The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პიეტრო დელა ვალე

პიეტრო დელა ვალე
დაბადების თარიღი:11 აპრილი, 1586
გარდაცვ. თარიღი:21 აპრილი, 1652  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:საზოგადო მოღვაწე, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. რომი, იტალია.

იცოდა მრავალი ენა. ეკუთვნოდა რომის ცნობილ არისტოკრატთა გვარს. 1614–1626 წლებში იმოგზაურა აღმოსავლეთის ქვეყნებში (ოსმალეთი, არაბეთი, პალესტინა, ეგვიპტე, ერაყი, სპარსეთი, ინდოეთი), რამდენიმე წელი დაყო შაჰ-აბას I-ის კარზე, სადაც იგი დაუახლოვდა სპარსეთში მცხოვრებ ქართველებს (მათ შორის ქეთევან დედოფალს), ჰქონდა მათთან მიმოწერა, რის საფუძველზეც აღწერა საქართველო და ქართველები. 1626 წლის 28 მარტს პიეტრო დელა ვალე დაბრუნდა რომში და პაპ ურბან VIII-ს წარუდგინა მოხსენება საქართველოს შესახებ (გამოქვეყნდა 1627 წელს). იგი ცდილობდა, ვატიკანის ხელისუფლება დაერწმუნებინა, რომ საქართველო – დამოუკიდებელი და ქრისტიანული სახელმწიფო – სავსებით შესაძლებელი იყო, შემდგომში კათოლიკური ქვეყანა გამხდარიყო, რაც მას სასიკეთოდ მოუბრუნდებოდა. მაგრამ, მისი აზრით, პირველ რიგში საჭირო იყო საქართველოს მძიმე პოლიტიკური მდგომარეობით სათანადო დაინტერესება, უნდა დასრულებულიყო ის დაუშვებელი ინდიფერენტიზმი, რასაც აქამდე იჩენდა მთელი კათოლიკური სამყარო და მისი ციტადელი – ვატიკანი – საქართველოსა და მისი ხალხისადმი. "მოხსენებაში" აღწერილია საქართველოს გეოგრაფია, საზოგადოებრივი წყობილება, საეკლესიო ორგანიზაცია; დახასიათებულია შაჰ-აბასის პოლიტიკა საქართველოს მიმართ. აბას I-ის მიერ მრავალი ათასი ქართველის სპარსეთში იძულებით გადასახლებას იგი "ქართველების დიდ გადასახლებას" უწოდებდა. ავტორი თეიმურაზ I-ის პოლიტიკის დახასიათებისას, მიუთითებს მის რუსულ ორიენტაციაზე და სხვ. მოხსენებაში პიეტრო დელა ვალე გიორგი სააკაძის პიროვნებას წარმოაჩენს, როგორც რენეგატსა და საქართველოს მოღალატეს, წერილის ბოლოს გაკვრით მიანიშნებს იმ უდიდეს პოზიტიურ როლზე, ირანის შაჰის ვერაგული გეგმები საქართველოს მიმართ. პიეტრო დელა ვალეს ცნობით, (1627), ოდიშისა და გურიის სამთავროს ქვეშევრდომები გულთბილად იღებდნენ თავიანთ ქვეყანაში კაზაკებს, რომლებიც დნეპრის შესართავთან ცხოვრობდნენ. თვით პოლონეთის ხელმწიფეს მიმოწერა და მეგობრობა ჰქონდა ქართველ მთავრებთან. "ხშირად ერთი ქვეყნიდან მეორეში სავაჭრო ხომალდები დადიოდნენ. კაზაკები ხშირად მთავრების სავაჭრო გემებს მფარველობდნენ". "მოხსენების" ქართული თარგმანი პირველად 1879 გამოქვეყნდა "ივერიაში".  პიეტრო დელა ვალე საქართველოში კათოლიკური (თეატინელთა) მისიის მოწყობისა და რომში პირველი ბეჭდური ქართული წიგნების გამოცემის ინიციატორი იყო ნიკიფორე ირბახთან (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი) ერთად; აქტიურად მონაწილეობდა ახალგაზრდა ქართველებისათვის რომში კათოლიკური კოლეგიუმის დაარსებაში. მან მეორედ იქორწინა ტყვეობიდან მის მიერ გამოსყიდულ ირანის სამეფო კარზე მყოფ ქართველ ქალზე – თინათინ-მარია ძიბაზე (1618-1622 წლებში პიეტრო დელა ვალე ისპაჰანსა და შირაზში იყო, სადაც იქაურ ქართველებს დაუახლოვდა და ქეთევან დედოფალიც გაიცნო. მან მეორე ცოლად ქართველი ქალი თინათინ ძიბა შეირთო და მას მარიუჩა დაარქვა), რომელთანაც 14 შვილი შეეძინა. 1630 წლის 18 მაისს პიეტრო დელა ვალე პიეტრო ავიტაბილესადმი გაგზავნილ წერილში წერდა "... საქართველო მუდამ ჩემს გულშია. ახლა ჩემი სიყვარული მისადმი უფრო გაძლიერდა. მე ვალში ვარ... ქართველი ხალხის წინაშე. ამ სიყვარულის ნიშნად ჩემს ქალიშვილს დავარქვი რომიბერი (რომი და იბერია), რადგან მსურს ჩვენი ორი ერი მუდამ მჭიდრო კავშირში იყოს ერთმანეთთან...". იტალიელი განმანათლებელი, საზოგადო მოღვაწე, მოგზაური, აღმოსავლეთმცოდნე, ლიტერატორი, თეოლოგი, დიპლომატი, მუსიკათმცოდნე.

წყარო: მოგზაურობა საქართველოში: dmo.gegeorgianencyclopedia.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: