The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ბეთანელი

მიხეილ ბეთანელი
დაბადების თარიღი:1881
გარდაცვ. თარიღი:1942  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე.

იგი განსაკუთრებით დაინტერესდა კანისა და ვენერული სნეულებების შესწავლით. ამ მიზნით სტუდენტობის პერიოდში პარალელურად დაიწყო მუშაობა სუბასისტენტად ხარკოვის კანისა და ვენერიულ სნეულებათა კლინიკებში. 1907 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, დაბრუნდა ქუთაისში და შეუდგა პრაქტიკულ საქმიანობას - გახდა კანისა და ვენერიულ სნეულებათა მკურნალობის მესვეური ქუთაისსა და მთელ დასავლეთ საქართველოში. 1912 წელს მან ექიმებთან ვ. ჭოღოშვილსა და გ. ნადირაძესთან ერთად დააარსა "ქუთაისის ექიმ სპეციალისტთა პირველი საავადმყოფო", სადაც მასთან ერთად მუშაობდნენ ქალაქის საუკეთესო სპეციალისტები. საავადმყოფომ იარსება 1921 წლამდე. 1920-იანი წლებიდან ის ქალაქის N1 საავადმყოფოში დანიშნეს კანისა და ვენსნეულებათა განყოფილების გამგედ. მან პირველმა დაიწყო ქუთაისში ახალი პრეპარატით "სალვარსანით" მკურნალობა. 1925 წელს საქართველოს ექიმთა მესამე კონგრესზე წაიკითხა საინტერესო მოხსენება, რომელიც ეხებოდა საშარდე მილის დაზიანებული ადგილების გამოცნობის ახალ ე. წ. ქიმიოგრაფიულ მეთოდს. 1923-1924წწ. მან  საავადმყოფოში პრაქტიკულ მუშაობაზე დაკვირვებით სრულიად დამოუკიდებლად შეიმუშავა ზემოაღნიშნული მეთოდი და მოხსენების სახით გააცნო ჯერ (1924) ქუთაისის ექიმთა საზოგადოებას, 1925 წლის ყრილობაზე კი მეცნიერთა და პრაქტიკოს ექიმთათან დასწრებით მოახდინა მისი საჯარო დემონსტრაცია ავადმყოფებზე. კონგრესის მონაწილენი ერთხმად აღიარებდნენ, რომ იმ დროისათვის ეს ახალი სადიაგნოსტიკო-ქიმიოგრაფიული მეთოდი აქამდე არ ყოფილა აღწერილი საბჭოთა და უცხოეთის სამედიცინო ლიტერატურაში. ამდენად, მიზანშეწონილად მიიჩნიეს მ. ბეთანელის მოხსენების გამოქვეყნება უცხოეთშიც. მიხეილ ბეთანელმა ასევე სამედიცინო დარგში დაამკვიდრა ტერმინი "ქიმიოგრაფია". ცნობილია, რომ მიხეილი და მისი ძმა სტეფანე სააფთიაქო საქმიანობითაც ყოფილან დაინტერესებული. მიხეილის მიერ შემუშავებული რამდენიმე წამლის რეცეპტით ძმები თვითონვე ამზადებდნენ წამლებს ხსნარისა და მალამოების სახით (წამლისთვის საჭირო მასალა უცხოეთიდან ჩამოჰქონდათ). მიხეილს თავის დარგში ჰქონია გამოგონებაც - სამედიცინო მოწყობილობა ირიგატორი, რომელსაც მოგვიანებით მისი თბილისელი კოლეგებიც იყენებდნენ. საქართველოში პირველი ექიმი ვენეროლოგი. სტეფანე ბეთნელის და ელენე ბეთანელის ძმა.

წყარო: ქართველი კათოლიკე ექიმები, ნაწ.1. -თბ., 2024. -გვ.141-144


გააზიარე: