The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ამბროსი კანდელაკი

ამბროსი კანდელაკი
Date of birth:1870
Date of death:February, 1939  (at 69 years)
Category:Educator, Public Man, Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჭოგნარი, იმერეთის გუბერნია (ახლანდელი თერჯოლის მუნიციპალიტეტი).

მღვდელი ამბროსი კანდელაკი მღვდელ ბესარიონ კანდელაკის ოჯახში დაიბადა. მამა ბესარიონი სოფელ ნოღის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოძღვარი იყო. 1887-1893 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. მამა ამბროსი მიეკუთვნებოდა სემინარიელთა იმ ჯგუფს, რომელნიც ილია ჭავჭავაძის იდეებით ანთებულნი ემსახურებოდნენ ქართველი ხალხის განათლებას. სემინარიის დამთავრების შემდეგ ჭოგნარის სამრევლო-საეკლესიო სკოლის მასწავლებლად დაინიშნა, სადაც 1897 წლამდე ასწავლიდა. 1894 წელს იმერეთის ეპისკოპოსმა წმინდა გაბრიელმა (ქიქოძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და ბარსაჯავახოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში განამწესა. 1894 წლიდან 1897 წლამდე გამოჩინებულის ოლქის სამრევლო-საეკლესიო სკოლების მეთვალყურე იყო. 1896 წლის 20 მაისს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1897 წელს მონაწილეობდა რუსეთის იმპერიის მოსახლეობის საყოველთაო აღწერაში, რის გამოც ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა. 1897 წელს სოფელ დაფნარის სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად მიავლინეს, ხოლო 1898 წელს სოფელ ჭოგნარში გადაიყვანეს. 1898-1900 წლებში იყო სასულიერო დეპუტატი, 1899-1900 წლებში ორპირის ოლქის მთავარხუცესი იყო. 1903 წლის 18 მარტს ჭოგნარის სვეტიცხოვლის სახელობის ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1903 წელს სკუფია უბოძეს. 1904 წელს ისევ ბარსაჯავახოს ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. მამა ამბროსის განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ჭოგნარსა და დაფნარში სწავლების დონის ამაღლების საქმეში. შენობის უქონლობის გამო, სკოლა მას თავის სახლში ჰქონდა მოწყობილი. 1905 წელს კი შეაგროვა საჭირო თანხა და ახალი სკოლის შენობა ააგო. 1906 წელს მამა ამბროსი გამოჩინებულის ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ დაუნიშნავთ. 1909 წლიდან მუხაყრუის სამინისტრო სკოლაში საღვთო სჯულს ასწავლიდა, 1910 წელს კამილავკა ეწყალობა. 1910-1912 წლებში გამოჩინებულის ოლქის სკოლების მეთვალყურე იყო. 1911 წელს მისი ინიციატივით ჭოგნარის ერთკომპლექსიანი სკოლა ორკომპლექსიანად გადაკეთდა. 1912 წელს დაასრულა სოფელ დაფნარის ახალი ქვის ეკლესიის მშენებლობა და საზეიმოდ აკურთხა. 1912 წლის სექტემბერში, მისი ძალისხმევით ჭოგნარის ორკომპლექსიანი სკოლა ორკლასიანად გადაკეთდა და 1913 წელს ამ ორკლასიანი სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა. ამ პერიოდშივე შეაგროვა საჭირო თანხა და სკოლას ქვის გალავანი შეამოვლო, რომელიც 1913 წელს იკურთხა. 1914 წელს მამა ამბროსის მიერ ჭოგნარში ჩატარებულ აღმშენებლობით საქმეებზე გაზეთი "ერი" წერდა: "1901 წლისათვის აქ 400 კომლი ცხოვრობდა, მაგრამ სოფელს არც ერთი კულტურული დაწესებულება არ ჰქონდა, გარდა ერთკლასიანი სასწავლებლისა, რომელიც მოთავსებული იყო დაბალ ერთსართულიან ხის სახლში, რომელზეც მიშენებული იყო ხისავე პატარა ოთახი ეკლესიის ღამის დარაჯისათვის. სახლი ყავრით იყო დახურული". 1917 წელს გამართული პირველი საეკლესიო კრების შემდეგ, ეპარქიებში მთავარხუცესთა ახალი არჩევნები ჩატარდა. ქუთათელმა მიტროპოლიტმა ანტონმა (გიორგაძე) მღვდელი ამბროსი გამოჩინებულის ოლქის მთავარხუცესად დანიშნა და ამ პოსტზე იგი 1920 წლამდე დარჩა. კომუნისტური რეჟიმის დამყარების შემდეგ, მძიმე დღეები დაუდგა ეკლესიასა და სამღვდელოებას. ტაძართა ნგრევა და ღვთისმსახურთა დახვრეტა გასამართლების გარეშე ხდებოდა. გამონაკლისი არც მამა ამბროსი იყო, 1921 წელს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ღვთისმსახურება აუკრძალა და ბარსაჯავახოს ტაძარი დაანგრია. მიუხედავად ამისა, მოძღვარი მაინც განაგრძობდა ქადაგებას. დევნილი მოძღვარი გარდაიცვალა 1939 წლის 21 მარტში და დაკრძალულია სოფელ ბარსაჯავახოს სასაფლაოზე. აღმსარებელი.

წყარო: მღვდელი ამბროსი კანდელაკი : 1870-1939 / მოამზადა გოგიტა (გალაქტიონ) გიორგაძემ // საპატრიარქოს უწყებანი.-თბ.,2007.-7-13 ივნისი, 19(419).-გვ.19-20; მართლმადიდებლური ჟურნალი "კარიბჭე": karibche.ambebi.ge; სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლის ისტორიისათვის / მაია ლორია, თამუნა ქორიძე // სამტრედიის მატიანე.-თბილისი, 2022.-N6.-გვ.122-138

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილება, ნამდვილი წევრი (1911-)

Share: