The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეო კედია

თეო კედია
Other name:თეო კედია-ჩიჯავაძე
Date of birth:15 January, 1921
Date of death:July, 2014  (at 93 years)
Burial location:ლევილის ქართველთა სასაფლაო, პარიზი
Category:Musician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

თეო კედიას მშობლები იყვნენ მე-20 საუკუნის გამორჩეული ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებლი, სპირიდონ კედია და სოფიო ჩიჯავაძე, რომელიც სათავეში ედგა თბილისის ქართულ გიმნაზიას. ორი თვისა იყო, როდესაც რუსული ოკუპაციის შედეგად, დაემხო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და მისი მთავრობა ემიგრაციაში გაიხიზნა. სპირიდონ კედია მთავრობასთან ერთად უცხოეთში არ წასულა. იგი სამშობლოში დარჩა და ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მეთაური გახდა. სპრიდონ კედია 1922 წელს დააპატიმრეს, ერთი წელი ციხეში ამყოფეს, შემდეგ კი უცხოეთში გაასახლეს. როგორც სოფიო ჩიჯავაძე-კედია იგონებდა, "თეომ ციხის გზაზე აიდგა ფეხი." დედა-შვილმა საზღვარგარეთ მხოლოდ 1928 წელს გააღწიეს. დიდი წვალებით ჯერ ბერლინში, ხოლო იქიდან პარიზში, სპირიდონთან ჩავიდნენ. სიცოცხლი ბოლომდე სპირიდონ კედიას ერთგულ მეგობრად დარჩა დიდი ქართველი, 1924 წლის აჯანყების ერთ-ერთი მეთაური, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, რომელიც საფრანგეთში კედიების ოჯახსაც ხშირად სტუმრობდა. პატარა თეოს უთქვამს: "მარტო ქაქუცა სამშობლოს ვერ გაანთავისუფლებს, თუ ჯარს შექმნის, მე ამოვუდგები მხარში და ვუშველიო." ამის შემდეგ ქაქუცა თეოს "ბელადის ბელადს" ეძახდა და მისი ნათლიაც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბავშვის მონათვლა ქაქუცას გარდაცვალებამდე ვერ მოხერხდა. თეო გენერალმა გიორგი კვინიტაძემ და მისმა ქალიშვილმა მონათლეს. ნათლობის რიტუალს პარიზის წმინდა ნინოს ქართული ეკლესიის მოძღვარი გრიგოლ ფერაძე ასრულებდა. თეო კედია-ჩიჯავაძე პროფესიით მუსიკოსი იყო. სწავლობდა პარიზის კონსერვატორიაში. მისი მასწავლებლები იყვნენ ცნობილი პროფესორები ლაზარ ლევი და ივ ნატი. თეოს ოჯახი არ შეუქმნია. სპირიდონის სიცოცხლეში ის დედ-მამასთან ერთად სოფელ კლამარში ცხოვრობდა. აქ მდებარეობდა გიორგი მაჩაბლის ცნობილი ფირმის "პრინცი მაჩაბლის" ფრანგული ფილიალი, რომელსაც სათავეში სპირიდონი ედგა. სპირიდონს ამ კომპანიიდან წილი არ არგუნეს და მისი ოჯახი უსახლკაროდაც დარჩა. ცოტა მოგვიანებით დედა-შვილს პარიზის მერიამ მუნიციპალური ბინა გამოუყო, სადაც ქალბატონი თეო სიცოცხლის ბოლომდე  ცხოვრობდა და საქმიანობდა. იგი რუდუნებით უვლიდა და ინახავდა ისტორიულ მემკვიდრეობას - მამის პირად არქივს, რომელიც საქართველოს ახლო წარსულის ძვირფასი პირველწყაროა. "ქალბატონმა თეომ საქართველოს შემოუნახა ძვირფასი ისტორიულ მემკვიდრეობა - სპირიდონ კედიას პირადი არქივი, რომელიც თავისი ხელწერილით 2005 წელს მე ჩამაბარა. მასალის ერთი ნაწილი თბილისში ჩამოვიტანეთ, დავამუშავეთ და წიგნადაც გამოვეცით. არქივის მეორე ნაწილი, რომელიც ქალბატონ თეოს სიცოცხლეში მასთან უნდა დარჩენილიყო, მისივე ანდერძის თანახმად, მე უნდა გადმომეცეს", - წერდა ისტორიკოსი ოთარ ჯანელიძე, რომელსაც ეკუთვნის კვლევა "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიის" შესახებ. თეოს დედამ, ქალბატონმა სოფიო ჩიჯავაძე-კედიამ 106 წელი იცოცხლა. პარიზის მაშინდელმა მერმა ჟაკ შირაკმა იგი ქალაქის უხუცეს მოქალაქედ გამოაცხადა. ქალბატონ სოფიო ჩიჯავაძე-კედიას ეკუთვნის შესანიშნავი წიგნი "ნასმენ-ნახული", სადაც სპირიდონ კედიას მეუღლე მე-20 საუკუნის საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვან ფაქტებზე მოგვითხრობს. თეო კედია გარდაიცვალა პარიზში. ქართული ემიგრაციის წარმომადგენელი, სპირიდონ კედიას და სოფიო ჩიჯავაძე-კედიას შვილი.

წყარო: ახალი პოსტები: old.newposts.ge


Share: