The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ლომიტაშვილი

დავით ლომიტაშვილი
დაბადების თარიღი:9 დეკემბერი, 1957  (68 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქარელი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

არქეოლოგიისადმი ინტერესი ჯერ კიდევ სტუდენტობისას გამოიჩინა. 1978-1980წწ. იყო ბიჭვინთის არქეოლოგიური ექსპედიციის წევრი. 1981-2002წწ. მონაწილეობდა სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევის არქეოლოგიურ ექსპედიციაში. 2002-2013წწ. ხელმძღვანელობდა საერთაშორისო პროექტს, რომლის შესაბამისადაც პირველად დანერგა საქართველოში სრულიად განსხვავებული, თანამედროვე ევროსტანდარტების შესაბამისი გათხრების ბრიტანული მეთოდიკა. მან ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში გაიარა ქაიროს უნივერსიტეტის არქეოლოგიის ფაკულტეტის საველე არქეოლოგიის სწავლების, მუზეოლოგიის, კონსერვაციისა და გათხრების ტრეინინგული პროგრამა; ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების ხელოვნებისა და კულტურის ფონდში, ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში – ხელოვნების მენეჯმენტი. ეწევა სამეცნიერო და ადმინისტრაციულ საქმიანობას: ინტენსიურად მონაწილეობს ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სხვადასხვა ტიპის სამუშაოებში - იქნება ეს მონიტორინგი, კონსერვაცია, რეაბილიტაცია თუ არქეოლოგიური გათხრები; სსიპ "საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს" გენერალური დირექტორის მოადგილეა და ისეთ მიმართულებას კურირებს, როგორიცაა არქეოლოგიური კვლევა-ძიებანი საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ; საქართველოს ეროვნული და ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმების უფროსი მეცნიერი თანამშრომელია. ამ უწყებაში 1981 წლიდან მუშაობს და 1994-2006 წლებში დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა სამეცნიერო ექსპოზიციის დარგში. 2011 წლიდან ვინჩესტერის (დიდი ბრიტანეთი) უნივერსიტეტის პროფესორია. 1992-1998წწ. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თსუ-ს ახალციხის ფილიალში. 1990 წლიდან მისი ხელმძღვანელობით შესრულებული და დაცულია ათობით საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომი. 140-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მონოგრაფიის, სახელმძღვანელოს და წიგნის ავტორია. მის საქმიანობაში ცალკე უნდა გამოიყოს რამდენიმე პროექტში აქტიური მონაწილეობა, კერძოდ: სენაკის მუნიციპალიტეტში სახვადასხვა ძეგლზე შესრულებული პასპორტებისა და არქეოლოგიური დაცვის ზონების პროექტების ხელმძღვანელობა; კულტურული მემკვიდრეობის მართვის ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით განხორციელებული პროექტის ექსპერტობა; 2006-2008წწ. საქართველო-შვეიცარიის ერთობლივი სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელობა; საქართველო-ნორვეგიის (რიკსანტიკვარენის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატი) პროექტის ფარგლებში ნოქალაქევის მენეჯმენტ-გეგმის შექმნაში მთავარი როლის შესრულება. ამ პროექტის განხორციელება ნაქალაქარისთვის მრავალმილიონიანი დაფინანსების მოძიების საფუძველი გახდა. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. 1990 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე – "ცენტრალური ეგრისი ახ. წ, IV-VI საუკუნეებში"; 2004 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე – "ცენტრალური კოლხეთი ძვ. წ. VIII-ახ. წ. VI საუკუნეებში" (ციხეგოჯი – არქეოპოლისი – ნოქალაქევი). 

წყარო: სენაკის საპატიო მოქალაქეები / ანზორ ცაგურია, ვაჟა დანელია/. - სენაკი, 2020. -გვ. 151-153

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • სენაკის საპატიო მოქალაქე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: