The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კარლ ჰაინრიხ ემილ კოხი

კარლ ჰაინრიხ ემილ კოხი
დაბადების თარიღი:6 ივნისი, 1809
გარდაცვ. თარიღი:25 მაისი, 1879  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ეტერსბურგი (ვაიმარი).

სწავლობდა იენისა და ვიერცბურგის უნივერსიტეტებში. 

1834 წლიდან მუშაობდა იენის უნივერსიტეტში, 1836 წლიდან პროფესორია. 1836–1838წწ. პირველად იმოგზაურა აღმოსავლეთში, რომლის შედეგები გამოაქვეყნა წიგნში "მოგზაურობა რუსეთსა და კავკასიაში" (2 ტომი, შტუდგარტი). მოინახულა კავკასია (სამეგრელოდან ბათუმამდე), სომხეთის ჩრდილოეთი ნაწილი, სპარსეთის ზეგანი და არარატი. II ტომში დაწვრილებით არის აღწერილი საქართველოს სამხრეთის გზა, ქართლის, გურიის, რაჭის, იმერეთის, სამეგრელოსა და ბორჩალოს ფლორა. 1843–1844წწ. ის მეორედ გაემგზავრა აღმოსავლეთში. ეს მოგზაურობა აღწერა წიგნში "მოგზაურობა აღმოსავლეთში" (3 ტომი, ვაიმარი). 1855 წელს მან გამოსცა კრებული "კავკასიის ქვეყნები და სომხეთი", რომელიც შედგება 5 თავისაგან. მასში გაერთიანებულია 5 სხვადასხვა ავტორის თხზულებები. ჩვენთვის საინტერესოა მისი თხზულება "მოგზაურობა რედუტ-კალედან ტრაპიზონამდე (კოლხეთი და ლაზების ქვეყანა)" და "ბრძოლის ველზე გასვლა". პირველი თხზულება შედგება 5 ნაწილისაგან. ის კარგად იცნობდა საქართველოს, მას უძველესი კულტურისა და ისტორიის მქონე ქვეყნად მიიჩნევდა. მისი აზრით, ეს ის ქვეყანაა, რომელიც "კავკასიის და მისი დიდებული მთების ყველა ხალხის არა მხოლოდ ნომინალური, არამედ ფაქტიური მმართველი იყო". დაწვრილებით გვაცნობს ბაგრატიონთა დინასტიის გენეალოგიას და მის ათასწლოვან ისტორიას. დეტალურად მოგვითხრობს გიორგი XII-ის ქვრივ მარიამ დედოფალსა და ი. ლაზარევს შორის მომხდარ ტრაგედიაზე. გადმოსცემს კავკასიის მთავარმართებლების მიერ გატარებულ ცარიზმის პოლიტიკას, დეტალურად აღწერს კავკასიის საომარ ველზე მომხდარ ამბებსაც. აღწერს თითოეულ მხარეს, მის ადგილმდებარეობას, პუნქტებს შორის მანძილს, ბუნებას, მცენარეულ საფარს, კლიმატს, ნიადაგს, მოსახლეობას, მათ წეს-ჩვეულებებს, ყოფას, მეურნეობას და ა. შ. სხვა კუთხეებიდან გამოარჩევს კახეთს და უფრო გაშენებულ, აყვავებულ მხარედ მიაჩნია. მასზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა გურიამაც. მისი თქმით, ეს არის "არაჩვეულებრივად ნაყოფიერი მხარე".  ზღვის სანაპიროზე ყველაზე საიმედო და მნიშვნელოვან ქალაქად ბათუმს თვლის. დაწვრილებით აღგვიწერს მტკვრის დაბლობზე მდებარე გერმანულ კოლონიას, რომელიც მარიენფელდის სახელით იყო ცნობილი. ის საგანგებოდ ჩერდება ტყვეებით ვაჭრობაზე, რომელიც ძველთაგანვე ახალციხის მთავარ ბაზარში იმართებოდა. გერმანელი ბოტანიკოსი, დენდროლოგიის ფუძემდებელი. ცნობილია ბოტანიკური გამოკვლევებით კავკასიის რეგიონსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge


გააზიარე: