The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იზა ჩანტლაძე

იზა ჩანტლაძე
Legal name:იზოლდა ჩანტლაძე
Date of birth:1 December, 1939
Date of death:6 June, 2024  (at 84 years)
Burial location:მუხათგვერდის სასაფლაო, თბილისი
Category:Scientist, Educator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება 1962 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტურა.

1965 წელს მიენიჭა საგანგებო პრემია საკანდიდატო დისერტაციის ვადამდე ადრე დამთავრებისთვის; 1967 წლიდან მუშაობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტში (ჯერ უმცროს, მერე კი უფროს, წამყვან და მთავარ მეცნიერ-თანამშრომლად); პარალელურად სხვადასხვა დროს ლექციებს კითხულობდა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტებში; ბათუმის უნივერსიტეტის რექტორატთან დაარსდა "ქართველი ხალხის ეთნოლინგვისტურ და ანთროპოლოგიურ კვლევათა საერთაშორისო ცენტრი", რომლის ხელმძღვანელი იყო 2005-2008 წლებში; მისი ხელმძღვანელობით, ბათუმში 24 ქვეყნის მეცნიერთა მონაწილეობით ჩატარდა საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომლის მასალები გამოქვეყნდა სამეცნიერო კრებულ "ლინგვოკულტუროლოგიური ძიებანის" ორტომეულში (2011); 2006 წლიდან იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი; გამოქვეყნებული აქვს 350-მდე ნაშრომი, აქედან 15 მონოგრაფია; თავისი მოღვაწეობის საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის მთავარ სამეცნიერო შედეგად მიანჩდა ვარლამ თოფურიას და მაქსიმე ქალდანის ნახევარსაუკუნოვანი ღვაწლის დასრულება "სვანური ლექსიკონის" გამოცემით (2000); 2008 წელს გამოსცა ვარლამ თოფურიას "სვანური ენის სახელმძღვანელო", რომელიც ვ. თოფურიას დაუსრულებელი დარჩა; მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსთაველის ფონდის დაფინანსებით 2007-2010 წლებში შეიქმნა მონუმენტური (836 გვერდიანი) მაღალაკადემიური წიგნის "კოდორული ქრონიკების" პუბლიკაცია. ი. ჩანტლაძემ და მისმა მოწაფეებმა 2008 წლის აგვისტოს ცნობილ სამხედრო ბატალიებამდე კოდორის ხეობაში მუშაობით იქაური მეტყველების ნიმუშები, შეიძლება ითქვას, გადაარჩინეს დაკარგვას, რაც აღნიშნული ნაშრომით დაგვირგვინდა; გარდა ამისა, კოლეგებთან (პროფესორებთან: ალექსანდრე ღლონტთან, ოთარ ქაჯაიასთან და ომარ მემიშიშთან) ერთად შეიქმნა "ქართველურ ენათა მცირე ლექსიკონი" (300 გვ.), რომლის მხოლოდ კომპიუტერული ვარიანტი არსებობს; მეორე კურსიდანვე სისტემატურად კითხულობდა მოხსენებებს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციებზე, როგორც ქართველოლოგიაში, ისე ბიზანტინოლოგიაში; მოხსენებამ "ბერძნიზმები სულხან-საბა ორბელიანის "სიტყვის კონაში", რომელიც წაკითხული იყო მოსკოვის მიხეილ ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ სტუდენტ-ორიენტალისტთა პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე 1960 წელს, დაიმსახურა რექტორის სპეციალური პრემია. იმავე წელს აირჩიეს თბილისის VIII მოწვევის საქალაქო საბჭოს დეპუტატად; შემდგომშიც სისტემატურად მონაწილეობდა როგორც საერთაშორისო (ECLinG), ისე ადგილობრივ სამეცნიერო პროექტებსა და კონფერენციებში სხვადასხვა ქვეყანაში; პროფესორ ჰაინც ფენრიხთან თანაავტორობით ქ. იენაში გამოვიდა საქართველოში ჯერჯერობით შეუსწავლელი გარდამავალი დიალექტის – ჩოლურული სვანური მეტყველების ამსახველი წიგნი "Tscholurswanisch-Deutsches Verbenverzeichnis" (2003); მაინის ფრანკფურტის იოჰან ვოლფგანგ გოეთეს უნივერსიტეტის ემპირიული ლინგვისტიკის ინსტიტუტის დირექტორთან, პროფესორ იოსტ გიპერტთან და დისერტანტებთან ერთად მუშაობდა "ზემოსვანურ მორფემულ ლექსიკონზე"; აღზარდა 17 ასპირანტი, მათ შორის 11 ფილოლოგიის დოქტორი; 1999 წელს ქ. თბილისში დააარსა სკოლა "აკადემოსი" ("კაი ყმა"). არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ძველი სვანური ხალხური სიმღერების ენისა და ცოცხალი მეტყველების შეპირისპირებითი ანალიზი" (მეცნიერხელმძღვანელი აკად. არნოლდ ჩიქობავა, სამეცნიერო კონსულტანტი აკად. ვარლამ თოფურია), დაიცვა 1969 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "სახელთა პარადიგმატული სისტემა სვანურში (დანარჩენ ქართველურ ენებთან მიმართებით)", დაიცვა 1990 წელს.

წყარო: თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი: ice.tsu.ge; გაზეთი "თბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი": gazeti.tsu.ge

Member of Organizations

  • არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო, წევრი (1990-2024)

Awards and Honors

  • 2023 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
    ნაყოფიერი სამეცნიერო მოღვაწეობისთვის
  • 2017 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
    ლინგვისტურ ქართველოლოგიაში მიღწეული წარმატებებისთვის

Bibliography


Share: