Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შიო (არქიმანდრიტი)![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ნაესაკოვო, სენაკის მუნიციპალიტეტი. აღიზარდა მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერთან არსებულ სასწავლებელში. 1902 წელს სიმონ ქვილითაია ბერად აღიკვეცა და ღირსი მამის შიო მღვიმელის საპატივსაცემოდ სახელად შიო ეწოდა. 1903 წლის 21 ნოემბერს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს კი მღვდლად დაასხა ხელი და შიომღვიმის მონასტრის კეთილმოწესედ დაადგინა. 1909 წლის 2 თებერვალს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდე ოქროპირიძემ მარტვილის მონასტერში გადაიყვანა. 1914 წლის 4 იანვარს მოულოდნელად გარდაიცვალა ხობის მონასტრის იღუმენი დიმიტრი (პარკაია), რის შედეგადაც საქართველო-იმერეთის სინოდარული კანტორის 10 მარტის ბრძანებით, მონასტრის წინამძღვრად მღვდელ-მონაზონი შიო დაინიშნა და 29 მაისს იღუმენის წოდება მიენიჭა. იღუმენი შიო დიდ ყურადღებას აქცევდა ქვრივ-ობლებს და გაჭირვებულებს. მონასტერთან არსებულ დაწყებით სკოლაში იგი მოსწავლეებს წერა-კითხვას, წმინდა წერილს, კატეხიზმოს, გალობასა და საეკლესიო ტიპიკონს ასწავლიდა. 1916 წელს ვინმე "ნაბადანალის" ფსევდონიმით მამა შიოს მოღვაწეობის შესახებ გაზეთ "სამშობლოს" ფურცლებზე წერდა: "სოფელ ხობის ძველთა მამათა მონასტერს დღემდე არ მოვლინებია ისეთი წინამძღვარი, როგორიც დღეს არის ეს ჩვენი შრომისმოყვარე შიო. ეს კურთხეული და ცხონებული ბერი, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსის ლეონიდეს მიერ იქმნა გადმოყვანილი ხობის მამათა მონასტერში იღუმენად სოფელ მარტვილის მონასტრიდან 1915 წელს. ბერი ყოვლად პატიოსანი, შრომისა და ოფლის მოყვარე; მას არასოდეს სცალიან, მისი მოცლა და მოსვენება ღვთის წირვა და ლოცვაა, დანარჩენ სხვა დროს იგი ანდომებს მუშაობას: მუდამ ხელში უჭირავს თოხი, ბარი, ნიჩაბი და კირკა, ათასნაირ ნერგს და სხვადასხვა მის მიერ ნამუშევარს ნახავთ მონასტერში. ყოველი მიმავალი მოგვითხრობს მამა შიოს შესახებ. ვუსურვებთ ხანგრძლივ სიცოცხლეს დაუღალავი შრომისთვის". 1917 წლის 3-4 სექტემბერს იღუმენი შიო ხობის მონასტრის საძმოს წევრ, მამა ალექსისთან (მირცხულავა) ერთად ესწრებოდა თბილისში შეკრებილ ბერ-მონაზონთა შეკრებას, სადაც განიხილებოდა საქართველოს მონასტრებში იმ დროს არსებული პრობლემები და სხვადასხვა საკითხები. იღუმენი შიო ასევე ესწრებოდა 1921 წლის 1-5 აგვისტოს გელათში ჩატარებულ მესამე საეკლესიო კრებას, როგორც ჭყონდიდის ეპარქიის დელეგატი, სავარაუდოდ მას 1918 წელს არქიმანდრიტის წოდება მიანიჭეს. არქიმანდრიტ შიოს საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში მოუწია ხობის მონასტრის წინამძღვრობა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დაიწყო ეკლესია-მონასტრების ადმინისტრაციული წესით დახურვა და იქ მყოფი სასულიერო პირების დევნა. ამ დროს საქართველოში დაიკეტა 600-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი. მამა შიოს უკიდურესად რთულ პირობებში უხდებოდა მონასტრის მზრუნველობა და დაცვა. 1922 წლის 10 მარტს მან დახმარებისათვის მიმართა ჭყონდიდელ ეპისკოპოს დავითს (კაჭახიძე): "დღევანდელი მონასტრის მდგომარეობა აუტანელია. კარგად რომ დავაკვირდეთ, საცრემლო მდგომარეობაზეა მიდგომილი. ადგილ-მამული, რომლითაც ის თავს ინახავდა ჩამოხდილია, შემოსავალი წყაროები დახურულია, ქარისგან სახურავი ამძვრალია. თავშიშველი უნუგეშოდ ცას შევყურებ. არა აქვს არავითარი სახსარი, თავი გადაიხუროს და დაიცვას მასთან სიდიადე-სიბრწყინვალე ძვირფას ნახატ-სურათებისა და სხვა განძეულობისა, რომელიც მას აბარია და მით ამაყობს, და თუ ამ მოკლე დროის განმავლობაში არ იქნა დახმარება, ამ ძვირფას მონასტერს უეჭველად მოელის ჩანგრევა და გაფუჭება. ამისთვის უმორჩილესად მოვივლტი თქვენს წინაშე მუხლმოყრილი, აღძრათ შუამდგომლობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინაშე, ასეთი ძვირფასი ძველთა უძველესი მამათა მონასტერი ხობისა, იქნეს მის მხედველობაში და მიეცეს ჯეროვანი დახმარება". 1923 წელს მიღებული დადგენილების საფუძველზე დახურული ეკლესიების მთელი ქონება ადგილობრივი კომიტეტების განკარგულებაში გადავიდა. ზოგიერთი ნაწილი, რომელსაც ისტორიული მნიშვნელობა მიენიჭა, სახალხო განათლების მუზეუმს გადაეცა, დანარჩენი კი მოხმარდა ადგილობრივ გლეხობას. საგაზეთო პუბლიკაციებში ხობის მონასტრის დახურვის შესახებ წერია:"1923 წელს, აპრილის მეორე ნახევრის პირველ დღეებში, ხობის მონასტრის დაკეტვის საკითხის განსახილველად აქ თავი მოუყრიათ ხუთ ირგვლივ მდებარე სოფლის მცხოვრებლებს. შეკრებილთა ნაწილი მომხრე ყოფილა მონასტრის დაკეტვისა, ნაწილი კი - არა. პარტიის წარმომადგენლის "განმარტების" შემდგომ, ხალხს "ერთხმად გადაუწყვეტია" მონასტრის დაკეტვა, რომლის შემდეგ შესდგომიან ხატების ჩამოლაგებას". 1923 წლის 5-6 სიძველეთა დაცვის კომისიამ, გ. ჩუბინიშვილისა და ა. ჭანტურიას შემადგენლობით, ხობის მონასტრის დათვალიერების შემდეგ "მიიღო რა მხედველობაში ხსენებული მონასტრის დიდი ისტორიული მნიშვნელობა მხარის ისტორიისა და კულტურისათვის", საჭიროდ ცნო აღეძრა შუამდგომლობა სიძველეთა დაცვის კომიტეტის წინაშე. შემდგომ წლებში ხობის მონასტერს ჩამოერთვა მთელი ქონება, სახნავ-სათესი მიწები, რამაც ბერებს ყოველგვარი საარსებო წყარო მოუჭრა. ამდენმა შეურაცხყოფამ, დარდმა და ტკივილმა სიცოცხლე მოუსწრაფა მცხოვან არქიმანდრიტს. მცირედი ავადმყოფობის შემდგომ, 1929 წლის 3 მარტს (ძვ. სტილით 20 თებერვალი) იგი გარდაიცვალა. წყარო: გაზეთი "საპატრიარქოს უწყებანი", N8, 23-29 თებერვალი, 2012 წელი; გული ქრისტესთვის განმზადებული / შემდგ.-გამომც. დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე.-თბ., 2007.-43გვ.; საპატრიარქოს უწყებანი.-თბილისი,2012.-23-29 თებერვალი.-N8 (621)
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |