მოქალაქეობის მიღება მოსთხოვეს. იოსებს ჰქონდა ე. წ. ნანსენის პასპორტი, რომელიც ეძლეოდა მოქალაქეობის არმქონე პირებს, ლტოლვილებს. მას არ სურდა საბოლოოდ მოწყვეტოდა სამშობლოს, ამიტომ მოქალაქეობაზე უარი თქვა და სამსახური დატოვა. შემდგომში იოსებ კემულარიამ ბორდოში გახსნა საკუთარი ბანკი და წარმატებული ბანკირი გახდა. დიპლომატისა და საზოგადო მოღვაწის კლოდ დე კემულარიას მამა.

წყარო: ცხოვრება გაშლილი ფრთებით : მემუარები / კლოდ დე კემულარია ; თბ. : ცოტნე, 2010., 392გვ.


გააზიარე: