Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მამია ბერიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი შუა სურები, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი. 1930 წელს 13 წლის მამია ბერიშვილი ოჯახის წევრებთან ერთად პოლიტიკური რეპრესიების გამო დაიჭირეს და ორი წელი დაპატიმრებული იყო. საშუალო სკოლა თბილისში დაამთავრა ექსტერნად. 1934 წელს ქ. უფის სამედიცინო ინსტიტუტში ჩაირიცხა, ხოლო ორი წლის შემდეგ კი თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში განაგრძო სწავლა. 1941 წელს, სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს ექიმად. სევასტოპოლში ტყვედ ჩავარდა, საიდანაც პოლონეთში, ტყვეთა ბანაკში გადაიყვანეს. ნოე ჟორდანიას დახმარებით 1943 წელს, საფრანგეთში ჩავიდა. ფრანგულ ჯარში მოხალისედ მსახურობდა და ორი წელი ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოდა. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, ემიგრაციაში აგრძელებდა პარტიულ საქმიანობას, თუმცა საქართველოსთან არალეგალური ურთიერთობა 1953 წლამდე არ შეუწყვეტია. ემიგრაციაში წასული მთავრობის დავალებით მალულად გადადიოდა თურქეთ-საბჭოთა კავშირის საზღვარზე და მშობლიურ სურებსა და ჩოხატაურში ჩადიოდა. ტრაგიკული იყო ბერიშვილების ოჯახის ისტორია. მამია ბერიშვილის მამა სამი წელი იყო გადასახლებული; უფროსი ძმა მალაქია კოჯორთან დაიღუპა 1921 წლის თებერვალში, შალვა 1924 წლის აგვისტოს ამბოხების აქტიური მონაწილე საზღვარგარეთ გაიქცა, ორი ათეული წელი დაჰყო ემიგრაციაში, შემდეგ საქართველოში დაბრუნებული გადაასახლეს; ტიტე – მათემატიკის მასწავლებელი ჭიათურაში, გერმანელმა ფაშისტებმა დახვრიტეს ვარშავაში 1939 წელს; 1943 წელს, რუმინეთში ტყვეობაში დაიღუპა კიდევ ერთი ძმა ბიკენტი, მომდევნო და – ნინო 1949 წელს უსასრულო დაკითხვებისა და წამების დროს შემოაკვდათ. მათი დედა-86 წელს მიღწეული მოხუცი მართა რამიშვილი, ნოე რამიშვილის და, ყაზახეთში გადაასახლეს. მამია ბერიშვილი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ლევილში დასახლდა, იგი იყო ლევილის ქართული კერის ასოციაციის თავმჯდომარე. 1959 წლიდან კი საქართველოს სოციალ–დემოკრატიული პარტიის უცხოეთის ბიუროს უცვლელი მდივანი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის არქივის ერთ–ერთი მესვეური, მას ებარა ლევილში დაცული ემიგრანტული ქართული პრესისა და ლიტერატურის მდიდარი კოლექცია. მისი ფრანგი მეუღლე ქრისტიანი, აღწერდა ქართული ასოციაციის ფრანგულ ოქმებს, უვლიდა ლევილის ქართველთა საძმო სასაფლაოს. 1996–1997 წლებში მამია ბერიშვილისა და მასთან ერთად საარქივო კომისიის წევრების – ქართული პოლიტიკური ემიგრაციის წარმომადგენლების – კარლო ინასარიძის, გივი ზალდასტანიშვილის, გიორგი შარაშიძისა და გივი გაბლიანის დახმარებით პარიზიდან და ჰარვარდიდან საქართველოში დაბრუნდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სამთავრობო არქივი. სამშობლოს წინაშე ამ და სხვა დამსახურებისათვის მამია ბერიშვილს მიენიჭა საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება. მამია ბერიშვილი რამდენჯერმე ჩამოვიდა საქართველოში, მონაწილეობდა საარქივო დოკუმენტების გაშიფვრა–აღწერაში. ქართველი პოლიტიკური ემიგრანტი. შალვა ბერიშვილის ძმა, ნოე რამიშვილის დისშვილი. წყარო: მედიასახლი "გურია ნიუსი": gurianews.com; რკინის რიდე : მოგონებები, ჩანაწერები, დოკუმენტები / მამია ბერიშვილი.-თბ.,2019 .-158გვ. Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |