შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა ჯაფარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ონი. დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია - ფილოლოგიის ფაკულტეტი. სტუდენტობის პერიოდში ინსტიტუტის სცენაზე დადგა ათზე მეტი სპექტაკლი და თითქმის ყველა მათგანში მთავარი როლი შეასრულა; შემდგომ ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის წევრი გახდა; 1965 წელს დაინიშნა ქ. ონის კულტუტრის განყოფილების ხელმძღვანელად; პირველად რაიონის ისტორიაში შექმნა საავადმყოფოს, ფაბრიკის, კულტურის მუშაკების მომღერალთა გუნდები, დააარსა ანსამბლი "ბიჭუნეები" და გუდასტვირის შემსწავლელი წრე; მიგრირებულ სოფლებში შემორჩენილ მცირერიცხოვან მოსახლეთათვის გახსნა კულტურის კერები: სამყოფელი გამოუცვალა სამუსიკო სკოლას, მხარეთმცოდნეობის მუზეუმს; კულტურის და დასვენების პარკთან შექმნა დრამატული წრე, რომელიც საზაფხულო საძოვრებზე მყოფ მეცხოველეებს უწევდა მომსახურეობას, სწორედ ამ დრამატულ წრეში საქართველოში პირველად დაიდგა ნაწყვეტი ჟურნალ მნათობში გამოქვეყნებული დაუმთავრებელი "თეთრი ბაირაღებიდან"; ჩამოაყალიბა კინომოყვარულთა გაერთიანება "ეკრანი", რომელიც რეგულარურად აწყობდა ახალი ფილმების განხილვას; მისი ძალისხმევით გაიხსნა საქალაქო ბიბლიოთეკა, უჩა ჯაფარიძის თანადგომით დააარსა ონის სამხატვრო სკოლა, აღადგინა სასულე ორკესტრი; კულტურის მუშაკებისთვის შემოიღო საჩვენებელი ღონისძიებები და წამახალისებელი ჯილდოები; ჩამოაყალიბა კულტურის სახალხო უნივერსიტეტი, სადაც ლექციებს მოწვეული კვალიფიცირებული სპეციალისტები კითხულობდნენ; ხშირად იწვევდა ცნობილ მეცნიერებს და ხელოვნების მოღვაწეებს; სამუსიკო სკოლაში მან ტრადიციად აქცია მუსიკალური კვირეულები, ატარებდა დრამატული წრეების, ინდივიდუალური შემსრულებლების ვოკალური ჯგუფების, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების ადგილობრივ დათვალიერებებს; საკუთარი სცენარით განახორციელა მრავალი დღესასწაული და საზეიმო ღონისძიება; აწყობდა ინდივიდუალურ ექსპედიციებს რაჭის სოფლებში, დაჟინებით მოითხოვდა ადგილობრივ დათვალიერებებზე სოფლებიდან მოუსმენელი და დაუწერელი სიმღერები ჩამოეტანათ და მერე როცა თავისი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი ჩამოაყალიბა, რეპერტუარის უდიდესი ნაწილი სწორედ რაჭულ, საფერხულო და სუფრულ სიმღერებს უძღვნა; 1965 წლიდან ანსამბლი სტაბილური ხდება, მას შ. ჯაფარიძემ "ბუბა" უწოდა; 1987 წელს ანსამბლმა "ბუბამ" ანზორ ერქომაიშვილის ინიციატივით ფირმა "მელოდიაში" რაჭული სიმღერები ჩაწერა, რის შედეგადაც სამგზის გამოიცა ფირფიტა; 1988 წელს შ. ჯაფარიძის სცენარის მიხედვით საქართველოს ტელეფილმების სტუდიამ გადაიღო დოკუმენტური ფილმი "მაღლა მთას მოდგა", რომელიც საერთაშორისო ფესტივალზე "რადუგა" დაჯილდოვდა ჟიურის სპეციალური პრიზით - "ხალხური ფოლკლორის საინტერესო და ორიგინალური ფორმით წარმოჩენისათვის"; ჩამოაყალიბა უმცროსი ასაკის ბიჭებისაგან შემდგარი ანსამბლი, რომელსაც "ბიჭუნეები" უწოდა; ანსამბლი "ბიჭუნეები" ფესტივალების მრავალგზის ლაურიატი გახდა; დიდი წვლილი მიუძღვის რაჭული საშობაო საგალობლის "ალილოს" გადარჩენის ისტორიაში, რომელიც ქართული მუსიკალური ფოლკლორის გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს; მისი ხელმძღვანელობით "ლოტბართა სკოლის" 10-მა აღზრდილმა მსოფლიო მუსიკალური ფოლკლორის პირველ საერთაშორისო სიმპოზიუმზე დიდი წარმატება მოიპოვა; 2003-2004 წლებში კი საერთაშორისო ფესტივალის "ოქროს საწმისი" - ლაურიატი ხდება; მას არაერთგზის უსწავლებია რაჭული სიმღერები საქართველოს ცნობილი და გამორჩეული შემსრულებლებისა და ანსამბლებისთვის. ბოლო წლებში იგი ქვეყნის საზღვრებს გარეთაც მიიწვიეს, როგორც რაჭული სიმღერის ოსტატი; უკრავდა გუდასტვირზე, ბევრჯელ მიულოცავს ახალი წელი ქვეყნისთვის, ზემო რაჭიდან წამოსულმა "მესტვირულმა" მრავალ საკონცერტო დარბაზში გაიჟღერა; მისი დამსახურებაა, რომ დღეს ასე პოპულარულია რაჭული საფერხულო ცეკვა და სიმღერა; 1997 წელს უჩნდება იდეა, შექმნას კომპოზიცია, სადაც ქართული სიტყვა, როკვა დ სიმღერა სრულიად საქართველოს სახეს წარმოაჩენს. მან თავად დაწერა სცენარი, ტექსტი, შექმნა ნახაზი და შედეგად მივიღეთ საოცარი სანახაობა, რომელმაც ხელოვანთა უდიდესი შეფასებები მოიპოვა; იყო თვითნასწავლი მხატვარი; მის მიერაა შესრულებული სასტუმრო "რაჭის" სიმბოლო, მანვე საკუთარი სურვილით სოფელ ღარს და ღარველებს აჩუქა მხატვრული ტილო "სჯვარეობა", სორელებს კი "ფუძეობა", მის ფუნჯს ეკუთვნის არაერთი საინტერესო ტილო, რომლებიც მის საოჯახო არქივში ინახება; 1994 წელს ანსამბლმა "რაჭამ" მისი ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკში, ნიდერრაინის მხარეში გამართულ ქართული კულტურის დღეებში. მან შემოქმედებითი კავშირი დაამყარა ორგანიზაცია "მელხიორსგრუნდთან" და შეიქმნა ქართულ-გერმანული სპექტაკლი - "კავკასიური ცარცის წრე", სადაც საოცარი ჰარმონიით ერთმანეთს შეერწყა ბრეხტის სიბრძნე, ქართული ფოლკლორი, ქართველ და გერმანელ მსახიობთა განსაკუთრებული ოსტატობა. ორგზის საკავშირო და რესპუბლიკური ფესტივალების ლაურიატი, მრავალრიცხოვანი მედლების მფლობელი, ფოლკლორისტი და მესტვირე, პირველი კატეგორიის ლოტბარი. წყარო: ონის მუნიციპალიტეტის მერია: facebook.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |