შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფევზი ჩელები![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბოლუ, დუზჯეს პროვინციის გოლიაქას რაიონი. თურქეთელი ქართველი. სწავლობდა გოლიაქას საშუალო სკოლაში, რომელიც 1986 წელს დაამთავრა. იმავე წელს ჩაირიცხა იზმირის ეგეს (ეგეოსის) უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტზე, არქეოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის კათედრაზე, ხელოვნების ისტორიის განყოფილებაზე. დაამთავრა ბაკალავრის ხარისხი ხელოვნების ისტორიკოსის წოდებით პედაგოგიური ფორმირებით. 1992 წლიდან მუშაობდა მასწავლებლად. მან სწავლა გააგრძელა საქარიის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში. 2014 წელს ხელოვნებათმცოდნეობაში დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი, თემაზე - "ქართული ხელოვნება ანიში X-XIII საუკუნეებში". პარალელურად სწავლობდა სტამბოლის უნივერსიტეტში ლიტერატურის ფაკულტეტზე ფილოსოფიის კათედრაზე. 2015-2018 წლებში იყო საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის დოქტორანტი ქართული ენათმეცნიერების მიმართულებით. 2018 წლის 9 ივლისს ამავე უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე - "დუზჯეს მხარეში (თურქეთის რესპუბლიკა) მცხოვრები ქართველების მეტყველების თავისებურებანი" (ხელმძღვანელი - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე). ფ. ჩელები მუშაობს თურქეთში დუზჯეს უნივერსიტეტში, კავკასიური ენებისა და კულტურის განყოფილების ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებაზე; კითხულობს ლექციებს საგნებში: ქართველთა ისტორია, ქართული ხელოვნება და ქართული კულტურა. XX საუკუნის 90-იანი წლებიდან ფევზი ჩელები ჟურნალ "ჩვენებურებში" და სხვა ჟურნალებში სისტემატურად აქვეყნებდა ქართულ სინამდვილესთან დაკავშირებულ მასალებს. არის რამდენიმე მონოგრაფიის, წიგნის თანაავტორი, სტატიის და გამოკვლევის ავტორი, რედაქტორი, სამეცნიერო კომიტეტების წევრი სხვადასხვა აკადემიურ ჟურნალებში. ქართველოლოგი, ხელოვნების ისტორიკოსი. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |