The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ჯაფარიძე

ვლადიმერ ჯაფარიძე
დაბადების თარიღი:14 სექტემბერი, 1914
გარდაცვ. თარიღი:15 სექტემბერი, 2004  (90 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი

დაამთავრა თბილისის კავშირგაბმულობის ელექტროტექნიკური ინსტიტუტი რადიოინჟინრის კვალიფიკაციით 1937 წელს. 

მუშაობა დაიწყო საქართველოს კავშირგაბმულობის სამინისტროს თბილისის რდიოგადამცემ ცენტრში ინჟინრად. ერთი წლის შემდეგ სამუშაოდ გადავიდა თბილისის კავშირგაბმულობის ელექტროტექნიკურ ინსტიტუტში ასისტენტად და სწავლა გააგრძელა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის ასპირანტურაში. იმავდროულად დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, პარალელურად - უცხო ენების ინსტიტუტის სპეციალური კურსები. მუშაობა დაიწყო "საქენერგოს" ცენტრალური კავშირგაბმულობის სამსახურის უფროსად, შემდეგ ტექნიკური განყოფილების უფროსად. 1946 წლიდან იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ზოგადი და თეორული ელექტროტექნიკის კათედრაზე ასისტენტი; 1954 წლიდან - საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ - დოცენტი; 1962 წლიდან ხელმძღვანელობდა მის მიერ ორგანიზებულ რადიოტექნიკის კათედრას. რამდენიმე წლის განმავლობაში შექმნა იმ დროისათვის უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო რადიოტექნიკური ლაბორატორიები. მისი ხელმძღვანელობით მომზადდა მაღალი კვალიფიკაციის ახალგაზრდა სპეციალისტები, როგორც საქართველოს, ისე ყოფილი საბჭოთა კავშირის რადიოტექნიკური საწარმოებისთვის. მის მიერ მომზადებული სახელმძღვანელოები კავშირგაბმულობის დარგის სტუდენტთა, მეცნიერ-მუშაკთა და სპეციალისტთა სამაგიდო წიგნად იქცა. პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად ეწეოდა ინტენსიურ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასაც. მისი სამეცნიერო მიმართულებები წარმოდგენილია 70-მდე სამეცნიერო ნაშრომსა და 2 მონოგრაფიაში. იყო მრავალი საერთაშორისო, საკავშირო და რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორი და მონაწილე. გარდაცვალებამდე ეწეოდა აქტიურ სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას. დაწერა მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო "ელექტრომაგნიტური ველის თეორია". რედაქტორობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების სპეციალიზებული კრებულს "თეორიული რადიოტექნიკა". მისი ხელმძღვანელობით საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის რადიოტექნიკის კათედრაზე მომზადებული და დაცულია არაერთი სამეცნიერო დისერტაცია. საქართველოს რადიოტექნიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1991), პროფესორი.

წყარო: საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.450

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - გიორგი ნიკოლაძის სახელობის მედალი
  • 1997 - ღირსების ორდენი

გააზიარე: