The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვასილ კარისტი

ვასილ კარისტი
ოფიციალური სახელი:ვასილ ხარისჭირაშვილი
დაბადების თარიღი:1938  (87 წლის)
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მონპელიე, საფრანგეთი.

დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

დაიბადა დავით ხარისჭირაშვილისა და თამარ ჯაველიძის ოჯახში. მამა, ვერმახტის ეფრეიტორი დავით ხარისჭირაშვილი 1942 წლის დეკემბერში სუკ–ის რაზმთან შეტაკებისას, ცაგერის რაიონში დაიღუპა. პარიზის (სორბონის) უნივერსიტეტის წარმატებით დასრულების შემდეგ, ვასილ კარისტმა აქვე მოიპოვა დოქტორის ხარისხი და დაიწყო უაღრესად ნაყოფიერი პედაგოგიური, კვლევითი და შემოქმედებითი მოღვაწეობა. მცირე ხნის შემდეგ იგი მიიწვიეს პარიზის ერთ–ერთ ყველაზე პრესტიჟულ კოლეჯში – "ალზასური სკოლის" სახელით ცნობილ სასწავლებელში, სადაც იგი წლების მანძილზე კითხულობდა ლიტერატურისა და კულტურის ისტორიის კურსს. პარალელურად, ვასილ კარისტი იყო სორბონის უნივერსიტეტის პროფესორი. მისი ლიტერატურული ესეები, ლიტერატურისა და ხელოვნებისადმი მიძღვნილი სტატიები გამოქვეყნებულია საფრანგეთისა და ევროპის ცნობილ გამოცემაში, ასევე იყო პოპულარული ჟურნალ "ფიგაროს" აქტიური თანამშრომელი. ვასილ კარისტის გაკვეთილებმა და საჯარო ლექცია–საუბრებმა არაერთი ევროპელი დააინტერესა საქართველოს ფენომენით, მისი ორგანიზებით ჩატარდა ბონის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ევროპის წამყვანმა ქართველოლოგებმა. ფუნდამენტური მონოგრაფიები მიუძღვნა, როგორც "ვეფხისტყაოსანს", ისე ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებას. 1990 წელს პარიზის გამომცემლობა "Editions du Droit"–ში გამოვიდა ვასილ კარისტის სქელტანიანი რომანი "ითაკა, ანუ მშვენიერი მოგზაურობა" ("Ithaque ou le beau voyage"). ეს წიგნი, რომელიც საქართველოს ეძღვნება და მალე ბესტსელერად იქცა, საქართველოსადმი უდიდესი სიყვარულითა და თაყვანისცემით არის გამსჭვალული. თხზულების მთავარი გმირის, ალფრედის თავგადასავალი ავტორის თავგადასავალია. ახალგაზრდა პროტაგონისტი, ალფრედი-ირაკლი, როგორც ოდისევსი, ისე მოემართება საფრანგეთიდან საქართველოსკენ. რომანში აღწერილია როგორც ადრე დაღუპული მამის ცხოვრება, ასევე ქართული ემიგრაცის უსაზღვრო ნოსტალგიის გრძნობით შეპყრობილი ცხოვრება. რომანს ფართო გამოხმაურება ჰქონდა ფრანგულ პრესაში. პიესებისა და რომანის გარდა, იგი რამდენიმე საბავშვო წიგნის ავტორიცაა.  "ჩიკოღეტი და ღადიდუ ტყეში მიდიან", "ჩიკოღეტის და ღადიდუს ცისარტყელას სტაფილო" ("ლიტერატურული გაზეთი. თბილისი, 2018. 23 თებერვალი - 8 მარტი. N 4. გვ. 12–13".); "გზა აღთქმული ქვეყნისაკენ" : ინტერვიუ / ვასილ კარისტი ("ლიტერატურული საქართველო". თბილისი, 1994. 21 ოქტომბერი. N 42. გვ.4). 2021 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ვასილ კარისტმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გამოუგზავნა რომანი "ითაკა, ანუ მშვენიერი მოგზაურობა" ("Ithaque ou le beau voyage"). არის საფრანგეთის ხელოვნების ორდენის კავალერი. დიდი ქართველი მამულიშვილის პეტრე ხარისჭირაშვილის შთამომავალი.

წყარო: ევროპა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია /ურუშაძე, ლევან.-თბ.,2005. გვ.54-57; ჩიკოღეტი და ღადიდუ : მოთხრობები / ვასილ კარისტი ; თარგმნა მარიამ წიკლაურმა და თამარ ჯაყელმა // ლიტერატურული გაზეთი.-თბილისი, 2018.-23 თებერვალი - 8 მარტი.- N 4.-გვ. 12–13


გააზიარე: