The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რუი გონსალეს დე კლავიხო (Clavijo)

რუი გონსალეს დე კლავიხო (Clavijo)
დაბადების თარიღი:13??
გარდაცვ. თარიღი:2 აპრილი, 1412
კატეგორია:დიპლომატი, მწერალი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

მოგზაური, დიპლომატი და მწერალი, კასტილიელი აზნაური, თავისი დროისათვის დიდად განათლებული პოლიტიკური მოღვაწე.

1403 კასტილიის მეფე ენრიკე III-ის (1390–1407) დავალებით ხელმძღვანელობდა ელჩობას თემურლენგთან სამარყანდში. მან ხმელთაშუა და შავი ზღვებით იმოგზაურა ტრაპიზონამდე, გაიარა ერზინჯანი, არზრუმი, ვალაშკერტი და 1404 წელს სამარყანდში ჩავიდა. სამარყანდიდან ელჩობა ანისის, ყარსისა და საქართველოს ოლქების გავლით ტრაპიზონში დაბრუნდა და ზღვით გააგრძელა გზა. მთელი მოგზაურობის განმავლობაში წერდა დღიურებს. მიუხედავად იმისა, რომ მან კავკასიაში მხოლოდ 2–3 კვირა დაყო და მთლიანად არ გასცნობია მას, მაინც შეძლო საინტერესო ცნობებისა და ძვირფასი საორიენტაციო მასალის შეკრება. მის დღიურებში ქართველების დახასიათებაცაა მოცემული: "ქართველები კარგი აგებულების და ლამაზი ხალხია. მათი რელიგია ბერძნულია, ენა კი განსაკუთრებული". მოცემული აქვს ასევე ლაზებით დასახლებული ტრაპიზონის მხარის სამეურნეო დახასიათებაც, რომელიც "ზღვასთან მდებარეობს. დაფარულია მთებითა და ტყეებით; ტყეში ყველა ხეზე გაშვებულია ვაზი, რომლის ნაყოფისაგან აყენებენ ღვინოს. ვაზს არასოდეს არ უვლიან". კლავიხოს აღწერილობანი მოკლებულია ყოველგვარ ფანტასტიკურობას. მის მიერ მოპოვებული ცნობები დასტურდება სხვა წერილობითი წყაროებით, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს ისტორიის ზოგიერთი მომენტის აღსადგენად. მან საყურადღებო ცნობები დაგვიტოვა გიორგი VII-ის თემურლენგთან ბრძოლის პერიოდზე. კლავიხოს ცნობით თემურლენგს სამხრეთ საქართველოზე გამავალ სავაჭრო გზასთან მდებარე მნიშვნელოვანი ციხე თორთუმი აუღია. თემურლენგის გარდაცვალების შემდეგ კი დაპყრობილმა ხალხებმა, მათ შორის, ქართველებმაც, დრო იხელთეს და თავი გაითავისუფლეს. გიორგი VII-მ დაიპყრო ანისი, არზრუმი და თავრიზამდეც კი მიაღწია.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 74


გააზიარე: