Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არქიმანდრიტი ლაზარე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გაგრა. დაამთავრა მოსკოვის ერთ-ერთი ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი. მოსკოვში სწავლის დროს შეუერთდა მაშინდელ ახალგაზრდულ ჰიპურ მოძრაობას. 1984 წლის 11 მარტს, დიდ მარხვაში, მართლმადიდებლობის ზეიმის დღეს, 24 წლის ასაკში მოინათლა მოსკოვის ილია წინასწარმეტყველის ეკლესიაში (Храм Илии Пророка Обыденного). 1984 წლის 20 მარტს ჩავიდა ბეთანიის მამათა მონასტერში, სადაც დაჰყო 1997 წლამდე. 1986 წელს აღიკვეცა ბერად და უწმიდესის ილია მეორის კურთხევით სახელად ეწოდა ლაზარე. ამავე წლის ლაზარეს შაბათს, ბერ ლაზარეს სიონის საპატრიარქო ტაძარში უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დიაკვნად, ხოლო სულთმოფენობის დღესასწაულზე მღვდლად დაასხა ხელი. 1987 წლიდან მამა ლაზარე დადგენილ იქნა ბეთანიის მონასტრის წინამძღვრად და წინამძღვრობდა 1997 წლის 14 იანვრამდე. 1991 წლის გაზაფხულზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მამა ლაზარე აიყვანა არქიმანდრიტის წოდებაში. მამაო იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც აღადგინა ქართული ხატწერის სკოლა. მისი დაწერილია არაერთი საყოველთაოდ ცნობილი ხატი – სვეტიცხოვლის კანკელის ხატები, სიონში სამი მღვდელთმთავრის: წმიდა გიორგის, თომა მოციქულის და ა.შ. მათ შორის სიონის დიდი ჯვარი ჯვარცმისა და აღდგომის გამოსახულებით და სალიტანიო ჯვარი, რომელიც ახლა სამების საპატრიარქო ტაძარშია დასვენებული. მან მოხატა წმიდა თამარ მეფის ტაძარი ბეთანიაში. ბეთანიის მთავარ ტაძარშიც ბევრი ხატია მის მიერ დაწერილი. მას ეკუთვნის არაერთი სასულიერო ლიტერატურა, როგორც სულიერ-ზნეობრივი, ასევე საღმრთისმეტყველო და პოლემიკური შინაარსის. მისი ნაშრომები გამოცემულია საქართველოში და მის საზღვრებს გარეთაც, ნათარგმნია სერბულ, ბულგარულ და სხვა ენებზე. 1997 წლის მარტში თავის ორ მორჩილთან ერთად გაემგზავრა ათონის წმიდა მთაზე. თვენახევრის შემდეგ იგი დაბრუნდა საქართველოში და 1997 წლის 20 მაისს დასახლდა სოფელ ტაბარუკში, სადაც დააარსა ღმრთისმშობლის შობის სკიტი. 1998 წლის შემოდგომას უფრო განმარტოვებული ცხოვრების მიზნით თავის სულიერ შვილებთან ერთად აირჩია სხვა ადგილი მონაზვნური ცხოვრებისათვის ერთ-ერთ მთაზე სოფელ ტაბარუკთან, სადაც დააარსა ტაბარუკის აღდგომის სახელობის მამათა მონასტერი. მამაომ თავის ხელით ააგო ორი ტაძარი და ორი სენაკი (ეხმარებოდნენ მისი მორჩილები და დროდადრო ბეტონის ჩასხმაში მონასტრის ახლობლები). ამასთან ერთად, მამაო წერდა წიგნებსა და ხატებსაც. 2016 წლის მაისში მამა ლაზარეს დასნეულდა და 2018 წელს გარდაიცვალა. წყარო: ხარება - მართლმადიდებლული ინტერნეტ ჟურნალი: xareba.net; განგაშის ზარი: facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |